სიტყვის ძალა


ყოველდღიურად ადამიანები ძალიან ბევრ სიტყვას წარმოვთქვამთ, თუმცა არ ვუფიქრდებით თუ რა ძალა გააჩნია თითოეულ მათგანს. ძლიერ, პოზიტიურ და ლამაზ სიტყვებს, რომელიც გულწრფელად არის ნათქვამი, ნამდვილად შეუძლიათ ბევრი რამის უკეთესობისკენ შეცვლა. დიახ, თქვენი სიტყვები შესაძლებელია სხვისი უდიდესი მოტივატორი გახდეს, თუმცა, სამწუხაროდ, ასევე დიდი ძალა აქვს უარყოფით სიტყვებს, რომლებმაც შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს სხვას.

აღსანიშნავია ისიც, რომ არა მარტო სხვასთან მიმართებაში უნდა ვაკონტროლოთ ჩვენი სიტყვები, არამედ უნდა დავუკვირდეთ, რამდენად ხშირად ველაპარაკებით საკუთარ თავს და არის თუ არ ჩვენი საუბარი პოზიტიური. თუ აქამდე არ იცოდით გეტყვით, რომ თითოეულ სიტყვას, რომელსაც თქვენს თავს ეტყვით, თქვენივე მომავლის შეცვლა შეუძლია. იქნება ეს სიტყვები დადებითი? მაშინ თქვენი ცხოვრება აუცილებლად უკეთესობისკენ წავა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ცუდის მეტს ვერაფერს დაინახავთ. გახსოვდეთ, რომ საკუთარ თავთან პოზიტიური საუბრით:

●  აიმაღლებთ თავდაჯერებულობას!
●  გაიუმჯობესებთ განწყობას!
●  შეამცირებთ სტრესს!
●  ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება!

ყოველდღიურად უამრავი სიტყვა იფრქვევა სამყაროში, რომელთაგან ზოგიერთი სასტიკ სამუშაოს ასრულებს ურთიერთობების, ნდობის, მეგობრობის, სიყვარულის დასანგრევად. ამ დროს, ნამდვილად ვრწმუნდებით, თუ რა გავლენის მოხდენა შეუძლია ჩვენს მიერ ნათქვამ სიტყვებს.

საჭიროა, რომ თოთოეულ მათგანს დააკვირდეთ და გააკონტროლოთ. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ არასდროს უთხრათ ადამიანს სიტყვით ისეთი რამ, რასაც ვერ შეასრულებთ. ეცადეთ, რომ თქვენს სიტყვებს მოქმედება მოყვებოდეს და უაზროდ არ გაფანტოთ ისინი. თქვენი სიტყვები თქვენ პიროვნებას განსაზღვრავენ. იყავით ადამიანი, ვინც  ასრულებს დაპირებებს.

მნიშვნელოვანია სიტყვები, რომლებსაც ვირტუალურ ურთიერთობებში ვიყენებთ. დღეს ურთიერთობებმა სოციალურ ქსელში გადაინაცვლა, სადაც ადამიანებისთვის უფრო მარტივია რაიმეს დაწერა, რადგან ადრესატს პირისპირ არ მიმართავენ. თუმცა ისიც იცოდეთ, რომ თქვენს თითოეულ სიტყვას კითხულობენ, იაზრებენ, აღიქვამენ და მას დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია სხვაზე, მიუხედავად იმისა პირისპირ უთხარით ეს თუ არა. უბრალოდ გახსოვდეთ, რომ თითოეული ჩვენი ნათქვამი სიტყვა გვახასიათებს და აჩვენებს თუ ვინ ვართ. რაც ითქვა, იმის უკან წაღება შეუძლებელია.

ბოლოს კი გეტყვით, რომ დიდი ყურადღებით შეარჩიეთ სიტყვები, რომელსაც ეუბნებით როგორც სხვას, ასევე საკუთარ თავს და გახსოვდეთ, რომ „სიტყვებს დიდი ძალა აქვთ. სიტყვები იწყებენ და ამთავრებენ ომებს. ისინი ქმნიან და ანგრევენ ოჯახებს. ისინი ტეხენ და ამთელებენ გულებს. თუ შენ შესაფერისი სიტყვები გაქვს, არაფერია ამ სამყაროში ისეთი, რისი გაკეთებაც არ შეგიძლია.“

 

| გააზიარე
მოგწონთ?