რატომ არ უნდა გავყიდოთ ბიზნეს იდეები


როგორ გავყიდოთ კარგი ბიზნეს იდეა? ამ თემაზე უამრავი სტატია წამიკითხავს, მაგრამ ყოველთვის მიჩნდებოდა კითხვა: თუ გვაქვს კარგი ბიზნეს იდეა, რატომ უნდა გავყიდოთ? რატომღაც ჩვენ ხშირად ვამბობთ ''ბიზნესი ჩემი საქმე არ არის'', თუ ჩვენი არა მაშინ ვისი ''საქმეა''? მისი ვინც კრეატიული, მოხერხებული, განათლებული და მოკლედ ნამდვილი ლიდერია? მაშინ გახდით ასეთი.

თუ თქვენ გაქვთ ბიზნეს იდეა და დარწმუნებული ხართ, რომ ამ იდეის განხორციელება სავსებით რეალურია კარგი ბიზნესმენის ხელში, მაშინ ასეთი ადამიანის მოძებნა კი არა შექმნა უნდა დაიწყოთ. უბრალოდ გახდით ეგოისტი და არავის დაუთმოთ თქვენი გენიალური იდეა.

მოგიწევთ ბევრის სწავლა მცირე დროში, ამიტომ სჯობს სხვა ადამიანების მაგალითებზე ისწავლოთ. მოიძიეთ ინფორმაცია თუნდაც მსგავსი ბიზინესის შესახებ, შეისწავლეთ მართვის ძირითადი საკითხები თანამედროვე საშუალებებით, რადგან მოძველებულ მეთოდებზე დროს ვერ დაკარგავთ, მოძებნეთ წარმატებული ადამიანები, იარეთ ისეთ ადგილებში, სადაც მათ გაცნობას შეძლებთ და როდესაც შეხვდებით, ეცადეთ რაც შეიძლება მეტი ისწავლოთ მათგან.

ცოდნის გარდა ჩამოწერეთ ყველა ის თვისება, რაც ბიზნესის მართვისას აუცილებელია. გაითვალისწინეთ თქვენი იდეის სპეციფიკაც. შემდეგ გააანალიზეთ რა თვისებები გაქვთ და რა არა.  დაიწყეთ არარსებულ თვისებებზე მუშაობა. გახსოვდეთ, რაღაც თვისებები დაბადებიდან გვაქვს, დანარჩენი კი თავად უნდა შევიძინოთ.

ბიზნესი არ არის მხოლოდ ბუღალტერია, გადასახადები და ოფიციალური ტანსაცმელი. ყველაფრის გაკეთება თავად არ მოგიწევთ. შემოიკრიბეთ თქვენს გარშემო საჭირო ადამინები, რომლებიც სხვადასხვა საქმეში იქნებიან კომპეტენტურები. ასე თქვენ საშუალება გექნებათ მთელ მექანიზმს ერთიანად შეხედოთ, მაგრამ ამ მექანიზმის მთავარი რგოლი თქვენ და თქვენი იდეა უნდა იყოთ.

კიდევ ერთხელ დაფიქრდით ნამდველად გჯერათ თქვენი იდეის? თუ პასუხი დადებითია ნუღარ იფიქრებთ ბევრს, შეხედეთ თქვენს ახალ ბიზნეს როგორც ცოცხალ ორგანიზმს, რომელსაც სიცოცხლისთვის ყურადღება და მხარდაჭერა სჭირდება. ეს არ იქნება მარტივი, მაგრამ არც შეუძლებელი.


ფიქრია ექვთიმიშვილი

| გააზიარე
მოგწონთ?