ალმასიდან ბრილიანტამდე


თუ გიფიქრიათ, რა გზას გადის ალმასი, სანამ ბრილიანტი გახდება? ან, რომ არა ადამიანი, ვინც აღმოაჩინა, რომ ალმასიდან კაშკაშა და მშვენიერი ქვის მიღებაა შესაძლებელი, რა იქნებოდა?         

     ბავშვობაში, ჯერ კიდევ სკოლის ასაკში, ბევრჯერ ჩავფიქრებულვარ, რა იყო ჩემი მიზანი, რა მსურდა ნამდვილად, თუმცა არასდროს მქონია ზუსტი პასუხი. ნათესავების კითხვებს - "რომ გაიზრდები, ვინ გამოხვალ?" მარტივად ვარიდებდი თავს სულელური პასუხებით, რადგან თავად არ ვიცოდი, რა მინდოდა.

     ახლა კი მინდა, გაგიზიაროთ საკუთარი გამოცდილება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. პირველი ნაპერწკალი ჩემში 17 წლის ასაკში გაჩნდა, როცა  სქროლვის დროს ერთი ადამიანი აღმოვაჩინე, რომელიც გვიხსნიდა იმას, თუ როგორ მიიღება ალმასისგან ბრილიანტი. ალბათ, გულმა მიგრძნო, რომ ეს ვიდეო ჩემს მომავალს აუცილებლად შეცვლიდა. ბოლომდე ვუსმინე და ზუსტად ის მონაკვეთი დავიჭირე, რომელიც შემდგომში ჩემი ცხოვრების მიზანი გახდა.

    "ადამიანებიც ალმასები არიან, სანამ სწორი ადამიანი არ იპოვის მას და არ გამოთლის. შემდეგ კი არაფრით გამორჩეული ადამიანი სწორედ ისე აკაშკაშდება და ისეთივე ღირებული გახდება, როგორც ბრილიანტი".

 იმ დღეს გამიჩნდა ცხოვრების სამი ძირითადი მიზანი:

  1. მეპოვნა ადამიანი, რომელიც ჩემგან ანუ ალმასისგან ბრილიანტს შექმნიდა;
  2. გამევლო საკმაოდ რთული გზა - ალმასიდან ბრილიანტამდე;
  3. ოდესმე მეც შემექმნა საკუთარი ბრილიანტი.

    საბედნიეროდ, სწორი ადამიანი ვიპოვე, რომელმაც ზუსტად ისე დამამუშავა და გამაბრწყინა, როგორც ალმასის დამუშავების შემთხვევაში ხდება. დღეს მე ისევე ვკაშკაშებ, როგორც ბრილიანტი, ხოლო ბოლო მიზნის მისაღწევად მთელი დარჩენილი ცხოვრება მაქვს.

არავინ მოგატყუოთ, რომ არ შეგიძლიათ! ადამიანისთვის შეუძლებელი არაფერია. იმაზე ბევრად მეტი შეგვიძლია, ვიდრე ჩვენ წარმოვიდგენთ.

დაისახეთ მიზნად, გახდეთ ბრილიანტები, იკაშკაშოთ და გახდეთ მოთხოვნადი!

| გააზიარე
მოგწონთ?