არჩევანი, რომელიც უნდა გააკეთოთ


რეალობისგან შორს ყოფნა ხშირად საჭიროა, რათა მივატოვოთ მომაბეზრებელი ყოველდღიურობა, ოცნების და ლამაზი სიზმრების მორევში გადავეშვათ. ამის ერთ-ერთ საშუალებას კარგი წიგნის კითხვა ან ფილმის ყურება წარმოადგენს. კითხვა ადამიანს სულის საზრდოს აძლევს და ცხოვრებას მრავალფეროვნებას ანიჭებს.

ადამიანები ერთმანეთს ვასწავლით ცხოვრებას, თანაარსებობას, სუნთქვას, ჰაერისა და ცხოვრების დაფასებას, ერთმანეთის დაფასებასაც. ერთმანეთისგან ბევრ რაღაცას ვსწავლობთ: ნდობას, მეგობრობას, სიყვარულს.

ერთმანეთისგან ვიღებთ მაგალითს. ვსწავლობთ, ვითვისებთ კარგსა თუ ცუდს, ვუზიარებთ რჩევებს ერთმანეთს.

ერთმა ძალიან საინტერესო პერსონამ მითხრა, რომ სამყაროს აღქმა შენი არჩევანიაო. სამყაროს როგორც შევხედავთ, ისევე დაგვიბრუნდება ჩვენ.

არა მარტო ერთმანეთისგან ვისმენთ და ვიღებთ რჩევებს, ხშირად ვითვალისწინებთ კიდეც წიგნის, ფილმის და მასში ასახული პერსონაჟების ცხოვრებისეულ რჩევებს, მოვლენებს. შესაძლებელია ყველაზე კარგი მრჩეველები ისინი გამოდგნენ.

შტეფან ცვაიგს აქვს ერთი ძალიან საინტერესო ნოველა, რომელიც ცნობილია როგორც „საჭადრაკო ნოველა“, ავტორი მოგვითხრობს იმაზე, რომ დანებება და ფარ-ხმლის დაყრა არ არის კარგი. გვაჯერებს, რომ ცხოვრებაში შეუძლებელი არაფერია. გვისახავს რეალობას და ამ რეალობაში მთავარი პერსონაჟი გამოჰყავს, რომელიც არარაობიდან რაობაში გადადის.

მიკრო ჩენტოვიჩი მთავარი პერსონაჟია, რომელმაც შეუძლებელი შეძლო. ნულიდან დაწყებული საქმე გაზარდა და ბოლოს კი წარმატების მწვერვალს მიაღწია.

იმას, რომ ადამიანი თავისი ბუნებით გამორჩეულია, კიდევ ერთხელ გვიმტკიცებს ამ წიგნის პერსონაჟი. ადამიანი, რომელმაც შეცვალა სამყარო და შეცვალა ადამიანთა ხედვა. ადამიანი, რომელმაც სხვები გააოცა.

ეს ის პერსონაჟია, რომელსაც უხდება ბრძოლა საზოგადოებასთან და ცხოვრებასთან. მივხვდი, რომ ამ ბრძოლის გადატანა ყოველთვის გვიწევს ჩვენ, ადამიანებს.

არ აქვს მნიშვნელობა მატერიალურ მდგომარეობას. ოცნებას ხშირად მიზნისკენ მივყავართ. მთავარია ჩვენ გვჯეროდეს, გვწამდეს და ყველაფერი გამოვა. მონდომებით ძალიან დიდი შედეგის მიღწევა შეუძლია ადამიანს. სწრაფვა მიზნისკენ ცვლის მდგომარეობას.

ხშირად უნდა იფიქროთ, რომ სამყაროს მართვის სადავეები თქვენ გიჭირავთ. უნდა იცოდეთ, რომ თქვენ სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა შეგიძლიათ. ვმართოთ იგი არ არის მარტივი, მაგრამ ოდნავი ბიძგის მიცემის ძალა მაინც შეგვწევს.

არ დაკმაყოფილდეთ მინიმუმით. როდესაც მაღლობზე ადიხართ, დასახული მიზანი მწვერვალის დაპყრობა უნდა იყოს. მეტი უნდა იფიქროთ თუ როგორ მოექცეთ მწვერვალის თავში.

უნდა გახსოვდეთ, რომ ცხოვრებაში შეიძლება ხშირად დაგიცდეთ ფეხი ან თუნდაც წაიქცეთ კიდეც. თქვენ უბრალოდ ადგომა უნდა ისწავლოთ. გამართულ სიარულს პატარა ბავშვი თავიდან სწავლობს. ის შემდეგ იზრდება და უფრო გამართული ნაბიჯებით მიიწევს წინ. ბავშვი ხშირად წაიბორძიკებს, ან წაიქცევა, მაგრამ იცის, რომ თუ ადგება და გზას გააგრძელებს, მომავალში უკეთესად გამოუვა. პატარ-პატარა ნაბიჯებით მივა მიზნამდე და ეს კი ყველაზე დიდი, წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება წარმატებისკენ. წარმატება შობს ბედნიერებას.

სამყაროს აღქმა ხომ თქვენი არჩევანია. შეხედეთ მას პოზიტიურად და ის დაგანახებთ, რომ მასაც იგივე პოზიტივის გაცემა შეუძლია. 

| გააზიარე
მოგწონთ?