როგორ ვიპოვოთ საქმე, რომელიც წარმატებას მოგვიტანს


სულ ერთი წუთით წარმოვიდგინოთ სიტუაცია - განძით სავსე ყუთი ვიპოვეთ და ჩვენს ხელთაა თუ როგორ გამოვიყენებთ მას. რას გავაკეთებთ? პირველ რიგში, ალბათ დავითვლით ამ განძს, დავფიქრდებით, როგორ/რისთვის შეიძლება გადავანაწილოთ და შემდეგ, ნაფიქრის სისრულეში მოყვანას დავიწყებთ. 
დაახლოებით იგივე ტექნიკები შეიძლება გამოვიყენოთ, როდესაც ჩვენ გვინდა ვიპოვოთ საქმე, რომლის კეთებაც მოგვწონს და ყველაზე უკეთ გამოგვდის. მთელი ეს პროცესი თასმების გროვაში ჩვენი ფეხსაცმლისათვის შესაფერისი 
თასმის შერჩევას ჰგავს.
 

ისიც მნიშვნელოვანია, რომ ნამდვილი განძისგან განსხვავებით, ასეთი საქმე ჩვენს ცხოვრებაში და გარშემო არაერთი შეიძლება იყოს, ამიტომ, დაუყოვნებლივ შეგვიძლია შევუდგეთ მის ძებნას. ასეთ დროს შეუცვლელ მეგზურობას კი კალამი და ფურცელი გაგვიწევს. ვგულისხმობ იმას, რომ დავფიქრდეთ და ჩამოვწეროთ ყველა ის სურვილი, იდეა, წარმოდგენა, რომელიც აქამდე გვქონია გონებაში ან გაგვიკეთებია და მოგვწონებია. ამასთან ერთად, ვიფიქროთ იმაზეც, ხომ არ არის შესაძლებელი რამე ახალი სურვილი გაჩნდეს ჩვენს წარმოდგენაში, რომელსაც შემდგომ შევასხამთ ფრთებს. ფიქრის და განსჯის მერე უკვე ვიწყებთ გაანალიზებას, რადენად ღირებულია თითოეული მათგანი. ძალიან კარგი იქნება, თუ გონებას დავასვენებთ და მომდევნო დღეს გავაგრძელებთ ამ თემაზე ფიქრს. ანალიზის შედეგად ჩამოწერილი რამდენი ვარიანტიდან, შეიძლება დავიტოვოთ ის, რომელიც ყველაზე მეტად წარმოგვიდგენია საჩვენო საქმედ.


ამის შემდგომ, უკვე მეორე უმნიშვნელოვანესი ეტაპი იწყება - ესაა მცდელობა. ჩვენი ნაფიქრის რეალობად ქცევა. ამ დროს, როგორ წესი, ხშირად იწყება ხოლმე ჩვენში დაეჭვება, არის კი ეს ის საქმე, რომელიც მართლა ჩემია და შევძლებ სულით და გულით მოვეკიდო მას, თუ არა? ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად საუკეთესო ეტაპია ზუსტად მცდელობა. მაგრამ თუ იმედგაცრუების ერთგვარი შიში გვაქვს, მაშინ ჯერ ვიწრო აუდიტორიით შეგვიძლია დავიწყოთ. მაგალითად, ჩვენი გეგმების შესახებ მოვუყვეთ მეგობრებს, გავეცნოთ ლიტერატურას, დავეკითხოთ რჩევა ექსპერტებს. ჩავთვალოთ, რომ საკითხის სიღრმეებში შესვლით, ჩვენ გაცილებით თავისუფლად შევძლებთ დავასკვნათ არის ეს ნამდვილად საჩვენო საქმე თუ არა. თუ ამ კითხვაზე უარყოფითი პასუხი მივიღეთ, მეორე ეტაპი რაც ისევ უნდა გავიაროთ, ესაა პირვანდელი ნაბიჯები ანუ ფიქრი-ანალიზი-მცდელობის სტადია.


და თუ მცდელობის ეტაპზე მივიღეთ დადებითი პასუხი, უკვე თამამად შეგვიძლია ჩვენი საქმის შესახებ მოვუთხროთ ფართო აუდიტორიას - იქნება ეს რაიმე კონკურსი, ინვესტორებთან ურთიერთობა თუ საქმის დასაწყებად საჭირო ადამიანებთან/გარემოსთან დაკავშირება.
საქმის კეთების პარალელურად, კი დავიწყოთ ფიქრი იმაზე, თუ როგორ გავზომავთ მიღწეულ შედეგებს. ამისათვის რამდენიმე ძირითადი კითხვა დავუსვათ საკუთარ თავს:


- რა მინდა ვიგრძნო, როდესაც მე ამ საქმეს დავიწყებ/მივალ მიზნამდე;
- რითი გავზომავ იმას, იყო თუ არა წარმატებული ჩემი პროექტი;
- სხვისი თვალით რომ შევხედო, რას დავინახავ.
ამ კითხვებისთვის წინასწარ მომზადება უფრო სიღრმისეულად ჩაგვახედებს ჩვენს არჩევანში და მისი განხორციელების პროცესს უფრო მიზანმიმართულს და პროდუქტიულს გახდის.


გვახსოვდეს ისიც, რომ საყვარელი საქმის ძიების დროს, ისევე როგორც ყველაფერში, წინააღმდეგობებისთვის მზაობა წარმატების უპირობო ნიშანია. ეს იმას ნიშნავს, რომ თავიდანვე ერთგვარი იმუნიტეტი უნდა გამოვიმუშავოთ და წინააღმდეგობების დაძლევის ჩვენი მეთოდები გვქონდეს, რადგან არ არსებობს საქმე, რომელიც რაც არ უნდა იდეალურად დაგეგმილი იყოს, რამემ ან ხელი არ შეგვიშალოს, ან ისე ვერ აეწყოს როგორც წარმოგვედგინა. ამიტომ, რისკების დაზღვევა და მართვა განაპირობებს ჩვენს წარმატებას.


მნიშვნელოვანია ისიც, რომ ყველა ზემოთჩამოთვლილ ეტაპს უცვლელად გასდევს კონცენტრირების უნარი. კონცენტრირება ჩვენს გეგმებს გახდის ნათელს, რეალისტურს და მოგვცემს შესაძლებლობას ყველა ოპტიმალური რესურსი მოვახმაროთ იმ საქმეს, რომელიც ჩვენ ყველაზე მეტად გამოგვდის კარგად. უფრო მეტიც, კონცენტრირება დაგვეხმარება კარგად გამოგვივიდეს არჩეული საქმე.
ყველა ამ ნაბიჯის და უნარების გათვალისწინებით კი, სხვა დანარჩენთან ერთად, საბოლოოდ გაბედულად შევძლებთ დიდი გროვიდან ზუსტად შევარჩიოთ საჩვენო თასმა. 


ლანა ლაგვილავა

სტატიების კონკურსის მონაწილე

| გააზიარე
მოგწონთ?