ინტერვიუ ''დელტა დისტრიბუშენი'' - ს გაყიდვების დირექტორთან


ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი, შპს „დელტა დისტრიბუშენი“-ს გაყიდვების დირექტორი, გიორგი მომცელიძეა. გაყიდვების სფეროში მან საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწია. იგი გაგვიზიარებს თავისი წარმატების ისტორიას, მისი რჩევები კი ყველა მონდომებულ ადამიანს დაეხმარება. 


როგორია თქვენი წარმატების ფორმულა?
ჩემი წარმატების საიდუმლო მდგომარეობს თავდაუზოგავ შრომაში. ჯერ კიდევ პატარა ვიყავი, როცა მიზნებს ვისახავდი და ვაღწევდი. დღესაც, ყოველღიურად ვფიქრობ, თუ როგორ გადავაადგილდე წინ. იცით? ფიქრი ძალიან მაგარი რამ არის, როდესაც ბევრს ვფიქრობ რაღაც უხილავი ძალა გიბიძგებს მოქმედებისკენ. ბევრი რამ შემიძლია დავასახელო წარმატების იარაღად, მაგრამ ერთ-ერთი მთვარი არის განვითარება. განვითარებაში ვგულისხმობ ცოდნის მუდმივად მიღებას, უნარებისა და თვისებების გამომუშავებას, საკუთარ თავთან გამუდმებით მუშაობას. ხშირად დაუსვით საკუთარ თავს ეს კითხვები: რატომ? როგორ? როდის? და ეძიეთ ამ კითხვების პასუხი, სწორედ ამ კითხვების უკან იმალება წარმატება. ადამიანმა ყოველდღე უნდა გადადგას, თუნდაც ერთი ნაბიჯი დასახული მიზნებისკენ. ასევე, მინდა გავამახვილო ყურადღება წიგნის სიყვარულზე. დღეში ერთი საათი დაუთმეთ წიგნის კითხვას, არ აქვს მნიშვნელობა, თუ რა ჟანრს წაიკითხავთ, მთავარია, გინდოდეთ და იკითხეთ ყოველდღე. ეს ყველაფერი გაგიკაფავთ გზას წარმატებისკენ და განვითარებიკენ.

თქვენ, რომ ახლა იწყებდეთ პროფესიულ, კარიერულ და პიროვნულ განვითარებას, რას შეცვლიდით თქვენ მიერ ცხოვრებისეულ განვლილ გზაში?
სამწუხაროდ, ჩემი პროფესიით უმაღლესი არ მაქვს დამთავრებული და პირველ რიგში, მივიღებდი პროფესიულ განათლებას. ძალიან ბევრს წავიკითხავდი ჩემი საქმიანობის სფეროს შესახებ, უფრო მეტს ვიშრომებდი.

თქვენი აზრით, რა არ უნდა გავაკეთოთ ცხოვრებაში?
ალბათ ის, რისი გაკეთებაც არ გვინდა, რასაც ძალით ვაკეთებთ. მთავარი მაინც ის არის, რომ სხვების უბედურებაზე ბედნიერება არ უნდა ავაწყოთ. მოკლედ, ბოროტები და შურიანები არ უნდა ვიყოთ. ყოველთვის ისე უნდა მოვექცეთ სხვებს, როგორც ჩვენ გვინდა, რომ მოგვექცნენ.

როგორც თქვენი თანამშრომლები აღნიშნავენ, საკმაოდ  მშვიდი და გაწონასწორებული ხასიათი  გაქვთ, როგორ  ახერხებთ  ამას?
მშვიდი და გაწონასწორებული ხასიათი გენეტიკურად მომდევს, სანამ რაიმე გადაწყვეტილებას მივიღებ ბევრს ვფიქრობ და გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ვმშვიდდები. აქაც ჩემი კუთხურობა, რაჭველობა მეხმარება, თუმცა ყოველთვის სიმშვიდით არ გამოვირჩევი, ხანდახან ვბრაზდები, ალბათ საჭიროც არის ხოლმე.

დაგვისახელეთ თქვენ მიერ შეძენილი თვისებები, რომლებიც დაგეხმარნენ წარმატების მიღწევაში.
ზოგადად, შევიძინე ბევრი თვისება, რომელიც დამეხმარა წარმატების მიღწევაში, მაგრამ მათ შორის გამოვყოფდი: კომუნიკაბელურობას, დროის ეფექტურად გათვლა/გამოყენებას და რაც მთავარია მართვის უნარს.

თქვენი აზრით, როგორი უნდა იყოს ლიდერი?
ლიდერი უნდა იყოს: მიზანდასახული, პუნქტუალური, უნდა შეეძლოს სწორი დელეგირება და საქმის გადანაწილება, ასევე უნდა ნერგავდეს ინოვაციებს, სიახლეებს, საინტერესო პიროვნება უნდა იყოს სხვებისთვის, მასთან ურთიერთობით ადამიანები უნდა იღებდნენ  სიამოვნებას. ლიდერი უნდა იყოს მაგალითი სხვებისთვის და დასაყრდენი ძალა, იმედი.
 

| გააზიარე
მოგწონთ?