„შენ საკმარისი ხარ“


„არ ვარ საკმარისად კარგი “, „არ ვარ მიმზიდველი“, „დიდი ზომის ტანსაცმლის ჩაცმა ნაკლებად გამოკვეთს ჩემს წონას“, „მაკიაჟი დამეხმარება დავფარო ჩემი ნაკლოვანებები“, „მას არ მოვწონვარ, სხვები ყოველთვის ყურადღებას იჩენენ ჩემს მიმართ, მაგრამ მას მაინც არ მოვწონვარ“, „მე ვერასდროს ვიქნები მის მსგავსად სრულყოფილი“...

თითოეულ ჩვენთაგანს გვაქვს რაღაც ისეთი, რაზეც საზოგადოება მიგვითითებს, რომ უნდა გვრცხვენოდეს. სწორედ ის  საზოგადოება, რომელიც აწესებს სილამაზის გარკვეულ სტანდარტებს და თუ ამ სტანდარტებს ვერ მოერგები, ხშირად მათივე მხრიდან  განწირული ხარ დაცინვისა და დამცირების ეპიცენტრად ყოფნით. კონტექსტიდან ამოვარდნილი ათიათასობით აზრი გვაკარგვინებს თვითშეფასებისა და სოციუმის სრულფასოვან წევრად დამკვიდრების შესაძლებლობას. ადამიანები სოციალურ სივრცეში თავდაუზოგავად ცდილობენ შექმნან საკუთარი თავის ისეთი ვერსიები, რომელთა რეალიზებასაც ვერ ახდენენ რეალურ ცხოვრებაში. მსოფლიო მასშტაბით მილიონობით ადამიანი აკრიტიკებს და ავიწროვებს ჭარბწონიან ადამიანებს მათი წონის ან კვების ჩვევების გამო, რათა აგრძნობინონ სირცხვილი საკუთარი სხეულის მიმართ.

მახსოვს, ჩემთვის ძვირფასმა ადამიანმა მითხრა, რომ სიტყვებს აქვთ ძალა, აგრძნობინოს ერთი ადამიანის ნათქვამმა, მეორეს როგორც სიხარული, ასევე ტკივილი. მაშინაც კი, როდესაც ვერ ვაცნობიერებთ, წვრილმანმაც კი შესაძლოა მძიმე პრობლემამდე მიიყვანოს მეორე ადამიანი - მოტივაციის დაქვეითება, დეპრესია, კვების დარღვევები, არასრულფასოვნების კომპლექსი, ბარიერები ურთიერთობებსა თუ ყოველდღიურ ცხოვრებაში. ამ ყოველივეს შემჩნევა ადამიანში კი ძალიან რთული, უმეტეს შემთხვევაში კი შეუძლებელიცაა. თუმცა, არსებობს გზა, რომლის საშუალებითაც ჩვენ შეგვიძლია ვაგრძნობინოთ ერთმანეთს თავი სრულყოფილად, ამის შესაძლებლობას კი სწორედ ის სიტყვა გვაძლევს, რომელსაც ვიყენებთ ერთმანეთის მიმართ. ყოველთვის გვახსოვდეს, რომ დავფიქრდეთ მანამ, სანამ ვიტყვით, სწორედ ეს დაგვეხმარება, თავიდან ავაცილოთ ერთმანეთს ტკივილი. ჩვენ გვაქვს სიტყვა და შესაბამისად გვაქვს ძალა, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, რომ გავუმკლავდეთ ყოველივეს პირველ რიგში საკუთარი თავის და სხვების პატივისცემის, რეალისტურად აზროვნებისა და პრობლემათა და სირთულეთა გადალახვის ჯანსაღი ზომების მიღების შედეგად. ყველას შეუძლია, გამოხატოს ცოტაოდენი სიკეთე ცხოვრებაში და დროა ჩვენც დავიწყოთ სიყვარულის გავრცელება. "ხანდახან საჭიროა მხოლოდ მცირე სიკეთე და ზრუნვა ადამიანის ცხოვრების შესაცვლელად." – (ჯეკი ჩანი)

 

და ბოლოს, ყოველთვის გახსოვდეთ, რომ „თქვენი სხეული ულამაზესია, ნუ მიაქცევთ ყურადღებას სილამაზის გამოგონილ სტანდარტებს. სტანდარტები სტანდარტული ხალხისთვისაა, მთლად რომ არ დაიბნენ ცხოვრებაში. სინამდვილეში ნებისმიერი ფორმა სამყაროში იმსახურებს აღტაცებას. მთავარია თქვენი ჰარმონიული კავშირი იგრძნობოდეს თქვენს „არქიტექტურასთან“. (ნ.ფანჯიკიძე)

| გააზიარე
მოგწონთ?