Lie to me ანუ რვა სიბრძნე სიცრუის შესახე


"ჩვენ ყველასა გვაქვს რაიმე დაფარულის აღმოჩენის წრიალა სურვილი" -   ვფიქრობ, ყველა ვეთანხმებით დოჩანაშვილის უკვდავ ფრაზას  და პირველი, რისი მხილებაც გვინდა ხოლმე ადამიანებს, ეს არის - ტყუილი. კარგი იქნება, თუ გვეცოდინება პატარ-პატარა ხრიკები, რომლებიც საშუალებას მოგვცემს, ამოვიცნოთ ცრუპენტელები.

ადამიანის ქცევისა და სხეულის ენის ექსპერტი - ლილიან გლასი თავის  ნაშრომში "The Body Language of Liars" გამოყოფს 8 ყველაზე თვალსაჩინო 'შეცდომას", რომლებსაც ადამიანები უშვებენ ტყუილის თქმის დროს: 

  1. თავის უეცარი გადაქანება
    როდესაც პირდაპირ დასმულ კითხვაზე ადამიანი პასუხად თავს უეცრად ხრის უკან, გვერდზე, ან სულაც წევს მაღლა, თქვენ გატყუებენ.
  2. სუნთქვითი რითმის ცვლილება
    ტყუილის თქმის დროს ადამიანი უნებლიედ იწყებს მძიმედ სუნთქვას. ეს რეფლექსური ქმედებაა: იცვლება სუნთქვის რითმი და ხმის ტემბრი, ასევე მოსაუბრემ შესაძლოა, მხრები მაღლა აიჩეჩოს.
  3. უმოძრაობა
    გლასის აზრით, სხეულის კატატონიური (უმოძრაო) მდგომარეობა შესაძლოა, იყოს ტყუილის ნიშანი. ჩვეულებრივ, ადამიანები საუბრისას მსუბუქად ჟესტიკულირებენ, თუ თქვენი დაკვირვების ობიექტი უმოძრაოდაა, ეს შესაძლოა, მიუთითებდეს, რომ მისის სხეული ემზადება მოსალოდნელი კონფრონტაციისთვის.
  4. სიტყვებისა და წინადადებების გამეორება
    სიტყვებისა და წინადადებების განმეორების მიზანს წარმოადგენს თქვენი ტყუილში დარწმუნებისა და სიტუაციის ლავირების მცდელობა. ასევე, ამგვარი ქმედება წარმოადგენს დროის მოგების ერთგვარ ხერხს მანამ, სანამ თქვენ გაერკვევით ვითარებაში.
  5. პირზე ხელის აფარება ან შეხება
    ეს არის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანი ტყუილისა. ამგვარი ქმედებით ადამიანი ფაქტიურად ცდილობს ჩაახშოს ან დაკეტოს საკომუნიკაციო არხი.
  6. წარმოსახვითი გახსნილობა
    ტყუილის დასამალად ზღვა ინფორმაციის მიწოდება, ასე ვთქვათ, "წარმოსახვითი გახსნილობა" წარმოადგენს  ერთგვარ მანიპულაციას სიმართლის დასაფარად.
  7. საუბრის გაძნელება
    როგორ უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, ტყუილის თქმა ორგანიზმისთვის სტრესია. წნეხის ქვეშ მყოფი ნერვული სისტემა მკვეთრად ამცირებს ნერწყვის წარმოქმნას, რაც თავისთავად იწვევს პირის ღრუს სიმშრალეს და საუბრის გაძნელებას. ასევე საყურადღებოა რეფლექსური ტუჩების კვნეტა და მოკუმვა.
  8. თვალი - თვალში
    სიცრუის დროს ადამიანი ყოველთვის ცდილობს მოგარიდოს მზერა. ხრიკი "თვალი-თვალში" შესაძლოა, გამოიყენოს, როგორც თქვენი შეცდომაში შეყვანისა და მანიპულირების მცდელობა.

და ბოლოს, მაინც გეტყვით, რომ, როგორი წრიალაც არ უნდა იყოს დაფარულის ამოცნობის სურვილი, ზემოთ ჩამოთვლილი მეთოდებით შეგვიძლია, ვიხელმძღვანელოთ მხოლოდ მაშინ, როდესაც თანამოსაუბრის ქცევის მანერა ჩვენთვის კარგად ნაცნობი და შესწავლილია.


წყარო : ლილიან გლასი - The Body Language of Liars

| გააზიარე
მოგწონთ?