გიჟური გადაწყვეტილებით დაწყებული წარმატებული ბიზნესი


რესპონდენტი, რომელმაც უარი თქვა სტაბილურ სამსახურზე, ახალ შემოთავაზებებზე და შემაშინებელი საბანკო ვალდებულებების ფონზე საკუთარი ბიზნესი დაიწყო! 

წარმატების მიღწევის ერთ-ერთი მთავარი პირობა იმ გამოცდილებების გაზიარებაა, რომელსაც ჩვენს ირგვლივ მყოფი ადამიანები მრავალი დაბრკოლების ფონზე აგროვებენ და წარმატებას აღწევენ.

ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი ნატალია თომაშვილია. მან შექმნა ინგლისური კლუბი ''ENGLISH CLUB GEORGIA'', რომელიც ბევრ ადამიანს ეხმარება წარმატებით შეისწავლოს ინგლისური ენა და გამოიყენოს თავისი მნიშვნელოვანი მიზნებისთვის.

თქვენ ხელმძღვანელობთ ინგლისურ კლუბს, თანამედროვე მეთოდებით და ბევრ ადამიანს ეხმარებით მარტივად და საფუძვლიანად შეისწავლონ ინგლისური ენა, რა კონკრეტული ნაბიჯები გადადგით ამ ყველაფრის შესაქმნელად?

ინგლისური კლუბის შექმნამდე, ვმუშაობდი ერთ-ერთ საჯარო სამსახურში და მქონდა კარგი ანაზღაურება, მაგრამ ეს სამსახური იყო ჩემთვის მხოლოდ აუტანელი ვალდებულება. ყოველ საღამოს სახლისკენ მომავალი, გზაში ვფიქრობდი, რომ რაღაც უნდა შემეცვალა, ვგრძნობდი რომ ეს მოსაწყენი რუტინა, სადაც არაფერი ახალი არ ხდებოდა, ნელ-ნელა ცვლიდა ჩემს ხასიათს, სულ უფრო მეტად ვემსგავსებოდი საკუთარი ცხოვრებით უკმაყოფილო ადამიანს, რომელიც თავისი სამსახურის ტყვეა და მუდმივად რაღაცაზე წუწუნებს. ამ ფონზე, აზრად მომივიდა შემექმნა ფეისბუქ გვერდი, სადაც დაინტერესებული ადამიანებისთვის იქნებოდა რეკომენდაციები ინგლისურის შესწავლის სფეროში. ამ კუთხით საზღვარგარეთ და სამშობლოში მუშაობის დიდი გამოცდილება მქონდა, შესამაბისად, ის პრობლემები რაც აწუხებს ინგლისურის შესწავლის მსურველს, ჩემთვის კარგად ნაცნობია.

გამიჩნდა მიზანი დავხმარებოდი ადამიანებს, ეპოვათ ის ეფექტური გზა ენის ასათვისებლად, რომელიც რეალურად მუშაობს.
ეს იყო დასაწყისი. ჩემმა ფეისბუკ გვერდმა ყველანაირი ფინანსური ძალისხმევის გარეშე, უცბად დაიწყო აუდიტორიის შემოკრება, სულ უფრო მეტი და მეტი ადამიანი შემოდიოდა ყოველდღიურად. ისინი ეცნობოდნენ ჩემს აზრებს, რეკომენდაციებს, ასრულებდნენ ჩემს დაწერილ სავარჯიშოებს, აკომენტარებდნენ და რეაგირებდნენ ჩემს პოსტებზე. პირად შეტყობინებებში მწერდნენ  უამრავ წერილს, რომლის ნაწილი ახლაც შენახული მაქვს არქივში. ეს იყო პერიოდი, როცა სახლში მოსული, დასვენებისა და ტელევიზორთან გატარებული, ზარმაცი საღამოების ნაცვლად, დაუღალავად ვკითხულობდი ჩემსავე სფეროში პოპულარული ექსპერტების რჩევებს, ვფიქრობდი, როგორ შეიძლებოდა დამენერგა საზღვარგარეთ გამოცდილი მეთოდები ადგილობრივ მომხმარებელთან, განსაკუთრებით საინტერესო იყო ნეგატიური შეფასებები, ისინი მეხმარებოდნენ გამეგო რა იყო ძირითადი პრობლემა და როგორ მომეძებნა გამოსავალი.

