გზა ,,მუსიკოსობიდან-დირექტორობამდე“ ანუ ბითლზების „ბრალი“


ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი კომპიუტერული კომპანია ,,ჯეობიტის“ დირექტორი, ასევე  „GTO-ჯეობიტ თრენინგ ოფისის“ იდეის ავტორი და დამფუძნებელი ზაზა მაღლაკელიძეა. 

როგორი იყო თქვენი განვლილი გზა წარმატებამდე?

ვიზრდებოდი პოსტსაბჭოთა სივრცეში ტოტალიტარიზმის და უძრაობის ხანაში. მეოთხე კლასში მოვუსმინე ბითლზებს და სამყარო ამომიყირავდა. ამას მოყვა როკი, გრძელი თმა  და გიტარაც ავიღე ხელში. შემდეგ იყო ტექნიკური უნივერსიტეტის, ე.წ „გეპეი“-ს სტუდენტობის დაუვიწყარი წლები. მამაჩემი სამშენებლო ტრესტის უფროსი იყო და მეც ,,მამზადებდნენ“ თანამდებობისთვის. მაგრამ მე ავიღე გიტარა და მასთან ერთად მრავალი წელი ვიმოგზაურე. ვუკრავდი ,,პირამიდაში“. ამასობაში მოვიდა 90-იანი წლები და ცხოვრების რადიკალური ცვლილება. დავიწყე სხვადასხვა სახის პატარ-პატარა ბიზნესი (თავიდან ჯიხურების ბიზნესი) მოგვიანებით შეიქმნა ,,ჯეობიტი“. აღმოვაჩინე ტრეისი, შეფერი და სამყარო კიდევ ერთხელ ,,ამომიყირავდა“. გავაცნობიერე, რომ მჭირდებოდა ბევრი სწავლა და შრომა მიზნის მიღწევისათვის. ESM-ში გავიარე კურსები. ამ ყველაფერს კი - GTO და ჯაზი მოყვა.

რა შეიძლება იყოს ხელისშემშლელი ფაქტორები წარმატებისკენ სავალ გზაზე. რისთვის უნდა ვიყოთ მზად?

პირველ რიგში თითოეულმა უნდა გავაცნობიეროთ რა არის წარმატება და არ შევიქმნათ ილუზია, რომ მისკენ მიმავალი გზა მარტივია და უშრომელად გვექნება შედეგები. უნდა გავაცნობიეროთ, რომ ნებისმიერი დაბრკოლება დაიყვანება ამოცანის დონემდე და თავის მხრივ, ნებისმიერ ამოცანას მინიმუმ ერთი ამოხსნა მაინც აქვს, თუნდაც ფარული მაგრამ აქვს. იქნება ბევრი შიში და შეცდომა, ბევრი იმედგაცრუება და უიმედობა, ბევრი წარუმატებლობა, მაგრამ მთავარია გჯეროდეთ და ჯიუტად განაგრძოთ სვლა.

თქვენი ტოპ 5 რჩევა დამწყებ ბიზნესმენებს:

1.    არ შეწყვიტოთ პიროვნული ზრდა;
2.    შეიყვარეთ საკუთარი შეცდომები;
3.    არ დაივიწყოთ ნებისმიერი დაბრკოლება დაიყვანება მარტივი ამოცანის დონემდე, რომელსაც აუცილებლად აქვს პასუხი;
4.    გაეცით მოლოდინზე მეტი...ყოველდღე აჯობეთ საკუთარ თავს'
5.    და ბოლოს დაიძინეთ ოცნებებით, გაიღვიძეთ მიზნებით.
 

| გააზიარე
მოგწონთ?