წარმატებული გოგონა საქართველოდან, რომელიც ჩვენს ქვეყანას მსოფლიოს აცნობს!


ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი  25  წლის  სალომე  სალაძეა.  უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ჯერ გერმანიაში, შემდეგ ავსტრიაში ცხოვრობდა და სწავლობდა. 

გერმანიაში ცხოვრების დროს აქტიურად იყო ქართული სათვისტომოს საქმიანობაში ჩართული და თანამოაზრეებთან ერთად მიუნხენის ქართული ბიბლიოთეკა დააარსა. ზალცბურგის უნივერსიტეტის პარალელურად ავსტრიული წითელი ჯვრის ინტეგრაციის ელჩი გახდა და უამრავ სკოლის მოსწავლეს თავისი ლექციებით საქართველოს აცნობდა.

2015 წელს იყო საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში. ეს პროგრამა სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ განხორციელდა და უცხოეთში მცხოვრები ქართველი ახალგაზრდების ერთად შეკვრას და საქართველოს პოპულარიზაციას ისახავდა მიზნად. ავსტრიაში ამ პროგრამის ფარგლებში სალომეს მიერ 40-მდე ღონისძიება ჩატარდა. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ავსტრიაში პირველი ახალგაზრდული ორგანიზაციის ''ავსტრიის ქართველ სტუდენტთა ასოციაციის'' - დაარსება გახლდათ, ასოციაცია სრულიდ უანგროდ, გზას უკვალავს იმ ადამიანებს, რომელთაც ავსტრიაში სასწავლებლად წასვლა სურთ. საკუთარი წარმატების გზაზე სალომე თავად გვესაუბრება.

სალომე, როდის და რატომ გადაწყვიტეთ საზღვარგარეთ სწავლა?
მას შემდეგ, რაც საზაფხულო პროგრამით 2012 წელს გერმანიაში მოვხვდი, 3 თვეში მტკიცედ გადავწყვიტე, რომ  აქ უნდა მესწავლა. სიმართლე გითხრათ მანამდე აქაურ განათლების სისტემასთან უშუალო შეხება არ მქონია. უბრალოდ, ვიცნობდი ძალიან ბევრ ქართველს, რომელიც გერმანიაში და ავსტრიაში სწავლობდა და მათგან გაგონილით გამომქონდა დასკვნები აქაურ ხარისხიან სწავლებაზე. ვსწავლობ ვენის უნივერსიტეტის პოლიტიკისა და დიპლომატიის მაგისტრატურაზე. პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების ინტერესიდან გამომდინარე საქართველოში მიღებული განათლების აქ გაღრმავება გადავწყვიტე, თუმცა არ გამოვრიცხავსამომავლოდ სხვა სფეროების სიღრმისეული შესწავლა დავიწყო და სასწავლო მიმართულებაც შევიცვალო.

ვარ ერთი ჩვეულებრივი სტუდენტი, იმის დამატებით, რომ თუ რაღაც ქართულს არ ვაკეთებ თავს ძალიან ცუდად ვგრძნობ. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ მინდოდა მესწავლა რაღაც ახალი, წავსულიყავი ახალ გარემოში, იქ, სადაც ჩემს თავზე ვიქნებოდი თავიდან ბოლომდე დამოკიდებული, სადაც ბევრად უფრო მეტი გამოწვევადამხვდებოდა. ძალიან რთულია, საქართველოდან ჩამოსულმა აქ ნულიდან დაიწყო ყველაფერი, ისწავლო, განვითარდე, ირჩინო საკუთარი თავი, მაგრამ ასეულობით ქართველი სტუდენტი ამას ახერხებს! რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, განათლების გარდა აქაურობა გაძლევს ძალიან დიდ ცხოვრებისეულ გამოცდილებას, გხდის უფრო ჰუმანურს და გეხმარება გახდე უფრო კონკურენტუნარიანი.

