რატომ უნდა შევასრულოთ ნებისმიერი სამუშაო მაღალ დონეზე


დღევანდელ სტატიაში მინდა ვისაუბრო ადამიანებზე, რომლებსაც აქვთ კარგი განათლება და საყვარელი საქმის კეთების სურვილი, მაგრამ არ აქვთ შესაფერისი სამსახური და ვერ ახდენენ საკუთარი თავის აბსოლუტურ რეალიზებას. ამიტომ იმ სამსახურეობრივ  მოვალეობებს, რომლებიც მათზეა დაკისრებული, უგულოდ ასრულებენ. ასეთი ადამიანები ფიქრობენ, რომ მათი ცხოვრება მოსაწყენია და ისინი გაცილებით მეტს იმსახურებენ ცხოვრებისგან, თუმცა  რადგან  არ აქვთ კარიერული წინსვლა, გაღიზიანებული და უიმედონი არიან.

ერთის მხრივ ეს არ არის გასაკვირი, თუმცა თანამშრომლებისგან დაკომპლექტებული შტატი, რომელიც არ არის მოტივირებული, ვნებს არა  მარტო დამქირავებელს, არამედ საკუთარ თავსაც, რადგან როდესაც ვასრულებთ საქმეს, რომელიც არ მოგვწონს, გამუდმებით მოწყენილნი ვართ. დღეებიც უფერული გვეჩვენება. იშვიათად ვიღიმით და გამუდმებით ვუყურებთ საათს  და იმ შემთხვევაში, თუ მომსახურეობის სისტემაში ვმუშაობთ, გარშემომყოფებსაც ცუდ განწყობას გადავცემთ, რაც უარყოფითად აისახება მთელ სისტემაზე. შესაბამისად, მომსახურეობის ხარისხი არ არის მაღალი  და  ადამიანები, რომლებიც ამ სფეროში არიან დასაქმებული, მოკლებული არიან უნარებს, რომლებიც აუცილებელია მომსახურეობის სფეროში წარმატების  მისაღწევად.

მომსახურეობის სფეროში იგულისხმება როგორც კომპანიებსა და კლიენტებს შორის, ასევე უბრალო სავაჭრო ობიექტში, პრესის ჯიხურში ან კვების ობიექტში გამყიდველსა და მყიდველს შორის ურთიერთობა.      

მართალია, ხშირად ასეთ დაწესებულებებში მომუშავე პერსონალს არ აქვს სათანადო ანაზღაურება და შეიძლება უამრავი  პრობლემის მოგვარებას ვერ ახერხებენ, მაგრამ მიუხედავად ამისა, თითოეული ჩვენგანი ვალდებულია დაკისრებულ მოვალეობას წარმატებით გაართვას თავი, რადგან ეს უპირველეს ყოვლისა თავად ჩვენზე მოქმედებს დადებითად. თუ ჩვენ ვიქნებით მონდომებულები, გვექნება ღიმილი სახეზე და კარგი განწყობა, ვიქნებით ენთუზიაზმით სავსე, უფრო მეტ მომხმარებელს მოვიზიდავთ. შესაბამისად, საქმეც კარგად წავა ჩვენს სამსახურში, დღეები აღარ იქნება რუტინული, გაჩნდება ხელფასის გაზრდის და დაწინაურების მეტი პერსპექტივა.


გარდა ამისა, როდესაც საქმე, რომელშიც ჩართული ხართ წარმატებულია, ეს თქვენთვისაც მეტი მოტივაციის მომცემია. ამიტომ, როდესაც ხართ შრომისმოყვარე, ენერგიული და მონდომებული თანამშრომელი, ეს არასდროს რჩება შეუმჩნეველი. თქვენს შრომას აუცილებლად დააფასებენ გარშემომყოფები  და საჭიროებისამებრ მოგცემენ კიდეც კარგ რეკომენდაციებს. დადებითი შეფასება კი ყოველთვის საჭიროა წარმატების მისაღწევად. ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ დანებდეთ, იყავით მოტივირებული და სიყვარულით შეასრულეთ საქმე, რომელსაც ემსახურებით.


სამუშაოს  პარალელურად  კი არ შეწყვიტოთ განვითარება. როგორმე  მოახერხეთ და იკითხეთ წიგნები. დღეში თუნდაც 30 წუთი დაუთმეთ თვითგანვითარებას. დასვენების დღეებში დაეუფლეთ უცხო ენას. 

ამ ყველაფრის პარალელურად  ეძებეთ ისეთი სამსახური, რომელიც მოგწონთ, მიჰყევით თქვენს ოცნებებს კვალდაკვალ და აუცილებლად მიაღწევთ წარმატებას. არასდროს იფიქროთ, რომ საქართველოში წარმატების მიღწევა შეუძლებელია. მერწმუნეთ, ცოდნით და დაუღალავი შრომით  დიდ წარმატებას მიაღწევს ყველა.
 

| გააზიარე
მოგწონთ?