რატომ ვნებდებით?


რატომ ვნებდებით? - ყველაზე გავრცელებული კითხვა, რომელიც საკუთარი თავისთვის არა ერთხელ დაგვისვამს.  

რატომ დავნებდით და რატომ არ ვიბრძოლეთ ჩვენი მიზნებისთვის, რომლის ასრულებაც ასე ძალიან გვინდოდა? რატომ მოხდა ისე, რომ რწმენა და მოტივაცია დავკარგეთ და დანებება მივიჩნიეთ გამოსავლად? - ეს გახლავთ დღევანდელობის მწარე მოცემულობა.

რა არის ამის მიზეზი?  

საქმე იმაში გახლავთ, რომ ადამიანის ბუნება ისეა მოწყობილი, რომ ნებისმიერი სიტუაციიდან მარტივი გამოსავლის პოვნა ურჩევნია... ეს მარტივი გამოსავალი კი ხშირად ჩვენი წარუმატებლობის ყველასა და ყველაფრისთვის გადაბრალებაა, ნაცვლად საკუთარი შეცდომების და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოჩენისა... დანებება გამოსავალი არ არის! სინამდვილეში შენ ნებდები იმიტომ, რომ კარგავ რწმენას და შედეგად კარგავ მოტივაციას. საბედნიეროდ, ჩვენს ირგვლივ მრავლადაა მაგალითი, თუ როგორ უმკლავდებიან ამ პრობლემას ძლიერი ადამიანები. ცნობილმა ფეხბურთელმა რიკარდო კაკამ, რომელმაც პატარაობისას ზურგის უმძიმესი ტრავმა მიიღო და ექიმებს მისი ფეხზე გავლის იმედიც არ ქონდათ, რწმენის ძალით და საკუთარი თავის მოტივაციით მიაღწია იმას, რომ ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთელი გახდა ისტორიაში. ახლა წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, კაკა რომ დანებებოდა ბედის უკუღმართობას? - მსოფლიო დაკარგავდა უმაღლესი დონის ფეხბურთელს. მაგრამ არა, მან იბრძოლა, იწვალა, რწმენა გაიძლიერა; საკუთარ თავს შთააგონა, გაევლო და არ დანებებულიყო; არცერთ კუნთს და ტვინის უჯრედს არ მისცა უფლება, ფარ-ხმალი დაეყარა... მაშინ ჩვენ რაღატო ვნებდებით? როდესაც ფიქრობ, რომ რაიმე "არ გამოგივა", სწორედ იმიტომ უნდა იმოქმედო, რომ შენს ტვინს ზუსტად ეს "არ გამოგივას" ფიქრი შეაწყვიტინო. რეალურად, ყველა ადამიანს აქვს რაღაცის ნიჭი. მთავარია,  არასდროს შეაჩერო ამ ნიჭის ძიება და ყოველთვის ეცადო, იბრძოლო მიზნისთვის, ყველა იმ წვრილმანისთვის, რაც შენს ცხოვრებას ბედნიერს გახდის. მაინც ხომ განიცდი?  მაინც ხომ გტკივა? ჰოდა, მიიღე ყველაფერი, რაც გინდა! დაე, დაგიფასდეს ეს შრომა, როგორც რიკარდო კაკას დაუფასდა იმ პერიოდის ტკივილი, როდესაც თითის განძრევაც არ შეეძლო და მხოლოდ ფეხბურთის თამაშის ძლიერი სურვილი აძლებინებდა.  

მაშინ რაღატო ვნებდებით? ვის ახასიათებს ყველაზე მეტად მარტივი გამოსავლის პოვნა? პასუხი ნათელია: ნებდებიან სუსტები. მოდით, ვიყოთ ძლიერები! ვიპოვოთ ძალა ჩვენ თავში! არასოდეს დავნებდეთ ბრძოლის ველზე, რადგან, როგორც "ლუკას სახარებაში" წერია, "ვინაითგან თვითონ თქვენშია ღვთის სასუფეველი", ყველა ადამიანში არსებობს ძალა, რომელიც მის ცხოვრებას უკეთესს გახდის!

| გააზიარე
მოგწონთ?