„წიგნი, რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა“


"თეთრი კომფორტული მანქანა, დიდი და ლამაზი სახლი, მეორე ნახევარი და შვილი, მოგზაურობა... Stop! ამაზე ხომ 4-5 წლის წინ ვოცნებობდი."
ჩვენ ზოგჯერ ვერც კი ვამჩნევთ, როგორ სრულდება ჩვენი სურვილები. 


ერთ - ერთი პირველი წიგნი, რომლის წაკითხვა დამჭირდა გასაუბრებისთვის, სტუდენტობის პერიოდში იყო რონდა ბერნის "საიდუმლო". თუმცა Prime Time Productions-ის დამფუძნებელმა რონდა ბერნმა ჯერ გადაიღო ფილმი "The secret", მერე კი დაიბეჭდა და გამოიცა წიგნი იგივე სათაურით.

ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ ნათელია, თუ რატომ ხდებოდა გარკვეული მოვლენები ჩვენს ცხოვრებაში. ეს არ არის ერთჯერადად წასაკითხი წიგნი. ყოველი წაკითხვისას, ცხოვრების ახალ ეტაპზე გვიჩნდება განსხვავებული ფიქრები და აზრები, გვეუფლება სხვადასხვა გრძნობები. ყველა იპოვის თავისთვის რამე ახალს. არ შეიძლება რომ ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ რამე არ შეიცვალოს თქვენს ცხოვრებაში. წიგნი ეხება ცხოვრების ყველა სფეროს.

ჩემს მაგალითზე ვიცი, რამდენი რამ მოხდა ამ წლების განმავლობაში, რაც მე პირველად წავიკითხე ეს წიგნი. რამდენიმე დღის წინ ისევ მომიხდა წაკითხვა და მივხდი თუ რატომ აღმოვჩნდი იქ სადაც ახლა ვარ.

გახსოვდეთ, რომ უნდა გახსოვდეთ:
- არ იფიქროთ იმაზე, რაც არ გინდათ. ცუდის ფიქრით ჩვენ ვიზიდავთ კიდევ უფრო მეტ ცუდს ჩვენს ცხოვრებაში, "მსგავსი იზიდავს მსგავსს". ჩვენი გონება და სამყარო არ ითვისებს უარყოფით სიტყვებს "არ" მინდა და "არა"-ს. მარტივი მაგალითი: არ იფიქროთ ყვითელ ლიმონზე! უმეტესობა თქვენგანის გონებაში წარმოისახა ყვითელი ლიმონი, ხომ ასეა?! შეცვალეთ ნეგატიური აზრები და იფიქრეთ იმაზე, რაც გინდათ და არა იმაზე, რაც არ გინდათ.

- მოითხოვე. ირწმუნე. მიიღე. დაისახე მიზანი, მოახდინე საბოლოო შედეგის ვიზუალიზაცია. საჭიროა აბსოლუტური რწმენა, წარმოიდგინე, რომ შენ უკვე მიაღწიე იმას, რაც გინდოდა, ერთი წამითაც არ უნდა შეგეპაროს ეჭვი შენს თავში. უნდა იყო მზად, რომ მიიღო. არ არსებობს მიზანი, რომლის მიღწევა შეუძლებელია. საჭიროა მხოლოდ შენი ურყევი რწმენა. კონფუცმა თქვა ''ის ვინც იცის რომ შეძლებს ან ის ვინც იცის რომ ვერ შეძლებს - ორივე მართალია!''

იყავი მადლობელი! მადლიერება იზიდავს შენს ცხოვრებაში კიდევ უფრო მეტს, რისთვისაც შენ იქნები მადლიერი.

გაეცი სიყვარული. თუ არ გაეცი - ვერ მიიღებ. არასდროს შეგიმჩნევია, როცა ცუდ ხასიათზე ხარ და ხედავ ქუჩაში ან მეტროში პატარა ბავშვს, რომელიც გიღიმის, უნებურად უღიმი პასუხად. მან გასცა სითბო და სიხარული და მიიღო იგივე შენგან ღიმილის სახით.

- მოახდინე შენი სურვილების ვიზუალიზაცია დეტალებში. იგრძენი საბოლოო შედეგი. ჩვენი ამოცანაა ვიყოთ ბედნიერები ახლა, ამ წამს. არის კიდევ ბევრი რამ, რაც გვავიწყდება ყოველდღიურ ყოფაში. ეს წიგნი დაგეხმარება გაიაზრო ის რა და რატომ ხდება შენს ცხოვრებაში და შეცვალო უკეთესობისკენ პირველ რიგში შენი ფიქრები, შედეგად კი ცხოვრება, რადგან ჩვენ ვართ ჩვენი ფიქრების შედეგი.


მარიამ კანკია

პროექტი ''წიგნი, რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა''

| გააზიარე
მოგწონთ?