3 რამ, რისი მოსმენაც არ სურთ უფროსებს


ნებისმიერ ორგანიზაციაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ხელმძღვანელებისა და დაქვემდებარებულების ურთიერთობას. როგორი ახლო ურთიერთობებიც არ უნდა იყოს კომპანიის შიგნით, არსებობს საკითხები, რომლებთან მიმართებაშიც ფორმალობა უნდა დავიცვათ. ჩვენ გაგაცნობთ 3 ფრაზას, რომლის მოსმენაც არ სურს თქვენს უფროსს, ასევე გასწავლით როგორ თქვათ თქვენი სათქმელი დელიკატურად.

არ მაქვს საკმარისი დრო
დღეს კომპანიებში უფრო და უფრო იზრდება დავალებების რიცხვი და იქ მომუშავე ადამიანებსაც მეტი სამუშაოს შესრულება უწევთ. არც ერთ ჩვენგანს აქვს საკმარისი დრო, რომ დამატებითი ვალდებულებები ავიღოთ. თუმცა, ამის პირდაპირ თქმა არ შეიძლება. იმისათვის, რომ სხვაგვარად არ გაიგონ ჩვენი სათქმელი, საჭიროა მას ასეთი ფორმა მივცეთ: ''რა თქმა უნდა, მსურს ამ საქმის ჩემს თავზე აღება, მაგრამ იქნებ განგვეხილა მისი პრიორიტეტულობა სხვა დავალებებთან შედარებით? ''

საქმე ისაა, რომ ამით მოახერხებთ და დაარწმუნებთ უფროსს, რომ შეგიძლიათ დავალების შესრულება, თუმცა ამის გამო შეიძლება სხვა მნიშვნელოვანი საკითხი დარჩეს შეუსრულებელი.

ყველაფერი სხვისი ბრალია
ეს სიტყვები ისეთივე გამაღიზიანებელია, როგორც ''ეს ჩემი ბრალი არაა''. სხვისი დადანაშაულება არ არის ის მიზეზი, რომლითაც მოზრდილმა ადამიანმა უნდა გაიმართლოს თავი. თუნდაც მართლა სხვისი ბრალი იყოს, ეს მაინც არ წარმოგვაჩენს ჩვენ ღირსეულად, ხოლო თუ რეალურად ჩვენი ბრალია, მაშინ ბოდიში უნდა მოვიხადოთ და დავდოთ პირობა, რომ ეს აღარ განმეორდება.

მსგავს სიტუაციებში საჭიროა არა დამნაშავის პოვნა და მისი გაკრიტიკება, არამედ გამოსავლის ერთად ძიება. მიზანშეწონილია ჩვენი სიტყვები იყოს: ''მესმის, რომ ყველაფერი არ წავიდა იმ გზით, რომელიც სასარგებლო იქნებოდა კომპანიისთვის, ამიტომ მსურს თქვენთან ერთად განვიხილო, თუ რა იყო არასწორად გაკეთებული და როგორ შევცვალოთ სიტუაცია უკეთესობისკენ.''

არ შემიძლია ამის გაკეთება
არ შემიძლია-ს რეალურად შეიძლება ორი გაგება ჰქონდეს, პირველი, რომ ნამდვილად არ შეგიძლიათ და მეორე, რომ უბრალოდ არ გსურთ ამის გაკეთება. პირველ შემთხვევაში ეცადეთ იყოთ გულწრფელი და მიახვედროთ უფროსს, ზედმეტს თუ გთხოვთ, ან კარგად დაფიქრდით, იქნებ არსებობს გზები, რომ შეასრულოთ დაკისრებული ვალდებულება. ხოლო მეორე შემთხვევაში აუხსენით, რატომ არ გსურთ ამ საქმით დაკავება, იქნებ ეს კომპანიის ინტერესებში არ შედის და სხვა გამოწვევები არსებობს ამ ეტაპზე, რის გამოც შეიძლება ეს დავალება საპირისპირო აღმოჩნდეს.

ასევე დაიმახსოვრეთ, რომ რაც არ უნდა ახლოს იყოთ თქვენს უფროსთან, პირადი ამბების სამსახურში განხილვა არასწორია.

დამეთანხმებით, რომ შეუცვლელი კადრი არ არსებობს, ამიტომ რამდენად მნიშვნელოვან ფიგურადაც არ უნდა თვლიდეთ თქვენს თავს, ეცადეთ, რომ გაუფრთხილდეთ თქვენს პოზიციას და უფროსთან ურთიერთობისას ნაკლებად დაუშვათ შეცდომები. ნუ დაუშვებთ არასწორი ქმედების გამო, თქვენი პოტენციალი დაიკარგოს.


წყარო: lifehack.org

| გააზიარე
მოგწონთ?