როგორ შევარჩიოთ ჩაცმულობა გასაუბრებაზე ან შეხვედრაზე წასვლის წინ


გასაუბრებაზე ან მოლაპარაკებაზე წასვლის წინ თუ გიფიქრიათ, რომ თქვენმა გარეგნულმა იერსახემ, კერძოდ კი ფერმა, რომელიც ჭარბობს თქვენ ჩაცმულობაში, შესაძლოა, მოიტანოს თქვენთვის დადებითი ან თუნდაც უარყოფითი შედეგი? დამეთანხმებით ალბათ, რომ ერთ-ერთი ფორმა ჩვენ მიერ სამყაროს შეგრძნებისა არის ფერი. ფერს შეუძლია, სრულიად შეცვალოს ჩვენი განწყობა და დამოკიდებულება, მიგვაღებინოს მოულოდნელი გადაწყვეტილებაც კი.

მოდით, განვიხილოთ, როგორია ძირითად ფერთა ფსიქოლოგია და როგორ გამოვიყენოთ იგი ჩვენ სასარგებლოდ:

  • ცისფერი
    თუ თქვენი შეხვედრა უნდა შედგეს ევროპულ კომპანიაში, მაშინ ეს ფერი კარგი არჩევანია. დასავლურ და ევროპულ კულტურაში ცისფერი ასოცირდება ღვთაებრივთან, სიმტკიცესთან, თავისუფლებასთან, მოთმინებასთან, პროგრესთან და ერთიანობასთან. მაგრამ, თუ თქვენი ემზადებით იაპონურ კომპანიაში შეხვედრისთვის, მაშინ უმჯობესია, დაივიწყოთ ცისფერი, რადგან იგი იაპონელებისთვის ღალატსა და თაღლითობასთან ასოცირდება
  • წითელი
    გაყიდვების სფეროსთვის იდეალური ფერია, თუმცა წითელის არჩევის დროს გვმართებს სიფრთხილე. აზიური ქვეყნებისთვის, კერძოდ კი ჩინეთისთვის, წითელი სიმბოლიზდება წარმატებასთან, ერთგულებასა და გამძლეობასთან, აშშ-სა და იაპონიისთვის სიფიცხისა და  საფრთხის  ფერია, ევროპისთვის  კი - აგრესიისა და მსხვერპლის.
  • შავი
    უხეშად რომ ვთქვათ, ეს არის ყველაზე ტექნიკური ფერი. ის თითქოს ხაზს უსვამს თქვენს წარმოსადეგობასა და ელეგანტურობას, ცოდნასა და სტატუსს. დასავლური კულტურისთვის შავი ერთდროულად დრამატული და მისტიკური ფერია. თავისუფლად შეგიძლიათ მისი გამოყენება ცისფერთან კომბინაციაში. ევროპულ კულტურაში ის ითვლება ერთგვარ ბალანსის აღმდგენ ფერად და განასახიერებს სიყვარულს, ბედნიერებასა და სიმშვიდეს.
  • თეთრი
    ეს არის ორგანიზებულობისა და სისპეტაკის ფერი. ის სისუფთავის ერთგვარი სინონიმია და ძალაუნებურად განგაწყობთ დადებითად. ამიტომაც არის, რომ სამედიცინო უნიფორმა ძირითად შემთხვევაში არის თეთრი. თუმცა, თუ თქვენ აზიური კომპანიისკენ გიჭირავთ გეზი და გინდათ შთაბეჭდილების მოხდენა, უმჯობესია, მოერიდოთ თეთრის სიჭარბეს სამოსში, რადგან მათთვის ეს არის უბედურებისა და ტრაურის ფერი.
  • მწვანე
    მიუხედავად იმისა, რომ მწვანე ფართოდ გამოიყენება დიპლომატიაში და ასოცირდება - კეთილშობილებასთან, უსაფრთხოებასა და ბალანსთან, სხვადასხვა კულტურები მას არც თუ ისე სწყალობენ. მაგალითად, ინგლისურენოვან ქვეყნებში მწვანე სიხარბის ფერია, გახსოვთ ალბათ გამოთქმა, « სიხარბისგან გამწვანდაო - To be green with envy ». მისდამი დამოკიდებულება არაერთგვაროვანია, მაგალითად, ამერიკელებისთვის ის უსაფრთხოების ფერია. ფრანგებისთვის კი - დანაშაულის სიმბოლიკა.
  • რუხი
    რუხი აღიქმება გონიერების, სწორი გაანგარიშების, დიდი გავლენისა და ლოგიკის ფერად. თითქოს ის შეუმჩნეველი და ნეიტრალური ფერია, რომელიც ქვეშეუცნობლად გმართავს, ამიტომაც ტერმინი « რუხი კარდინალი » ჩვენს წარმოსახვაში ასოცირდება ძალასთან და ავტორიტეტთან. ის წარმოსადეგსა და ელეგანტურს გაჩენთ, ერთგვარი ხაზგასმაა თქვენი პიროვნული მახასიათებლების, ნიჭისა და მოქნილობის.

და ბოლოს, დარწმუნებული ვარ, არცერთ ფერს არ ძალუძს, გადაფაროს თქვენი შინაგანი განწყობა და ინტელექტი. იყავით თავდაჯერებული და მიზანდასახული, რადგან ყველაფერი მიღწევადია, თუ კი მოისურვებთ!

| გააზიარე
მოგწონთ?