საბოლოოდ, ინგლისური კლუბის გვერდის აუდიტორია და ჩემი მაშინდელი სამსახური ერთმანეთთან შეუთავსებელი გახდა და მივიღე იმ მომენტისთვის გიჟური გადაწყვეტილება, წამოვსულიყავი სამსახურიდან, უარი მეთქვა სტაბილურ ხელფასზე, დაზღვევაზე, ჩემი უფროსებისგან ახალ, საინტერესო შემოთავაზებაზე და მიუხედავად ჩემი შემაშინებელი საბანკო ვალდებულებებისა, დამეწყო ყველაფერი ნულიდან. ამ რთული ნაბიჯის შემდეგ, იყო უკვე საკუთარი ოფისი, ჩემი სამუშაო კუთხე და პირველი რეზიდენტები, რომლებიც უკვე ონლაინ შემოუერთდნენ ინგლისურ კლუბს და ჩემს ლექციებს.

თქვენი აზრით, რა არის აუცილებელი წარმატების მისაღწევად?

წარმატების მისაღწევად ყველაზე მნიშვნელოვანია გქონდეს კონკრეტული, ჩამოყალიბებული გეგმა, უნდა იცოდე სად ხარ ამ მომენტში და სად გინდა რომ მიხვიდე. შემდეგ უნდა დაგეგმო რა ნაბიჯების გადადგმაა საჭირო და უნდა მოიფიქრო როგორ მიხვიდე სასურველ შედეგამდე. ეს ყველაფერი უნდა გქონდეს ჩამოყალიბებული და გათვლილი დროში. მუდმივად უნდა გქონდეს განვითარების გეგმა და ყოველთვის უნდა იცოდე რა ხდება შენს სფეროში ამ მომენტისათვის. უნდა უსმინო ექსპერტებს, მათ რჩევებს, სიახლეებს. უნდა მართო შენი წარმატება და იცხოვრო ხვალინდელი დღით.

თქვენი ტოპ 5 რჩევა ადამიანებს, რომელთაც სურთ მიაღწიონ წარმატებას.

1. ბევრი კითხვა. ინფორმაცია არის ყველაზე დიდი იარაღი, ყველაზე ძლიერი მეგობარი და მრჩეველი. წაიკითხეთ ბევრი.

2. კონკრეტული გეგმა მიზნის მისაღწევად, ასე თუ ისე, ყველა ადამიანს აქვს მიზანი, მაგრამ ეს არაა საკმარისი, ამ მიზნის იქით დგას მისი მიღწევის კონკრეტული გეგმა, გადასადგმელი ნაბიჯები და სტრატეგია.

3. იმოქმედეთ, ადამიანები ხშირად საუბრობენ თავის იდეებზე, რას როგორ გააკეთებდნენ და რა შედეგებს მიიღებდნენ. მაგრამ შემდეგ მიდიან სახლში და არაფერს აკეთებენ. აგრძელებენ ცხოვრებას თავიანთ ძველ რეჟიმში. მხოლოდ კონკრეტული ქმედება მოიტანს შედეგს, შენი დრო როგორც რესურსი არის ყველაზე ძვირფასი, ამიტომ იმოქმედე!

4. ჯანმრთელი და ბედნიერი შინაგანი სამყარო. თუ დაბოღმილი აკეთებ რაღაცას არაფერი გამოვა. მაქსიმუმ რაღაცას დაამტვრევ, ნერვებს დაიწყვეტ და უარესად იგრძნობ თავს, მოძებნე შენი წილი ბედნიერება.

5. არასდროს დანებდე. თუ შენს მოქმედებებს არ მოაქვს შენთვის სასურველი შედეგები, შეცვალე ხედვა, მოძებნე სხვა გზა, რომელიც მიგიყვანს წარმატებამდე და შენს მიზნებამდე.


თეონა გლოველი

| გააზიარე
მოგწონთ?