რა ეტაპები გაიარეთ იქამდე, სანამ საქართველოს ახალგაზრდა ელჩი გახდებოდით ავსტრიაში?
ბევრი  ექსპერიმენტის  ჩატარების  შესაძლებლობა  გეძლევა  საკუთარი  თავის  აღმოჩენისა და განვითარებისთვის. აგვისტოს თვეში სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს განცხადებას წავაწყდი, სადაც მოტივირებულ ახალგაზრდებს ეძებდნენ, ახალი პროგრამისთვის „გახდი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“. ქვეყნების ჩამონათვალი სწრაფად ჩავიკითხე, ავსტრიაც ეწერა. მიუხედავად იმისა, რომ მაშინვე გადავწყვიტე მონაწილეობის მიღება, განაცხადების მიღების დასრულებამდე 3 წუთით ადრე გავაგზავნე ჩემი მონაცემები. შემდეგ იყო გასაუბრება და ბოლოს, საქართველოში დასასვენებლად ჩასულს მაცნობეს, რომ საქართველოს ახალგაზრდა ელჩი გავხდი! იმ წამს ვიყავი ძალიან ბედნიერი, მაგრამ ცოტა შეშინებულიც, რომ ამხელა პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ავიღე! ახალგაზრდა ელჩებს გვევალებოდა, ჩვენი პირადი ინიციატივების საფუძველზე უცხოელებისთვის საქართველო გაგვეცნო.

ასევე, აქ მყოფი ქართველები ერთმანეთისთვის დაგვეახლოვებინა. ჩამოვწერე პროექტები, თუ რას გავაკეთებდი ერთ წელში და წლის ბოლოს აღმოჩნდა, რომ განხორციელებული პროექტების რაოდენობა 40-მდე ავიდა. მათგან უმრავლესობა გახლდათ კულტურის საღამოები ავსტრიის სხვადასხვა ქალაქში, ქართული ღვინის, კერძების, ხალხური ცეკვების და სიმღერების წარმოჩენა.
წარმოიდგინეთ, უამრავმა ავსტრიელმა არც კი იცის საქართველო სად მდებარეობს, ჰგონიათ, რომ ჩვენ რუსულად ვსაუბრობთ და რუსეთის ნაწილი ვართ, ახსოვთ მხოლოდ შევარდნაძე, ისიც იმიტომ, რომ გერმანიის გაერთანებაში შეიტანა წვლილი.
განსაკუთრებით მაშინ ვბრაზდებოდი ხოლმე, როცა  უდიდესი ძალისხმევა მჭირდებოდა, რომ სკოლის მოსწავლეებისთვის ამეხსნა სად მდებარეობს ჩემი ქვეყანა და მათ არაფერი ჰქონდათ საქართველოზე გაგონილი!

განსაკუთრებით რომელ განხორციელებულ პროექტებს გამოყოფდით მათი მნიშვნელობით?
ამ ერთი წლის მანძილზე ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი „ავსტრიის ქართველ სტუდენტთა“ ასოციაცია დაარსდა, რომლის მთავარი დანიშნულება საქართველოს პოპულარიზაციასთან ერთად ის გახლავთ, რომ ის გზა, რაც თითოეულმა ჩვენგანმა გავიარეთ აქ სწავლის დაწყებამდე, სრულიად უსასყიდლოდ, გავუმარტივოთ ქართველ ახალგაზრდებს. ამისთვის შევქმენით ორი მნიშვნელოვანი პროექტი, ერთი - მონაცემთა ბაზა, სახელწოდებით „სწავლა ავსტრიაში“, სადაც ყველანაირ ინფორმაციას ნახავთ, რაც ავსტრიულ უნივერსიტეტში ჩაბარებისთვის გჭირდებათ. 
მეორე, პროექტია „მენტორი“, მის  ფარგლებში აქ მცხოვრები ახალგაზრდები ვხდებით მენტორები და პირადად ვეხმარებით და ვაკვალიანებთ იმ სტუდენტებს, რომლებიც ახალი ჩამოსულნი არიან ავსტრიაში, ან საქართველოში არიან და რომელიმე ავსტრიული უნივერსიტეტისგან დასტური აქვთ მიღებული. ამ ყველაფერს კი მხოლოდ ენთუზიაზმის ხარჯზე, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე აკეთებს ახალგაზრდა, ენერგიული გუნდი, ის ადამიანები, რომლებმაც ეს სტუდენტური ასოციაცია დააარსეს და განავითარეს.

