შთამაგონებელი ფრაზები „გრეის ანატომიიდან“


მათ, ვისაც სერიალები გიყვართ და ჯერ „გრეის ანატომიის“ ყურება არ დაგიწყიათ, გირჩევთ დღესვე დაიწყოთ. ამბობენ სერიალების ყურება დროის ფლანგვის ერთ-ერთი საშუალებააო, თუმცა იმას, რაც ცხოვრებისეულად გვზრდის, ბევრ კარგს გვასწავლის და მოტივაციასაც გვაძლევს, არ შეიძლება დროის ფუჭი ხარჯვა ვუწოდოთ. სწორედ ასეთ სერიალებს მიეკუთვნება ამერიკელი რეჟისორის შონდა რაიმსის მიერ შექმნილი „გრეის ანატომია“, რომელიც 2005 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება.

მწუხარება და სიხარული.. მეგობრობა.. იმედგაცრუება.. სიკვდილი.. სიყვარული.. წარმატება თუ წარუმატებლობა.. სწორედ ამ ყველაფერს აერთიანებს რეჟისორი სერიალში და ჩვენც მის თანამონაწილეს გვხდის. ის, რაც სიეტლის ერთ-ერთ საავადმყოფოში ხდება ერთი დიდი ამბავია, თავისი დრამატიზმით, ექიმების უსაზღვრო შესაძლებლობებითა და დიდი იმედის მქონე პაციენტებით, ამ ყველაფრის ერთობლიობა კი ჩვენთვის ყოველ სერიას შთაგონების 45 წუთად აქცევს.


გთავაზობთ შთამაგონებელ გამონათქვამებს სერიალიდან „გრეის ანატომია“:


„არაფერია იმაზე ცუდი, ვიდრე იმ შესაძლებლობების უგულებელყოფა, რომლებსაც შენი ცხოვრების შეცვლა შეეძლო.“


„ჩვენ ისევ ვცდით.. ისევ დავმარცხდებით, რადგან პროგრესი სწორედ ბევრი წარუმატებლობისგან შედგება. მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ ყველა მარცხი დაგვამწუხრებს, თუმცა არ უნდა დავნებდეთ, ჩვენს ოცნებებზე უარი არ უნდა ვთქვათ და ერთ დღესაც ჩვენ მივაღწევთ წარმატებას.“


„ადამიანები შეიძლება მწუხარებამ გატეხოს, თუმცა ყველამ იცის, რომ შესაძლებელია გატეხილის შეკეთება.. ტკივილის განკურნება.. და არ აქვს მნიშვნელობა რამდენად დაბნელდება, მზე მაინც ყოველთვის ამოვა.“


„როდის მთავრდება ძველი და იწყება ახალი? ეს არც ჩვენს დაბადების დღეზე ხდება და არც ახალ წელს. ეს დიდი ან პატარა მოვლენაა, რომელიც გვცვლის, გვაძლევს იმედს, ცხოვრების ახალ გზას და ახალ ხედვას სამყაროს მიმართ. გზა, რომელიც გვავიწყებს ძველ ჩვევებსა და მოგონებებს.“


„არასდროს მისცე შიშს უფლება, რომ გაგაჩუმოს. შენ გაქვს ხმა, გამოიყენე ის, დაიწყე საუბარი, ხმამაღლა წარმოთქვი შენი სიტყვები, ყველას გააგებინე შენი ხმა. რაც არ უნდა რთული იყოს, თავდაპირველად იპოვე შენი ხმა და როდესაც იპოვი, აუცილებლად დაარღვიე სიჩუმე.“


„იმის გამო, რომ ადამიანები ხანდახან ცუდად იქცევიან, ყოველთვის არ ნიშნავს, რომ ისინი ცუდი ადამიანები არიან.“


„ხანდახან აუცილებელია, რომ შეცდომა დაუშვა, რათა სწორად მოქცევა ისწავლო. შეცდომები მტკივნეულია, თუმცა მხოლოდ მათი საშუალებით ვიგებთ ვინ ვართ სინამდვილეში.“


„მთელ ცხოვრებას მომავალზე ფიქრში ვატარებთ. ვაწყობთ გეგმებს და ვცდილობთ ვიწინასწარმეტყველოთ თუ როგორი იქნება ჩვენი მომავალი, მაგრამ ის ყოველთვის ცვალებადია. ის სახლია, სადაც ჩვენი ყველაზე ღრმა შიშები და იმედები ბინადრობენ, თუმცა ერთი რამ ცხადია - როდესაც მომავალი ჩვენი აწმყო გახდება, არ იქნება ზუსტად ისეთი, როგორიც ჩვენს წარმოსახვაში იყო.“


„შენ შეგიძლია ითხოვო რჩევა სხვებისგან, გარშემო კარგი მრჩეველები შემოიკრიბო. თუმცა საბოლოოდ გადაწყვეტილების მიღება თავად მოგიწევს.. ამისთვის სრულიად მარტო იქნები. და როცა ეს მომენტი დადგება, ერთადერთი ხმა, რომელიც შენთვის მნიშვნელოვანი იქნება, შენს თავში ეძებე, მხოლოდ ის გეტყვის სიმართლეს.“


და ბოლოს - „It’s a beautiful day to save lives“ - „მშვენიერი დღეა სიცოცხლის გადასარჩენად“

 

| გააზიარე
მოგწონთ?