ახალგაზრდა ქირურგის წარმატებული კარიერის ისტორია და რჩევები დამწყებ ექიმებს!


გთავაზობთ ინტერვიუს ახალგაზრდა პლასტიკურ ქირურგთან, მურატ ცინცაძესთან. მურატი მოგვიყვება რატომ გადაწყვიტა გამხდარიყო ექიმი და როგორ მიაღწია წარმატებას. 

მურატ რატომ გადაწყვიტეთ ექიმობა?
ექიმების ოჯახში დავიბადე და მთელი ჩემი ბავშვობა ექიმების გარემოცვაში გავატარე. დედა რევმატოლოგი, მამა კი დერმატო-ვენეროლოგი მყავს. სკოლიდან რომ ვბრუნდებოდი, მამასთან კაბინეტში ვიჯექი დღის ბოლომდე და თვალყურს ვადენებდი. იმდენად მსიამოვნებდა ეს ყველაფერი, რომ ბავშვობიდანვე მქონდა გადაწყვეტილი,  ექიმი გავმხდარიყავი. სხვა პროფესიაზე არც მიფიქრია. მამას ძალიან უნდოდა დერმატო-ვენეროლოგი გამოვსულიყავი, დედას კი ზოგადი ქირურგი, მაგრამ თვითონ არც ერთისკენ გული არ მიმიწევდა. ძალიან კარგად ვხატავდი, ერთი პერიოდი ხატვაზეც დავდიოდი და ერთ დღესაც, გადავწყვიტე, რომ ხელოვნება და მედიცინა გამეერთიანებინა. სწორედ ამიტომ, ავირჩიე პლასტიკური ქირურგია. ვიცოდი, რომ ძალიან ბევრ სირთულეს წავაწყდებოდი, მაგრამ ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო, რომელზეც პასუხისმგებლობა თავადვე ავიღე.

ხართ ძალიან მიზანდასახული ადამიანი და როგორც ჩანს აღწევთ კიდეც თქვენს მიზნებს, როგორ ახერხებთ ამას?
ბავშვობიდანვე, დედა მეუბნებოდა, რომ  ყოველი გვირაბის ბოლოს აუცილებლად გამოჩნდება სინათლე. ეს ისე ღრმად ჩამრჩა გონებაში, რომ დღესაც ვიცი-მიზნის მისაღწევად აუცილებელია მონდომება და მოთმინება.  ყოველთვის ვცდი ბედს, არასდროს ვიხევ უკან, მიუხედავად დიდი სირთულეებისა და სტრესისა. ზოგადად, ძალიან თვითკრიტიკული ადამიანი ვარ, ყოველთვის და ყველაფერში ვაკრიტიკებ საკუთარ თავს, ყოველთვის ვფიქრობ, რომ უფრო მეტის გაკეთება შემეძლო ან შემიძლია, მაგრამ ერთადერთი, რაც ჩემს თავში მომწონს და რაშიც არასდროს მეპარება ეჭვი, არის ის, რომ ვარ ძალიან მშრომელი ადამიანი. ბევრს ვშრომობ, თავს არ ვზოგავ. ვფიქრობ რომ სწორედ შრომა და ჩემი ახლობლების მხარდაჭერაა ის, რასაც ყოველთვის მივყავარ მიზნამდე.

ვიცი, რომ ძალიან დატვირთული რეჟიმი გაქვთ, როგორ ანაწილებთ დროს?
ზოგადად, მთელი კვირა ვმუშაობ, მხოლოდ კვირას ვისვენებ. საერთაშორისო კონგრესის ორგანიზების გამო, იანვრიდან დღევანდელ დღემდე განსაკუთრებულად სწრაფ და და დატვირთულ რეჟიმში ვარ.  ეს ჩემი კარიერის დასაწყისი პერიოდია და ჯერჯერობით ვერ ვანაწილებ დროს ისე როგორც მინდა, თუმცა ეს დროებითია.
მიუხედავად ამ ყველაფრისა ვცდილობ, რომ ოჯახის წევრებს და მეგობრებს დროის ნაწილი მაინც დავუთმო, თუნდაც - მინიმალური.
ექიმებისთვის აუცილებელია განტვირთვა და კარგი დასვენება, ამიტომ, უქმე დღეებზე ვაკეთებ მხოლოდ იმას, რაც მინდა და  მსიამოვნებს. დღის განმავლობაში, ძირითადად სახლში ვარ ოჯახთან ერთად. საღამოს კი აუცილებლად გავდივარ ქალაქგარეთ პიკნიკზე, მეგობრებთან ერთად, ან პარკში ვსეირნობ.