რას ეტყოდით  მათ, ვინც  ფიქრობს, რომ ევროპაში ყოფნა „მარტივია“?
ხანდახან მგონია, რომ ევროპაზე გვაქვს არასწორი წარმოდგენა, არასწორი მოლოდინები. გვგონია, რომ იქ მარტივია ყველაფერი. გარკვეული ძალების მიერ ამ ბოლო დროს გავრცელებული ფრაზა „გარყვნილი ევროპა“ მხოლოდ ღიმილს იწვევს ჩემში. ეს არის ადგილი, სადაც გეძლევა საშუალება განვითარდე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას თავად მოინდომებ! სადაც ნაკლებად უსვამენ ხაზს შენს კანის ფერს, რელიგიას, წარმომავლობას და წინა პლანზე შენი პიროვნული მახასიათებლები, პროფესიონალიზმი და ის არის, თუ ვინ ხარ დღეს. გჭირდება მუდმივი შრომა და ზუსტად შენი შრომის პირდაპირპროპორციულია წარმატება. სხვა რომ არაფერი, არ ხარ შენს ქვეყანაში, გერმანული არ არის შენი მშობლიური ენა და გიწევს მუდმივ კონკურენციაში ყოფნა სხვებთან. ამის გარდა, გვერდით არ გყავს შენი მეგობრები და ოჯახის წევრები. ძალიან რთულია ეს ყველაფერი, მაგრამ რამდენადაც რთულია, იმდენად სასიამოვნოა ყოველი გამოწვევის წარმატებით დაძლევის შემდეგ არსებული სიხარული.

შეგიძლიათ მოტივაცია მისცეთ ქართველ სტუდენტებს? თქვენი ტოპ  5 რჩევა:
ის რაც მინდა თანატოლებს ვურჩიო და ეს მოტივაციაც იქნება არის ის, რომ:

  • არასოდეს დაკმაყოფილდნენ  მიღწეულით. რა წამსაც იგრძნობთ, რომ მიზანს უკვე მიაღწიეთ და მომდევნო მიზანი არ გაქვთ, მაშინვე იწყებთ უკუსვლას.
  • არ დაინანონ შრომა მიზნის მისაღწევად და არ უსმინონ გარშემომყოფებს, რომლებიც  ცდილობენ მათი მოტივაციის დაგდებას და მათ იმაში დარწმუნებას, რომ ის, რასაც აკეთებენ შეუძლებელია.
  • ყოველთვის ისწრაფონ ახლისკენ, იმუშაონ  თვითგანვითარებაზე, მაქსიმალურად  გამოიყენონ  შესაძლებლობები.
  • თუ სასწავლებლად დააპირებენ წამოსვლას ევროპაში, ძალიან კარგად ისწავლონ ენა.
  • იყვნენ  თამამები, გაბედულები, ხალისიანები, თავისუფლები, ნუ შეზღუდავთ გარემო და არც ერთ დაბრკოლებას არ შეუშინდნენ, იბრძოლონ საკუთარი თავისთვის და უკეთესი მომავლისთვის.

სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
ბუნებრივია, საზღვარგარეთ მიღებული განათლების გამოყენება ჩემს ქვეყანაში მსურს და არ ვაპირებ აქ სამუდამოდ დარჩენას, აუცილებლად დავბრუნდები საქართველოში და იმ  რესურსს, რომლის  შეძენასაც რამდენიმე  წელი მოვანდომე, საკუთარ  სამშობლოს  მოვახმარო.
 

| გააზიარე
მოგწონთ?