რთული გზა წარმატებამდე - ჯიმ ქერი


წარმატებული ადამიანების ცხოვრებას როდესაც ვუყურებთ, გვგონია, რომ გზა, რომელიც მათ განვლეს ხანმოკლე, სწორხაზოვნად აღმავალი იყო და მყისიერადვე გვირგვინდებოდა გამარჯვებებით. თუმცა უამრავი მათგანის ცხოვრება დაბრკოლებებითა და წარუმატებლობებით იყო სავსე.

ჩვენ ყველა ვიცნობთ მსახიობსა და კომიკოს ჯიმ ქერის, თუმცა ცოტამ თუ იცის, როგორი რთული გზა გამოიარა, ვიდრე წარმატებული გახდებოდა. როგორც მსახიობი იხსენებს, სკოლაში ძალიან ჩუმი იყო და მეგობრები საერთოდ არ ჰყავდა. შემდეგ აღმოაჩინა, რომ ადამიანების გაცინებით შეეძლო მეგობრები შეეძინა. მის წარუმატებლობათა ნუსხის სათავეში დისლექსია (სწავლის შეზღუდული შესაძლებლობა) მოექცა, თუმცა შრომისმოყვარეობისა და შეუპოვარი ხასიათის მეშვეობით, ფენომენალური მახსოვრობა გამოიმუშავა.

კიდევ ერთი დაბრკოლება სიდუხჭირე, მძიმე მატერიალური მდგომარეობა იყო. ჯიმი ოჯახთან ერთად საშიშ უბანში ცხოვრობდა და 12 წლის ასაკში სკოლის პარალელურად ჟონგლიორად მუშაობდა ღამის ცვლაში, 8 საათის განმავლობაში. სამუშაოდან იმდენად დაღლილი მოდიოდა, რომ მასწავლებლების ნათქვამი გონებაში არ შესდიოდა, არ ჰყავდა მეგობრები და ეშინოდა, რომ თუკი ვინმე დაუახლოვდებოდა,  მის სამარცხვინო სიღატაკეს დაინახავდა. მსახიობი მიხვდა, რომ ეს მცირეოდენი ცოდნა და არანაირი ურთიერთობა ადამიანებთან მას შორს ვერ წაიყვანდა და 16 წლის ასაკში სკოლა მიატოვა.

მისმა ოჯახმა გადაწყვიტა გასცლოდა ამ უიმედობით აღსავსე გარემოს და საცხოვრებლად კანადაში გადავიდა, ისე რომ არანაირი საარსებო წყარო გათვალისწინებული არ ჰქონდა. ჯიმი მშობლებთან და ორ და-ძმასთან ერთად 8 თვის განმავლობაში ავტოფურგონში ცხოვრობდა.

წარმოიდგინეთ მის ადგილას თქვენი თავი - დაკარგული თინეიჯერობის წლები, ინტელექტუალურად ჩამორჩენილი, სიღატაკის გაუსაძლისი ტვირთი და სირცხვილი. სწორედ ეს არასრულფასოვნების შეგრძნება დაეხმარა მას წარმატებისკენ გზის გაკაფვაში და მისცა ძალა, რომ უფრო და უფრო მეტად ეცადა.  

საჯაროდ პირველად ტორონტოში, ერთ-ერთ კომიკურ კლუბში, გამოვიდა. კლუბის რეპორტიორმა შეამჩნია, რომ სხვა კომიკოსებისგან განსხვავებით ჯიმი, როდესაც სცენაზე არ იდგა, ძალიან ჩუმი იყო, აკვირდებოდა და ყურს უგდებდა ყველაფერს, ყურადღებას აქცევდა თუ რა ხდებოდა გარშემო.

მისი კარიერა არც ამის შემდგომ ყოფილა მყისიერი წარმატება, თუმცა, როგორც თავად მსახიობი ამბობს, მას ყოველთვის სწამდა სასწაულების და როდესაც ჰოლივუდში საქმე არაფერი ჰქონდა ხოლმე, ჯდებოდა თავის ძველ ტოიოტაში, მიუყვებოდა გზატკეცილს, ქალაქის ზემოთ მოექცეოდა, გადაჰყურებდა მას, გაშლიდა ხელებს და საკუთარ თავს ხმამაღლა ეუბნებოდა:

„ყველას უნდა ჩემთან მუშაობა. მე ძალიან კარგი მსახიობი ვარ. მე უამრავი შემოთავაზება მაქვს უდიდეს ფილმებში სამუშაოდ!“

ამას საკუთარ თავს უმეორებდა და თავს ირწმუნებდა, რომ რამოდენიმე ფილმში უკვე მიღებული ჰქონდა მონაწილეობა. შემდგომ უკან ბრუნდებოდა და მზად იყო სამყაროსთან შესახვედრად

„შემოთავაზება ძალიან ბევრი მაქვს, უბრალოდ ჯერ არ მესმის მათი ხმა!“

დღესდღეობით იხსენებს, რომ სწორედ ეს თვითშთაგონებები იყო მისთვის ერთგვარი ანტიდოტი, ანტიდოტი მძიმე ოჯახური კონტექსტისთვის თავის დაღწევისა.

1990 წელს, როდესაც ჯიმ ქერი მხოლოდ ერთი უბრალო ახალგაზრდა კანადელი კომიკოსი იყო, რომელიც წარმატებისაკენ გზის გაკვალვისათვის იბრძოდა ლოს ანჯელესში, სწორედ იმ გზატკეცილიდან დაბრუნებისას მსახიობმა საკუთარ თავს 10 მილიონი დოლარის ღირებულების ჩეკი გამოუწერა დათარიღებული 1995 წლის მადლიერების დღით, თან პატარა წარწერა გაუკეთა : „დამსახურებისათვის“. ჩეკი საფულეში ჩაიდო და საბედისწერო დღემდე ატარა.

როგორც ამბობენ, დანარჩენი ისტორიაა. ჯიმ ქერის ოპტიმიზმმა და შეუპოვრობამ საბოლოოდ შედეგი გამოიღო და 1995 წლისთვის უკვე წარმოუდგენლად წარმატებულმა საყოველთაოდ ცნობილ ფილმებში („ეის ვენტურა“, „ნიღაბი“, „სულელი და უფრო სულელი“) მთავარი როლები შეასრულა. თითოეულ ფილმში მისი ჰონორარი 20 მილიონი დოლარით  გაიზარდა.

1994 წელს, როდესაც ჯიმის მამა გარდაიცვალა, სანამ დაკრძალავდნენ მან 10 მილიონ დოლარიანი ჩეკი ჩააცურა მამის ჯიბეში, ხარკად და ნიშნად იმ ადამიანის დამსახურებისა, რომელმაც მისი ოცნებები უმძიმესი შრომისა და შეუპოვარი ბრძოლის შედეგად რეალობად აქცია.

| გააზიარე
მოგწონთ?