რა არის თქვენი მთავარი მოტივატორი ცხოვრებაში?
ჩემი მთავარი მოტივატორი ჩემი ოჯახია. მიხარია და უფრო მეტ ძალას მმატებს, როცა ვხედავ, რომ საკუთარი თავის და ოჯახის იმედები გავამართლე, რომ ყველაფერი სწორედ ისე მიდის როგორც ჩვენ გვინდოდა, რადგან ჩემს წარმატებაში ოჯახის მხარდაჭერამ ძალიან დიდი როლი ითამაშა.

გაქვთ თუ არა მკაფიო მიზანი რასაც გსურთ მიაღწიოთ 5 წლის შემდეგ?
ძალიან ბევრი მკაფიო მიზანი მაქვს,  5 წელიწადი ძალიან მცირე დროა დამწყები ექიმისთვის დიდი მიზნების მისაღწევად. ვერ ვიტყვი ეს 5 წელიწადში იქნება თუ 10-ში, მაგრამ, უახლოეს მომავალში, მინდა რომ, ცნობილი ადამიანები არამარტო საქართველოდან არამედ ევროპიდან და ამერიკიდანაც ჩამოდიდოდნენ ჩემთან პლასტიკური ოპერაციების გასაკეთებლად. შეიძლება ძალიან ამბიციურად ჟღერს, მაგრამ მე ეს მინდა. როგორც ყოველთვის, გული მიგრძნობს და ვიცი რომ ასე იქნება.

როგორ ფიქრობთ, რატომ არის ამდენი დაუსაქმებელი ახალგაზრდა დღეს საქართველოში? რა  უშლის ხელს მათ წარმატების მიღწევაში?
ალბათ სიზარმაცე და ზედმეტი, უადგილო სიამაყე. წარმატების მისაღწევად ადამიანმა ყველაფერი უნდა იღონოს და გააკეთოს რაც ზომის, ნორმის და ადამიანურობის ფარგლებშია. ანუ თავდაუზოგავად უნდა იშრომოს, ბევრი უნდა ისწავლოს, ეძიოს, არ შერცხვეს დროებითი შეთავსებადი სამუშაოსი, ყველა კარი უნდა შეაღოს და ნახოს რა არის ცუდი, რა კარგი, საით და როგორ უნდა წავიდეს. პროფესორებად არ იბადებიან. საბერძნეთში სწავლის პერიოდში, რაღაც დრო სასტუმროში მასაჟისტად მომიწია მუშაობა და არ მრცხვენია ამისი, არ ვიძახდი, რომ მე, ექიმ კაცს, ექიმების ოჯახიდან და ა.შ. მიწევდა მასაჟის გაკეთება, სასტუმროს დამსვენებლებისათვის, რადგან სწორედ ამ პერიოდმა მომცა ძალიან დიდი შემართება, ძალა და გამოცდილება.  სამწუხაროდ, რომ ჩამოვედი საზღვარგარეთიდან, სწორედ ეს შევამჩნიე,  ჩვენს ახალგაზრდებს უნდათ, ყველაფერი სწრაფად და პირველივე ჯერზე, ასე კი სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში არ ხდება. ასევე არ ვითარდებიან, რატომღაც ზოგად განათლებას ნაკლებ დროს უთმობენ და უფრო ვიწროდ სპეციალიზირდებიან, ზოგადი განათლება კი აუცილებელია.

რა არის ის მთავარი თვისება, რომელიც აუცილებლად ახასიათებს ყველა წარმატებულ ადამიანს?
მოთმინება. ყველაფერს თავისი დრო და საათი აქვს. თუკი ადამიანს აქვს მიზანი, იმისთვისაც მზად უნდა იყოს, რომ პირველი წარუმატებელი მცდელობის დროს  ფარხმალი არ დაყაროს და დაელოდოს ხელსაყრელ დროს.

თქვენი აზრით, ექიმის 5 აუცილებელი თვისება, რომელიც აუცილებელია პროფესიული წარმატების მიღწევაში
ბევრი კითხვა, შრომა, პასუხისმგებლობა, მოთმინება და იმედი საკუთარი თავისა.

რა რჩევას მისცემდით მედიცინის დამწყებ მუშაკებს?
რა თქმა უნდა, ''არ ავნო'', იყავით მომთმენები პაციენტების მიმართ, გულთან მიიტანეთ პაციენტის პრობლემა, იყავით კოლეგიალურები, და ყოველთვის ხელი შეუწყვეთ დამწყებ ექიმებს, შემდგომში მათი წარმატება თქვენი წარმატებაცაა.


ნათია იასაშვილი

| გააზიარე
მოგწონთ?