რა რჩება „მე“-სგან?


აწმყოს ხაზში ადამიანების უმრავლესობა დროის აღქმის პრობლემას განვიცდით. ჩვენ გვგონია, რომ ყოველთვის იარსებებს გაურკვეველი განზომილება - “ხვალ”, სადაც/როცა ყველა ჩვენს მიზანს ასრულება უწერია. თან არა ეტაპობრივად, არამედ - ერთბაშად…

მოდით, თავიდანვე გავუსწოროთ თვალი ფაქტს, რომ მარადიულად ვერ ვიქნებით ახალგაზრდები, იმ ენერგიით და მოტივაციით სავსენი, როგორიც ვართ დღეს და ახლა. ოდესღაც შენს „მარადიულ” ცხოვრებაშიც დადგება დრო და მომენტი, როდესაც შენს გარეშე დაიწყება დღე, გავა თვები, წლები და, შესაძლოა, შენც დაავიწყდე ბევრს… მაგრამ, მაინც, ამ ამოწურვად სამყაროში არის რაღაც მარადიული, რაც წლების და, შეიძლება, საუკუნეების განმავლობაშიც ურყევი და უკვდავი გამოდგეს და ეს რაღაც, შესაძლოა, შენი მემკვიდრეობა აღმოჩნდეს.

მემკვიდრეობა, ანუ ნიჭი, რომელსაც განვითარების საშუალება მიეცი და განხორციელებადი გახადე, რომელიც ხილული და ნათელია ყველასათვის.

თუკი  გულრწფელი ხარ, პირველ რიგში საკუთარ თავთან და თვლი, რომ შენი ნიჭის განვითარებაში ინვესტიციის ჩადება ღირს, მაშინ არ უნდა მისცე წინადადებას —„რა მოხდება, თუ…” — დასრულების საშუალება.

ადამიანების უმეტესობა ახალგაზრდობას — შიშში, ხოლო ხანდაზმულობას სინანულში ატარებს. მოხუცის გონებაში გამუდმებით ისმის სასოწარკვეთილი ხმა, რომელიც ადანაშაულებს ყველა სხვა დანარჩენს იმ მიზეზით, რომ განვითარებისა და წინსვლის საშუალება არ მიეცა… ამის მიზეზი შეიძლება იყოს გამბედაობის ნაკლებობა, შეცდომის დაშვების ალბათობა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უნებისყოფობა. ეს ალბათ იმიტომ, რომ ახალგაზრდა ადამიანს ურჩევნია მისი ენერგია, დრო და ფული ერთჯერად ან დროებით სიამოვნებაში დახარჯოს და ამას, შემდგომში, ცხოვრება უწოდოს, ვიდრე საკუთარი აწმყო „მსხვერპლად”გაიღოს მომავალი წარმატებისა და დიდებისთვის.

მჯერა, უკეთესი იქნება, თუკი თითოეული ჩვენგანი გავაანალიზებთ დღევანდელ რეალობას და ვიფიქრებთ ჩვენი ყოფის განვითარების ორი შესაძლებლობის შესახებ. პირველი მათგანი იწყება კითხვით -  რა შედეგამდე მიმიყვანს აწმყო, თუკი გუშინდელი სიჯიუტით განვაგრძნობ დინების დევნას და ჩრდილის ძებნას, რომ შევეფარო. საინტერესოა, რა სარგებელი აქვს ამგვარ სტატიკურობასა და უმოძრაობას, ან სადამდე დამიყვანს ჩემი უმიზნო ყოფა. აქვე, საინტერესოა ის პარადოქსი, რომ ჩრდილქვეშ მყოფი კაცისთვისაც რთულია აღიარება, რომ ჩეროს თავშესაფრად ეძებს და  ერთადერთ გამოსავლად ცხოვრების ჩვეულ რიტმს აყოლა ესახება. რაც შეეხება ჩვენი ყოფის განვითარების მეორე შესაძლებლობას, იგი იწყება ფიქრით - რა შედეგამდე მიმიყვანს საკუთარი შეცდომების ანალიზი და სურვილი საკუთარ თავთან თანამშრომლობისა. რა იქნება, თუკი ჩემი ამჟამინდელი ყოფის ცვლილების სურვილს მისი ეფექტური გარდაქმნის ძალაც დაერთო თან. სად მიმიყვანს ჩემი მიზანი, ქმნადობა და მოძრაობა?

რა დარჩება “მე”-სგან ხვალ? 

| გააზიარე
მოგწონთ?