განწყობა - ხიდი თქვენსა და მიღწეულ მიზანს შორის


ალბათ ხშირად გქონიათ მომენტი, როცა რაღაცას გეკითხებიან და იწყებთ ფრაზით „არ ვიცი“. შემდეგ ფიქრობთ და ვერ იხსენებთ. არასაჭირო მომენტში კი გახსენდებათ და საკუთარ თავზე ბრაზდებით: “ეს როგორ არ ვიცოდი და როგორ ვერ ვუპასუხე“. ან აღმოჩნდით გარემოებაში, სადაც რაღაცის მოულოდნელად გაკეთება გიწევთ, პირველი რეაქცია კი შემდეგია: „არ შემიძლია, ამას ვერ გავაკეთებ!“, თუმცა სხვა დროს, არც თუ ისე რთულად მოახერხეთ იგივე „სამუშაოს შესრულება“. 

თუ საკუთარი თავი გეცნოთ, ყურადღებით წაიკითხეთ ეს სტატია.

ჩემს სტატიებში ხშირად ვსაუბრობ ხოლმე, რომ ადამიანის ტვინი ჰიპერ შესაძლებლობების კომპიუტერია, რაც იმას გულისხმობს, რომ რა დავალებასაც „შეუკვეთავთ“ მას, ის მყისიერად მომართავს ყოველგვარ „ოპერაციულ სისტემას“ ამ „დავალების“ შესასრულებლად. თუ ტვინს გაუგზავნე შეტყობინება, რომ „არ იცი“, ის ბლოკავს ყოველგვარ ინფორმაციულ საცავს და არ აძლევს საშუალებას იქ არსებულ პასუხს გამოთავისუფლდეს, შესაბამისად თქვენ ვერაფრით ახერხებთ იმის გახსენებას, რაც ნამდვილად იცით. ასევეა „არ შემიძლია“-ს შემთხვევაშიც. 

„განწყობა არის  სუბიექტის მთლიანი მდგომარეობა, რომელიც გამოხატავს მის მზაობას კონკრეტული ქცევის შესასრულებლად." მეცნიერულად დასაბუთებულია ფაქტი, რომ  წინასწარ შექმნილი გაწყობის მიხედვით დავალების შესასრულებლად ირთვება ყველანაირი რესურსი და მხოლოდ ადამიანზეა დამოკიდებული როგორ მიუდგება ამა თუ იმ საკითხს, „ვიცი“ ან „არ ვიცი“, ,,შევძლებ“ ან „ვერ შევძლებ“ პრინციპით. 

ნებისმიერ ქცევას, დიმიტრი უზნაძის მიხედვით, აუცილებლად წინ უსწრებს განწყობის აღმოცენება. იმისათვის რომ აღმოცენდეს ქცევა და შესაბამისად, ამ ქცევის ადეკვატური განწყობა, საჭიროა, არსებობდეს მოთხოვნილება და სიტუაცია, რომელიც მოიცავს ამ მოთხოვნილების დაკმაყოფილების ფაქტორებს. განწყობა არის ფსიქოფიზიკური მზაობის მდგომარეობა. შესაბამისი განწყობის არსებობის გარეშე ადამიანი ვერაფერს გახდება.

ამრიგად, ყველაფერი, რაც  ბუნებაში ხდება, გარკვეულ კანონზომიერებას ემორჩილება. განეწყვეთ  წარმატებისკენ!  იფიქრეთ, რომ ყველაფერი შეგიძლიათ შეცვალოთ ისე, როგორც თქვენ გსურთ. 

გქონდეთ ისეთი რწმენა, რომელიც მაშინაც გიჩვენებთ გზას, როცა შესახვევი არსად ჩანს. აქ განწყობა განსაზღვრავს თქვენს მიზანს და მიმართულებას. სწორედ ის მიგიყვანთ დანიშნულების ადგილამდე თუ თქვენ ნამდვილად გსურთ იქ მისვლა.

| გააზიარე
მოგწონთ?