„დანაშაული და სასჯელი''


''ვისაც სინდისი აქვს და დანაშაულს შეიგნებს, დაე, იტანჯოს. მისთვის ეს იქნება სასჯელი.'' ვისაც კითხვა უყვარს და ეს გამონათქვამი გაახსენდება, ადვილად მიხვდება, რომ არჩევანი თეოდორე დოსტოევსკის „დანაშაული და სასჯელზე“ შევაჩერე. 

დოსტოევსკი - რუსი რომანისტი, მწერალი, ესეისტი და ამავე დროს ძლიერი ფსიქოლოგია. დოსტოევსკის ლიტერატურული ნაწარმოებები უღრმავდება ადამიანთა ფსიქოლოგიას და აღწევს ადამიანის სულში. მისი ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული რომანი სწორედ „დანაშაული და სასჯელია“. ეს რომანი პირველად 1866 წელს დაიბეჭდა და მაშინვე დიდი გამოხმაურება და აღიარება მოიპოვა მთელს მსოფლიოში. ნაწარმოები ფსიქოლოგიური ისტორიაა დანაშაულის არსზე და მის ზნეობრივი, გამამართლებელ - გამამტყუნებელ შედეგებზე.

დღევანდელ დღეზე რომ გადმოვიტანოთ მთავარი გმირის ისტორია შეიძლება ითქვას, რომ არც თუ ისე ცოტაა ისეთი ადამიანი, რომელიც რაღაცის გამო რაღაცას თმობს. ერთის მისაღებად მეორეს სწირავს. სჩადის დანაშაულს, იმიტომ რომ ზოგჯერ იძულებულია და სხვა გზა არა აქვს ან აქვს, მაგრამ თვითონ ირჩევს დანაშაულის გზას, რომელსაც შემდეგ დაუსრულებელი ბრძოლა მოყვება საკუთარ თავთან.საკუთარ თავთან ბრძოლა კი ყველაზე დიდი ბრძოლაა.

წიგნის პერსონაჟის (რასკოლნიკოვის) მაგალითზეც ნათლად დავინახავთ, თუ რამდენად მარტივია ჩაიდინო დანაშაული და რამდენად რთულია საკუთარ თავთან, სინდისთან დაუსრულებელი ბრძოლა. თუმცა, ადამიანს სჭირდება იმედი, ძალა, სტიმული იმისთვის, რომ ერთხელ დაცემის შემდეგ ისევ წამოდგეს ფეხზე და ცხოვრება გააგრძელოს. ვიღაცისთვის ეს სტიმული შეიძლება თავისუფლება იყოს, ვიღაცისთვის - ოჯახი, ვიღაცისთვის - კარიერა, მაგრამ მთავარი ერთია - ყველაფერს სიყვარული აერთიანებს და აკავშირებს, ამიტომაც არის ის ბოროტების წინააღმდეგ ყველაზე ძლიერი იარაღი, ყველაზე დიდი იმედი და სტიმული. ამ რომანში დაუსრულებლად არის დაპირისპირებული პრინციპების ბრძოლა: სიყვარული და სიძულვილი, სიკეთე და ბოროტება და ა.შ

ამ ნაწარმოების მთავარი ღირებულებაა, რომ მნიშვნელობა არა აქვს რამდენად ბოროტი ხარ, რამდენად ცუდ საქციელს სჩადიხარ - გულში არსებობს ერთი კარგი სიმი, რომლისი გაღვიძების შემდეგ ყველას აქვს ერთი შანსი გაუმჯობესდეს. მოინანიოს და გახდეს უკეთესი. მთავარია ჩვენ, ადამიანებმა არ დავივიწყოთ, რომ თითოეულ ადამიანს, განსაკუთრებით კი ცოდვილს, სჭირდება თანაგრძნობა, უბრალოდ ადამიანური თანაგრძნობა.

 

 

| გააზიარე
მოგწონთ?