რატომ არ უნდა დავნებდეთ შესაფერისი პროფესიის შერჩევისას


როდესაც თემის ეს ვარიანტი წავიკითხე, რატომღაც ერთი შემთხვევა გამახსენდა. რამოდენიმე კვირის წინ, უნივერსიტეტიდან დაღლილი დავბრუნდი და სადილის შემდეგ, ერთ-ერთი რეალითი შოუს ყურება გადავწყვიტე. პროექტის წესები მარტივი იყო. 

ყოველ სეზონზე ოთხ კაციანი პროფესიონალი ჟიური 13 ან 14 მონაწილეს არჩევდა. ყოველკვირეულად მონაწილეები იღებდნენ დავალებებს და კვირის ბოლოს ყველაზე სუსტი კონკურსანტი ტოვებდა შოუს. პრიზებიც არაჩვეულებრივი იყო, განსაკუთრებით ერთწლიანი 100,000$-იანი კონტრაქტი ერთ-ერთ ცნობილ ბრენდთან. უკვე სეზონის ნახევარი იყო გასული და მორიგი გაგდების ცერემონიალზე ჟიურის ძალიან გაუჭირდა გადაწყვეტილების მიღება. მხოლოდ 6 უძლიერესი მონაწილე დარჩა, თუმცა პროექტი ვინმეს უნდა დაეტოვა. საბოლოოდ, მონაწილემ, რომელმაც პროექტი დატოვა თავის კონკურენტზე ოდნავ უკეთესი შედეგიც კი აჩვენა, მაგრამ ეს იმ მომენტში არ აღმოჩნდა გადამწყვეტ ფაქტორად. უბრალოდ, იგი ამ პროექტს ისე უყურებდა, როგორ დასასრულს. მარცხის შემვევაში იგი არ აპირებდა, ისეთივე შემართებით ბრძოლის გაგრძელებას საკუთარი კარიერისთვის. გადარჩენილი კონკურსანტი კი მზად იყო პროექტის დასატოვად, ეს მისთვის მძიმე დარყმა იქნებოდა, მაგრამ მან წინა სეზონის ორი მონაწილე გაიხსენა, რომლებმაც მართალია მხოლოდ მესამე  და მერვე ადგილი დაიკავეს წინა სეზონზე, თუმცა საბოლოოდ, გამარჯვებულზე დიდ წარმატებას მიაღწიეს.


ეს ყველაფერი იმის მაგალითია, რომ არცერთ მნიშველოვან და გრანდიოზულ გამოწვევას არ უნდა შევხედოთ როგორც ბოლო შანსს. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა პროფესიის არჩევისას ის არის, რომ ადამაინები არ არიან მზად მარცხისათვის. პირველივე სერიოზული დარტყმისას მათ ჰგონიათ, რომ არ არიან იმ ადგილას, სადაც უნდა იყვნენ, რადგან, მათი აზრით, ის პროფესია რომელიც მათ შეეფერებათ აუცილებლად მხოლოდ სწორი გზით წაიყვანს მათ.

სწორი და შესაფერისი პროფესიის ასარჩევად რამოდენიმე რჩევის მოცემა შემიძლია:

1. თითოეული ადამიანი გულრწფელი უნდა იყოს საკუთარი თავის წინაშე. ობიექტურად შეაფასოს თავისი ჭკუა, განათლება და სხვადასხვა მონაცემები, რაც საბოლოოდ ადამიანის ინდივიდუალიზმს განსაზღვრავს. არ ღირს იმაზე ვიონცებოთ და მივისწრაფოდეთ იმ პროფესიისკენ, სადაც საკმარისი პოტენციალი არ გაგვაჩნია.

2. მაქსიმალურად ეცადეთ ნაკლები უსმინოთ მშობლებს, რომლებიც როგორც წესი ბაღის ასაკიდანვე გვახვევენ თავიანთ აზრს იმ პროფესიის შესახებ, რაზეც შესაძლოა თვითონვე ოცნებობდნენ ოდესღაც. ძალიან ბევრი მშობელი საკუთარი არარეალიზებული ამბიციების გამართლებას საკუთარ შვილებზე ცდილობენ. ძალიან იშვიათია, როდესაც მშობლისა და მოზარდი შვილის ინტერესი ერთმანერთს ემთხვევა. როგორ წესი, მათ ან საკამრისი პოტენციალი არ გააჩნიათ მშობლების მიერ არჩეულ სფეროში, ან უბრალოდ ინტერესი.

3. მზად უნდა იყოთ ბევრი იმუშავოთ საკუთარ თავზე. ჩემი აზრით, იოლ გზას მხოლოდ საშუალო შედეგამდე მივყავართ. არ აქვს მნიშვნელობა სტილისტი, ხელოსანი თუ მეცნიერი ხარ. საუკეთესო თუ არა ერთ-ერთი საუკეთესო მაინც უნდა იყო შენს დარგში. ამ ამბიციის გარეშე შეუძლებელია წარმატებას მიაღწიო. პირადად მე, სიზარმაცის დასაძლევად მე ჩემი ხერხი მაქვს. ყოველთვის წარმოვიგენ იმაზე უარეს მომავალს ვიდრე მინდა, რომ მქონდეს და დაბრკოლებების დაძლევაც უფრო ადვილი ხდება.


4. სწორად განსაზღვრე შენი ძალები. კარიერისკენ მიმავალ შუა გზაზე რომ არ გადაიწვა, ან მოსალოდნელი იმედები, რომ არ გაგიცრუვდეს.


5. ზოგჯერ საჭიროა ენდო საკუთარ ინტუიციას. უამრავ კითხვებზე შეგვიძლია პასუხები მივიღოთ თუ ჩვენს შინაგან ხმას მოვუსმენთ.


6. ძირფესვიანად შეისწავლე და იკითხე დამატებითი ლიტერატურა იმ პროფესიაზე რაც აირჩიე. თუ ეს ყველაფერი დაღლილობის მიუხედავად სიამოვნებას მოგანიჭებს, ესე იგი სწორ გზაზე დგახარ.

ჯერ მხოლოდ 20 წლის ვარ და პერიოდულად მე თავად მიჭირს რაღაც კონკრეტულ მომენტში სწორი გზის არჩევა. მაგრამ ერთ რამეს მივხვდი, ადამიანის მოტივირება ძალიან ადვილია, რთულია მხოლოდ ისეთი ადამიანის გაცნობა და  მოსმენა, ვინც შენთვის ავტორიტეტი იქნება. სწორ რჩევებს უმეტესად ისეთი ადამიანები გვაძლევენ, რომლებმაც თავად ვერაფერს ვერ მიაღწიეს ცხოვრებაში. სწორედ ამიტომ, კარგ რჩევებს ფასი ეკარგებათ და ყველაფრის ხელოვნურად გართულებას ვიწყებთ. სინამდვილეში კი ყველაფერი გენიალური ძალიან მარტივია.

და ბოლოს, არ დაგავიწყდეთ ერთი რამ, ყველაზე დიდი სიამოვნებაა, როდესაც ზრდასრულ ასაკში, დილით იღვიძებ და აცნობიერებ იმ ფაქტს, რომ შენი პროფესია ეს არის შენი ნარკოტიკი ან მეორე ოჯახი, როდესაც იგი არა მხოლოდ ფულის წყარო, არამედ სიამოვნების და შთაგონების წყაროა. თავის საყვარელ საქმეში რეალიზებულ ადამიანს აბსოლუტურად არაფრის არ უნდა ეშინოდეს ცხოვრებაში.


ბექა ჯანელიძე

| გააზიარე
მოგწონთ?