ყალბი და გულწრფელი ღიმილი


ღიმილის პირველი მეცნიერული შესწავლა განხორციელდა მე-19 საუკუნის დასაწყისში, როდესაც ფრანგი მეცნიერი გიულემ დიუშენდე ბულონი ელექტროდიაგნოსტიკასა და ელექტროსიმულაციას იყენებდა, ნამდვილი სიამოვნების ღიმილი სხვა სახის ღიმილისაგან რომ განესხვავებინა. სახის კუნთების შესწავლის შედეგად, მან აღმოაჩინა, რომ ღიმილს კუნთების ორი ჯგუფი აკონტროლებდა: ყვრიმალის დიდი კუნთები, რომლებიც სახეს გვერდით ჩამოუყვებიან და პირის კუთხეებთან არიან დაკავშირებული, და თვალისირგვლივი კუნთები, რომლებიც თვალებს უკან ეზიდებიან. 

ყვრიმალის დიდი კუნთები პირს ჭიმავს, კბილებს აჩენს და ლოყებს აფართოვებს, ხოლო თვალისირგვლივი კუნთები თვალებს ავიწროვებს და მათ კუთხეებთან ნაოჭებს ქმნის. ამ კუნთების მუშაობის ცოდნა მნიშვნელოვანია, რადგან ყვრიმალის დიდი კუნთები ცნობიერად კონტროლდება - მათი მეშვეობით იქმნება ხელოვნური სიამოვნების ყალბი ღიმილი, რომლის მიზანია, ადამიანებმა მეგობრულად და მორჩილად წარმოაჩინონ თავი. თვალისირგვლივი კუნთები დამოუკიდებლად მოქმედებს თვალებთან და ნამდვილ გრძნობებსა და წრფელ ღიმილს ავლენს. ამდენად, ღიმილის სიწრფელის გასარკვევად, პირველ რიგში, ნაოჭების ხაზებს უნდა შევხედოთ თვალების ირგვლივ. ბუნებრივი ღიმილი წარმოქმნის დამახასიათებელ ნაოჭებს თვალის ირგვლივ - არაწრფელი ადამიანები კი მხოლოდ პირით იღიმიან.

ღიმილთან დაკავშირებით საგულისხმო ის არის, რომ როდესაც ვინმეს უღიმით, ამით საპასუხო ღიმილს იწვევთ.

ლონდონის უნივერსიტეტის პროფესორს, რუთ კემბელს, მიაჩნია, რომ თავის ტვინში არსებობს სარკის ნეირონი, რომელიც ამუშავებს ტვინის იმ ნაწილს, სადაც სახისა და გამომეტყველების ამოცნობა ხდება, რაც მყისიერ სარკისებურ რეაქციებს იწვევს. ანუ იმისდა მიუხედავად, ვაცნობიერებთ თუ არა, ჩვენ ავტომატურად ვიმეორებთ დანახულ გამომეტყველებას. სწორედ ამიტომ, თქვენი სხეულის ენის რეპერტუარში მუდმივად უნდა იყოს ღიმილი მაშინაც კი, როდესაც საამისოდ განწყობილი არ ხართ, რადგან ღიმილს პირდაპირი გავლენა აქვს სხვა ადამიანების თქვენდამი დამოკიდებულებაზე და იმაზე, თუ როგორ გიპასუხებენ ისინი თქვენ.

მეცნიერებმა დაამტკიცეს – რაც უფრო მეტს იღიმით, მით მეტ დადებით რეაქციას მიიღებთ სხვა ადამიანებისგან.

კვლევები ამტკიცებს, რომ უმეტესი შეხვედრა უფრო მშვიდად წარიმართება, დიდხანს გასტანს და უფრო მეტი დადებითი შედეგი ექნება, თუ თქვენ რეგულარულად გაიღიმებთ ისე, რომ ეს ჩვევად გექცევათ. ღიმილი და სიცილი, აგრეთვე, აძლიერებს იმუნურ სისტემას, ავადმყოფობისა და უძლურებისაგან იცავს ორგანიზმს, კურნავს სხეულს, ყიდის იდეებს, უკეთ ასწავლის, მეტ მეგობარს იზიდავს და სიცოცხლეს ახანგრძლივებს - იუმორი კურნავს.

გარდა ამისა, თუ თქვენ აღმოაჩენთ, რომ თვალების ირგვლივ ნაოჭები გიჩნდებათ, სიბერის შემოპარება ნუ შეგაშინებთ - ეს ყველაფერი თქვენი გულწრფელობის მაჩვენებელია! 

გაეცით რაც შეიძლება მეტი გულწრფელი ღიმილი და სამყარო გაორმაგებულად დაგიბრუნებთ მას უკან გულწრფელი ადამიანების სახით.
 
ღიმილიან და პოზიტიურ განწყობას გისურვებთ! 
 

| გააზიარე
მოგწონთ?