რა არის „დეჟა ვუ“ და რამდენად დადებითი დატვირთვა აქვს მას?


„დეჟა ვუ” ფრანგული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს „უკვე ვნახეს“. ეს ტერმინი პირველად ფსიქოლოგმა ემილ ბურაკოვმა გამოიყენა საავტორო წიგნში „მომავლის ფსიქოლოგია“.

„დეჟა ვუ“ გარკვეული ფსიქოლოგიური მდგომარეობაა, რომლის დროსაც ადამიანს ეუფლება შეგრძნება, რომ გარკვეული სიტუაცია უკვე იყო და ახლა მეორდება. იგი ადამიანის მიერ სხვა ადამიანის თუ სიტუაციების ცრუ შეცნობის ფენომენია. მაგალითად, რომელიმე ქალაქში პირველად ყოფნისას ადამიანს შეიძლება მოეჩვენოს, რომ თითქოს აქ უკვე იყო, მისთვის თითქოს ნაცნობია გარემო. 

არის შემთხვევები, როდესაც „დეჟა ვუ“ იმდენად ძლიერ ემოციებს იწვევს, რომ შეიძლება რამოდენიმე წელი ადამიანის გონება შოკურ ვითარებაში დატოვოს, რაც შემდეგნაირად აიხსნება: რეალობა იმდენად ბუნდოვანია, რომ ადამიანს არ შეუძლია კონცენტრირება.

გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ „დეჟა ვუს“ ფენომენი  ძალიან გავრცელებულია, ადამიანთა 97%-ს ცხოვრებაში ერთხელ მაინც განუცდია ეს ამოუხსნელი გრძნობა. დეჟა ვუ“-ს სამი ძირითადი ტიპი არსებობს:

 

● „დეჟა ვუ“ - უკვე გამოცდილების ქონა

● „დეჟა სენტი“ - ის, რაც უკვე გიგრძვნიათ

● „დეჟა ვიზიტი“ - განცდა, რომ უკვე იყავით ამ ადგილას

 

აღსანიშნავია, რომ არსებობს საპირისპირო ემოციაც, რომელსაც „ჟამე ვუ“ უწოდეს ფსიქოლოგებმა. „ჟამე ვუს“ დროს ადამიანს ეუფლება უცნაური განცდა, მაგალითად, მისთვის ჩვეულ, ნაცნობ ადგილას იგი თავს უცხოდ გრძნობს და ფიქრობს, რომ თითქოს პირველად იყოს ამ კონკრეტულ სიტუაციაში.

ამასთან, „დეჟა ვუს“ ყველაზე ხშირად 15-დან 25 წლამდე ადამიანები განიცდიან, რადგანაც ამ წლებში ტვინი მეტად აქტიურია. 35-40 წლებში ეს ე.წ საშუალო ასაკის კრიზისია. ამ ასაკში მსგავსი მომენტები უფრო ნოსტალგიურია. ამ ეფექტს შეიძლება ვუწოდოთ „მახსოვრობის მოტყუება.“ მოგონებები შეიძლება იყოს არა რეალური, არამედ - სავარაუდო.

ადამიანის ფსიქიკა აისბერგს წააგავს, რომლის მხოლოდ პატარა ნაწილი მოჩანს წყლის ზედაპირზე, ხოლო დანარჩენი წყალქვეშ იმალება. სულის ამ არეს, რომელიც, ჩვეულებრივ, მიუწვდომელია ცნობიერებისათვის, არაცნობიერი ეწოდება. სიღრმისეულობის გამო სულიერი სამყაროს ეს არე - დღესაც ნაკლებადაა შესწავლილი.

მიუხედავად ასეთი დაფარულობისა, არაცნობიერი პროცესები ჩვენშია, ჩვენს ფსიქიკაში, ამიტომ ისინი მაინც გამოვლინდება, მაგრამ გამოვლინდება არა უშუალოდ, არამედ - ირიბად. რატომ ხდება, რომ ადამიანები ხშირად ვერ ხსნიან თავიანთი ქცევისა თუ გუნება-განწყობილების ცვლის მიზეზებს?! თავიდან ვერ იშორებენ შემაწუხებელ სიზმრებს, აკვიატებულ შიშებსა თუ აზრებს, უნებურად წამოცდებათ ის, რასაც მალავდნენ?!.. ამ ყველაფრის საფუძველი ის არაცნობიერი პროცესებია, რომელთა შინაარსიც ასეთი ძნელი და ხშირად მძიმე გასაცნობიერებელია.

ექსპერიმენტულად დამტკიცებულია, რომ ადამიანის მეხსიერებაში გაცილებით მეტი მოგონებაა შენახული, ვიდრე ის, რისი გახსენებაც უნდა. მაგალითად, რომელიმე ბავშვობის დროინდელ მოგონებას ადამიანი ვერასოდეს გაიხსენებს თუ კი რაიმე განსაკუთრებულ ვითარებაში არ მოხვდა. სწორედ ესაა ის ფსიქოლოგიური ახსნა ფენომენისა - „დეჟა ვუ.“ 

მიუხედავად „დეჟა ვუს“ ასეთი ბუნდოვანებისა და უცნაურობისა, საშიში და აღმაშფოთებელი არაფერია. პირიქით, თუ კარგად ჩაუღრმავდებით, მიხვდებით, რამდენად შეუძლია დაგეხმაროთ მსგავს ფენომენს: უამრავი წაკითხული წიგნიდან, სხადასხვა ყოფითი შემთხვევებიდან, მცდელობებიდან, მეცადინეობიდან თუ პროფესიული საქმიდან, ერთი სიტყვაც რომ არ გახსოვდეთ - ეს ყოველივე მაინც ძლიერ ამდიდრებს თქვენს უნარსა და გამოცდილებას, რადგან თქვენივე ქვეცნობიერშია შენახული და თქვენივე შემძლეობის, უნარიანობის, სიძლიერისა და წარმატების მთავარი კომპონენტია. ეს ყველაფერი კი იმას მოწმობს, რომ  ჩვენი წარსული ასაკთან ერთად არა მხოლოდ იზრდება, არამედ რესურსებისა და შესაძლებლობების სახით ჩვენშივე ილექება და საჭიროების დროს გვეხმარება მომავალში ფაქტების უკეთ გააზრებასა და  წარმატების მიღწევაში.

 

| გააზიარე
მოგწონთ?