უიმედო ოცნებიდან დიდ სცენამდე - ოზი ოსბორნი


„მე უბრალო მეოცნებე ვარ, რომელიც უკეთეს დღეებს ნატრობს“

სანამ დიდების ჰოლში მოხვდებოდა, სანამ „მეტალის მამის“ წოდებას მიიღებდა, ოზი ოსბორნმა საკმაოდ მძიმე და რთული ეტაპები გაიარა. მას მრავალმხრივ ტრავმული და წინაღობებით აღსავსე ცხოვრება ჰქონდა.

მისი მშობლები მუშათა კლასის წარმომადგენლები იყვნენ. ოზი 6 და-ძმაში მეოთხე შვილი იყო. ოჯახი ძალიან ხელმომჭირნედ, გაუსაძლის პირობებში ცხოვრობდა. 8 სულიანი ოჯახი ფაქტობრივად ორ ოთახს იყოფდა. სახლი არასდროს იყო დალაგებული და მუსიკოსს მუდმივად აურზაური, ჩხუბი, სიბინძურე და სიღატაკე ეხვია გარს. ამას ემატებოდა მამის მიდრეკილება  ალკოჰოლისადმი და მშობლებს შორის გამუდმებით დაძაბული ურთიერთობა.

ოჯახური კონტექსტითა და სიდუხჭირით დათრგუნული ოზი სკოლაში რთულად რეალიზდებოდა. ამას ერთვოდა სწავლის შეზღუდული უნარები, დისლექსია და ყურადღების დეფიციტის დარღვევა. მისი უცნაურობა ტიპურ ამერიკელ ჯეელებს თვალში ცუდად ხვდებოდათ, იგი სკოლაში არაერთხელ გამხდარა ბულინგის მსხვერპლი.

თუმცა როგორც ყველას, მასაც ჰქონდა თავშესაფარი, სამყარო, სადაც თავს დაცულად გრძნობდა. ეს მისივე სურვილები, მისი გონება და ოცნება იყო ბედნიერ დღეებზე. მისი ერთადერთი მეგობარი, ერთადერთი საყრდენი ცხოვრებაში მისივე წარმოდგენა, მისივე რწმენა და სწრაფვა იყო წარმატებისაკენ.

იგი ღრმა ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა მუსიკისადმი დაუოკებელი სწრაფვით. იმდენად უყვარდა ,,ბითლები", რომ ხშირად წარმოიდგენდა თუ როგორ ხვდებოდა მისი უფროსი და ლეგენდარული ბენდის ერთ-ერთ წევრს. იმ დროს, რა თქმა უნდა, ვერ წარმოიდგენდა, რომ ცოცხალ ლეგენდებს არათუ შეხვდებოდა, არამედ მათ წინაშე წარსდგებოდა, როგორც წარმატებული მუსიკოსი.

1963 წელს მან საბედისწერო სიმღერა “She loves you” მოისმინა, რის შემდეგაც, მტკიცედ გადაწყვიტა გამხდარიყო მუსიკოსი. რამდენიმე წლის შემდგომ შეუერთდა ბენდს, რომელმაც მის საყოველთაო აღიარებას, მუსიკალურ თუ პიროვნულ განვითარებას დაუდო დასაბამი.

მრავალი წლის შემდგომ ოზი პოლ მაკარტნის შეხვდა. ბიჭი, რომელიც ხუთ და-ძმასთან ერთად ერთ ოთახში ცხოვრობდა, ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ თავისი ცხოვრების იდეალს შეხვდებოდა.

თუკი მიჰყვებით ოცნებებს და იშრომებთ მიზნების მისაღწევად, ერთ დღეს შეიძლება ოზის მსგავსად თქვენც იგრძნოთ სიამაყე, რომ თქვენი კუმირი თავადვე გეტრფით. სწორედ ეს გრძნობა დაეუფლა მას, როდესაც შეიტყო, რომ კურტ კობეინი მას აღმერთებდა.

 

„არასდროს არის გვიან ვისწავლოთ სიყვარული და დავივიწყოთ სიძულვილი“

 

დაუოკებელმა ლტოლვამ ოცნებისა და მუსიკისადმი ოზი შესაძლებლობების უსაზღვრო სამყაროში გადაიყვანა. შემდგომში მის მუსიკალურ ალბომებს მეტალის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო, უდიდესი და გავლენიანი უწოდეს. მისმა ნამუშევარმა ‘I Don’t Want to Change the World’ გრემის ჯილდო მოიპოვა. ოზი ოსბორნი თავის ბენდთან ერთად შესულია ბრიტანული და ამერიკული მუსიკის დიდების დარბაზში. იგი დღემდე, 68 წლის ასაკშიც აგრძელებს მუსიკალურ მოღვაწეობასა და საკუთარი ოცნებების ასრულებას.

| გააზიარე
მოგწონთ?