4 რამ, რაც შეგიძლიათ „არ ვიცის“ ნაცვლად თქვათ


ყოვლისმცოდნე ადამიანები არ არსებობენ, ყოველთვის გვიწევს გარკვეულ საკითხებთან შეჯახება, რომელთა შესახებაც ნაკლები ან სულაც ნულოვანი ცოდნა გვაქვს. თქვენი პასუხი ამგვარ შეკითხვაზე ადამიანთა უმეტესობის მსგავსად ალბათ უბრალო და მარტივია - „არ ვიცი“. თითქოს ამგვარად, თავიდან იცილებთ უხერხულ საუბარს ისეთ თემაზე, რომელიც თქვენს კომპეტენციასა თუ ცოდნას სცდება. 

თუმცა, დამეთანხმებით, რომ ამგვარი ტაქტიკა საკმაოდ სუსტი და ზოგჯერ, შეიძლება ითქვას, რეპუტაციის შემლახველიც კია. ამიტომაც, ჩვენ გთავაზობთ ოთხ მომგებიან, ალტერნატიულ პასუხს „არ ვიცის“ ნაცვლად.

 

„გავარკვევ და გეტყვით“

ეს პასუხი ნაცადი და ჭეშმარიტად გამართლებულია - ერთის მხრივ, თავის დაზღვევისა და, მეორეს მხრივ, დამაჯერებლობის გარანტია. მხრების აჩეჩვა და მოკლე „არ ვიცი“ არა მარტო პასუხის უქონლობაზე მეტყველებს, არამედ საკითხის მიმართ თქვენი ინდიფერენტულობის მაჩვენებელიცაა. ამით ადამიანს აგრძნობინებთ, რომ მის მიერ დასმულ კითხვაზე პასუხი არა მარტო არ იცით, არამედ მოძებნის სურვილიც კი არ გაქვთ.

ამის საპირისპიროდ, „გავარკვევ“ კითხვის ავტორს დაარწმუნებს, რომ ყველაფერს გააკეთებთ საჭირო ინფორმაციის მისაღებად. ამგვარი ქმედებით კოოპერატიული, ღირებული და ცოდნის მარაგის მქონე ადამიანის შთაბეჭდილებას დატოვებთ.

 

„მეც იგივე კითხვა მაქვს“

შესავალში უკვე აღვნიშნეთ, რომ არსებობს სიტუაციები, როდესაც უბრალოდ არ გაქვს კითხვაზე პასუხი. თუმცა, ამაზე უარესი ვითარებაც არსებობს, როდესაც უბრალოდ არც ის იცი, სად ეძიო ინფორმაცია.

ამგვარი შემთხვევიდან გამოსავალი თანამოსაუბრის დარწმუნებაა, რომ თავადაც დაინტერესებული ხართ ამ საკითხით. ეს იგივეა, თქვათ „არ ვიცი“, თუმცა „მეც იგივე კითხვა მაწუხებს“ წინ გადადგმული ნაბიჯია და პირველი ვარიანტისგან განსხვავებით კითხვის ავტორთან გაერთიანებთ. 

პასუხის თავიდან არიდების ნაცვლად თქვენ ხდებით მოსაუბრის თანამგრძნობი და უერთდებით ინფორმაციის მოპოვების მისიას, რაც მას თქვენდამი დადებითად განაწყობს. 

 

„ჩემი ვარაუდით“

სამწუხაროდ, ხანდახან საზრიანი ვარაუდის გამოთქმა საუკეთესო ვარიანტია. თქვენ გადაწყვეტილების წინაშე დგახართ და იძულებული ხართ დასკვნა გამოიტანოთ იმ ინფორმაციისა და მტკიცებულებების საფუძველზე, რომელიც თქვენ წინაშეა.

ამგვარი რამ მაშინ ხდება, როდესაც თქვენგან გარკვეული სახის განმარტებას ელიან, მხოლოდ იმაზე დაყრდნობით, რაც იცით - რაღა თქმა უნდა, აღნიშვნით, რომ თქვენი პასუხი უბრალოდ თეორიაა. არ გსურთ, რომ დასკვნის სისწორის მთელი სიმძიმე თქვენ დაგაწვეთ, მაგრამ, ამავე დროს, არ უნდა გამოჩნდეთ თითქოს ,,მოკლედ მოჭერით" და კითხვა თავიდან აიცილეთ. ასე რომ, გადადგით ნაბიჯი და გაუზიარეთ თქვენი ჰიპოთეზა ან რამდენიმე იდეა. თუ სხვა არაფერი, ეს გაცილებით უკეთესი ბიძგია დისკუსიისა და ბრეინსტორმინგისთვის, ვიდრე უბრალო "არ ვიცი."

 

„მოდით ვკითხოთ სხვას“

რა უნდა გააკეთოთ, თუ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ საუკეთესო ვარიანტი ნამდვილად არ ხართ? რა გზას უნდა მიმართო, რათა ტრადიციული, გონებაში კარგად გამჯდარი სამი სიტყვა არ წარმოთქვათ?

მარტივია: აიღეთ სიტუაციაზე კონტროლი. აუხსენით კითხვის ავტორს, რომ საკითხი თქვენს კომპეტენციას სცდება, თუმცა იცით ან აუცილებლად მოძებნით შესაბამის კითხვაზე პასუხის მცოდნე ადამიანს. შესაძლოა თავი ისე იგრძნოთ, თითქოს პასუხისმგებლობას თავს არიდებთ ან სხვას უნაწილებთ მას. თუმცა, გრძელვადიანი პერსპექტივისათვის, უფრო სასურველი და გაცილებით ჭკვიანურია რელევანტური ადამიანის მოძებნა, რომელიც სათანადო ცოდნითაა აღჭურვილი.

"არ ვიცი" ის ფრაზაა, რომელიც ადვილად შეიძლება წამოსცდეს თქვენს ბაგეს, მანამდეც კი სანამ გააზრებას მოასწრებთ. თუმცა, უამრავი უკეთესი პასუხის მოფიქრებაა შესაძლებელი.

გამოიყენეთ ზემოთ ჩამოთვლილი 4 ფრაზა და დაიწყეთ თქვენი კომუნიკაციის უნარის გასაუმჯობესებლად ვარჯიში მყისიერად!

 


businessinsider.com

| გააზიარე
მოგწონთ?