მეათე აზრი


ყველაზე ხშირად საუკეთესო მოტივაციად კამათი გვევლინება. რატომ არის კამათი მოტივაცია და რა როლს თამაშობს ამაში "მეათე აზრი", - სწორედ ამაზე ვისაუბრებთ ამ სტატიაში.

მაშ ასე, რა არის მეათე აზრი?

ადამიანთა ჯგუფში ამა თუ იმ საკითხზე კამათისას იბადება ყველაზე საინტერესო და, რაც მთავარია, საჭირო აზრი.  სწორედ "მეათე აზრი" იძენს ყველაზე დიდ ძალას კამათის დროს... მაგალითად, თუ დისკუსიისას რომელიმე მონაწილე, პირობითად, "მეცხრე აზრი", იტყვის, რომ ბაჭიების მოშენება კარგია, ხოლო "მეათე აზრი" ამ დროს განაცხადებს, რომ ეს ასე არ არის, დაიწყება ცხარე დისკუსია, რასაც მოჰყვება ამ უკანასკნელის არგუმენტირებული მსჯელობა, რატომ არ ეთანხმება ბაჭიების მოშენების იდეას, და, თუ მისი დასაბუთება იქნება საკმარისი, მაშინ "მეათე აზრი" ნელნელა თავის მხარეზე გადმოიყვანს ყველაზე სუსტიდან ყველაზე ძლიერი აზრის მქონეებს. მაგალითად, თუ "მეექვსე აზრი" არის ყველაზე ძლიერი და ჯიუტი, ხოლო "მესამე" - ყველაზე სუსტი, მაშინ თანმიმდევრობა დაიწყება "მესამიდან", და ბოლოს აზრს შეიცვლის "მეექვსე". მაგრამ, იმ შემთხვევაში, თუ "მეათე აზრმა" ვერ მოახერხა არგუმენტების სწორად ჩამოყალიბება და საუბრის სათავისოდ წარმართვა, "მეათე აზრი" კარგავს ძირითად ფასს და იძენს მეორეხარისხოვან, თუმცა - ასევე  საჭირო ღირებულებას, რადგან კამათის მონაწილეები, საკუთარი ნებისგან დამოუკიდებლად, მაინც იწყებენ განყენებულ და ინდივიდუალურ აზროვნებას. ასე რომ, სახეზე ნებისმიერ შემთხვევაში გვაქვს დადებითი შედეგი.

ხშირად იგივე ხდება სამსახურებშიც, სადაც ყოველთვის არსებობს ერთი, რაღაცით მუდამ უკმაყოფილო და მოქიშპე აზრის მქონე ადამიანი, ვინც არასოდეს არავის ეთანხმება, და ყოველთვის ცდილობს, ალტერნატიული რეალობა დაანახოს თანამშრომლებს. ამით ის კოლეგებს ეხმარება, არ მოდუნდნენ, არ დაუშვან შეცდომა და სწორედ დისკუსიის გზით იპოვონ საუკეთესო გამოსავალი.  ამგვარად, იგი საუბრისას არა მხოლოდ ყველაზე მებრძოლ მოაზროვნედ გვევლინება, რომელსაც დისკუსიის მონაწილეები მიჰყავს სწორ გადაწყვეტილებამდე, არამედ - ჯგუფის თითოეულ წევრში აღვივებს მარცვალს, ნებისმიერ საკითხს შეხედონ კრიტიკულად და იაზროვნონ დამოუკიდებლად.

სწორედ ამიტომ, "მეათე აზრის" მქონე ადამიანები ძლიერ მოტივატორებად გვევლინებიან, სადაც კი ამის საშუალება ეძლევათ. ისინი საზოგადოებისა თუ ჯგუფის  უდავოდ გამორჩეული წევრები არიან,  რადგან, მისცე შენს თავს მოტივაცია, მარტივია, მაგრამ, გახდე სხვისი მოტივაციის წყარო, ამას ნამდვილად დიდი ნიჭი სჭირდება!

| გააზიარე
მოგწონთ?