კრეატიული იდეიდან, წარმატებულ ბიზნესამდე - ინტერვიუ ''ალტერსოქსის'' დამფუძნებლებთან


ახალგაზრდა ცოლ-ქმრის, ნინა მენთეშაშვილის და რეზი ბესელაშვილის ყველაზე კრეატიულმა და სახალისო  ბიზსნესმა ცოტა ხნის წინ, დიდი ყურადღება მიიპყრო ქართულ ბაზარზე. მათი იდეის ორიგინალურობა გამოიხატება იმაში, რომ ისინი გთავაზობენ ძალიან სახალისო და ლამაზ წინდებს, ყოველდღიური მოსაწყენი წინდების ნაცვლად, რასაც თავიდანვე ადამიანების დიდი ნაწილის დადებითი გამოხმაურება მოჰყვა.

ნინა და რეზი არიან კიდევ ერთი ნათელი მაგალითი იმასა, თუ როგორ უნდა აქციო კრეატიული იდეა წარმატებულ ბიზნესად, ამასთან გიყვარდეს შენი საქმე და გჯეროდეს, რომ საქართველოშიც შეიძლება იდეების წარმატებულად განხორციელება. 

მოკლედ გვიამბეთ ''ალტერსოქსის'' იდეის ავტორების შესახებ. როდის და როგორ დაგებადათ ეს იდეა?
ჩვენ დავქორწინდით 2015 წელს. განათლება და სამუშაო გამოცდილება ორივეს მარკეტინგისა და მენეჯმენტის სფეროში გვაქვს. აღმოჩნდა, რომ ორივეს გვინდოდა ისეთი საქმე წამოგვეწყო, რომელიც იქნებოდა სიახლე ქართულ ბაზარზე და ამავდროულად, საინტერესო და სახალისო. ბევრი ფიქრის და გვერდზე გადადებული იდეის შემდეგ, ნინას მოუვიდა მხიარული და ორიგინალური წინდების ბრენდის შექმნის იდეა, რომელზეც ძალიან აქტიურად დავიწყეთ მუშაობა და სულ მალე შეიქმნა ''ალტერსოქსი'' - ნახატებიანი და მხიარული წინდების პირველი ქართული ბრენდი.


ძალიან ბევრი ადამიანია, რომლებსაც სურთ საკუარი ბიზნესი წამოიწყონ, რას ურჩევდით მათ? რა იქნება ბიზნესის დასაწყებად, 3 ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევა თქვენი გამოცდილებიდან?
პირველ რიგში, ყველას ვურჩევდით ისეთ საქმეს მოჰკიდონ ხელი, რომელიც მათ ეყვარებათ და რომელსაც სიამოვნებით გააკეთებენ. ნებისმიერი ბიზნეს იდეის აწყობას ძალიან დიდი შრომა და ძალისხმევა ჭირდება. ამიტომ ძალიან უნდა მოგწონდეთ ის საქმიანობა, რის განხორციელებასაც გადაწყვეტთ, რათა ძალ-ღონე არ დაიშუროთ და მთელი მონდომებით დაიწყოთ მისი რეალობად ქცევა.

ასევე გირჩევთ, ისეთი ბიზნეს იდეა მოიფიქროთ, რომელიც სიახლის შემომტანი და ინოვაციური იქნება, რადგან მსოფლიოშიც და საქართველოშიც ბაზარი უკვე გაჯერებულია. კონკურენცია ძალიან დიდია თითქმის ყველა სფეროში. ბიზნესი, რომელიც ახალ პროდუქტს ან სერვისს შესთავაზებს მომხარებელს, უფრო მეტი შანსი აქვს იყოს წარმატებული და კონკურენტუნარიანი.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესის სწორად დაგეგმვა და აუცილებელია ყველა დეტალზე ყურადღების გამახვილება, ბიზნეს მოდელი ბოლომდე უნდა იქნას დახვეწილი და ყველა ნიუანსი უნდა იყოს კარგად და ზუსტად გათვლილი, იმისათვის რომ ბიზნესმა წარმატებას მიაღწიოს.

რა არის თქვენი მოტივაციის წყარო, რომელიც საშუალებას გაძლევთ იყოთ მუდმივად აქტიური და  გადალახოთ არსებული სიძნელეები?
ჩვენ ძალიან გვინდოდა საკუთარი ბიზნესის დაწყება და ის რომ დღესდღეობით გვაქვს ჩვენი კომპანია, ეს არის უდიდესი მოტივაცია, რათა არ გავჩერდეთ და ყოველდღიურად ვიმუშაოთ ჩვენი ბიზნესის განვითარებაზე და გაფართოებაზე. ასევე, ძალიან დიდ ძალას გვმატებს ჩვენი კმაყოფილი კლიენტებისგან წამოსული დადებითი მუხტი და გვეხმარება იმაში, რომ კიდევ უფრო მეტი მონდომებით ვიმუშაოთ ახალ კოლექციებზე. 

გაგვიმხილეთ, როგორია თქვენი თქვენი წარმატების ფორმულა?
ვფიქრობთ, ჩვენი წარმატება განაპირობა ჩვენმა პროდუქტმა, რომელიც გამოირჩევა ხარისხით და ორიგინალურობით,  არის განსხვავებული და გამოდგება სახალისო საჩუქრადაც. ამასთან, ''ალტეროქსის'' წარმატებაში დიდი როლი ითამაშა, გაყიდვის წერტილების კარგმა მენეჯმენტმა, პროდუქტის მისაღებმა ფასმა და სწორად შერჩეულმა მარკეტინგულმა პროგრამამ.

თქვენი ტოპ 5 რჩევა იმ ადამიანებს, რომელთაც სურთ მიაღწიონ წარმატებას ცხოვრებაში:
 

  • იპოვეთ თქვენთვის საყვარელი საქმე და მთელი გულით ემსახურეთ მას.
  • დაისახეთ მიზანი და ბოლომდე იბრძოლეთ ამ მიზნის მისაღწევად.
  • გჯეროდეთ საკუთარი თავის, იმის მიუხედავად, თუ რას ფიქრობენ ან ამბობენ სხვები.
  • მუდმივად იმუშავეთ საკუთარ თავზე, რომ იმაზე უკეთესი გახდეთ, ვიდრე ახლა ხართ.
  • არ დაკმაყოფილდეთ იმით რასაც მიაღწიეთ, არ გაჩერდეთ, მუდამ იფიქრეთ განვითარებაზე და წინსვლაზე.



მარიამ შარიქაძე

| გააზიარე
მოგწონთ?