გამბედაობის ალტერნატიული ისტორია, ანუ ცხოვრება შიშის შიშში


შენ ფიქრობ, რომ წარმატების მიღწევისთვის მხოლოდ სურვილი არ კმარა და აუცილებელია ოქრო-ვერცხლით მოჭედილი სასახლიდან გარდმოსული ქალ-ვაჟი იყო?! მაშინ რას იტყვი, პატარა ფშავში დაბადებულ დიდ კაცზე,  საჭმელი რომ არ ქონდა და დღეს მისი შემოქმედებით ვიკმაყოფილებთ საზოგადო სულიერ შიმშილს?! ნიკოზე რას იტყვი, რამდენი ოჯახი დახატა, უსახლკარო და უქონელმა შემოქმედმა?! გალაკტიონზე რას იტყვი, რომლის ნიჭიერებაც მხოლოდ მისმა პატარა ხის ერთფანჯრიანმა ოთახმა კიარა დედამიწამ ვერ დაიტია?! თანამედროვე მაგალითები გჭირდება?! ცოტა ვარსკვლავი გინახავს უსახლკარო, უმანქანო, უყველაფრო, რომ იკიდებს ფეხს და თანაც ისე მყარად, რომ მის ამოძირკვას კაცთაგანი, კიარა მისი უდიდებულესობა დროც კი ვერ ახერხებს?! მაშინ რას უცდი?! გაბედე! სწორედ გამბედაობამ შვა ყველა დროის საუკეთესო ბიოგრაფიები, რეალიზაცია გაუკეთა პატარა საზოგადოებაში ჩაკირულ,  დიდი ადამიანების,  დიდ იდეებს და მოგვცა უთვალავ ფერებში გახვეული სამყარო. ახლა 5 წუთით წარმოვიდგინოთ გამბედაობის ალტერნატიული ისტორიით შექმნილი დღევანდელობა, ანუ სამყარო სადაც დედამიწა ისევ ბრტყელი გვგონია, რადგან ჯორდანო ბრუნომ ვერ გაამხილა თავისი დაკვირვებანი, ვაითუ კოცონზე დამწვანო, მთვარე ისევ ღვთიური სანათი გვგონია, რადგან ნილ არმსტრონგმა ,,ამ უცნაურობაზე’’ გაფრენა გადაიფიქრა, ოსმალეთი განაგრძობს დაპყრობებს და ლამის ყველა კონტინენტი მოიცვა, ამერიკაში ისევ ყვავის მონობა, აბა ვინ წავა არსებული კანონების წინააღმდეგ, საქართველო ისევ იმპერიის შემადგენლობაშია, რადგან ხალხი ვერ ბედავს ამხელა რეჟიმთან შეწინააღმდეგებას.  ბნელი 90-იანები გვიდგას, პერპექტივაში კი 2090-იც ასეთივე ბნელი იქნება და საერთოდ სიბნელეში ვიცხოვრებთ, მანამ სანამ ვინმე არ გაბედავს სანთლის ანთებას. დიახ სწორედ ეს იქნებოდა გამბედაობის ალტერნატიული ისტორია, მანამ სანამ ვინმე არ გაბედავდა. ერთი სიტყვით, რაც კაცს ვერა უქმნია, გამბედაობას უშენებია. გამბედაობა არც ფული ღირს და არც განსაკუთრებულ ნიჭიერებას მოითხოვს, საკმარისია მხოლოდ სურვილი იმისა, რომ რაღაც შეცვალო, შენს და სხვის ცხოვრებაში. იდეები ყოველთვის იარსებებს, ახლაც შენს თავში რამდენი განუხორციელებელი იდეა ტრიალებს იმის გამო, რომ შეგეშინდა, ვაითუ დაეცინე, ვაითუ გაეკიცხე, ვაითუ დამარცხებულიყავი, სწორედ ეს შიში გაბრკოლებს და ხშირად არამხოლოდ ეს, არამედ შიშის შიშია დამღუპველი, რომელიც ყველაზე დიდ იდეებსაც კი ეჭვნარევი ყოყმანის ობიექტად აქცევს.  რა არის  წარმატება თუარა რეალიზებული იდეების ნაკრები, იდეების რომელთა გამხელაც არ შეეშინდათ, გაბედეს და საუკუნეები მოიმკიან ამ გამბედაობის შედეგს, რემეთუ იდეები მხოლოდ მოქმედებაში ისხამენ ნაყოფს.

| გააზიარე
მოგწონთ?