4 წიგნი, რომლებიც თქვენში წარუშლელ ემოციას დატოვებს


წარმატებისთვის წიგნების კითხვა რომ აუცილებელია ამაზე ყველა ვთანხმდებით, ამიტომ მეტი წარმატებისთვის და დროის საინტერესოდ გასატარებლად გირჩევთ ოთხ წიგნს, რომლებიც ერთი ამოსუნთქვით იკითხება და თქვენში წარუშლელ ემოციას დატოვებს.

 

1.ელის უოკერის ,,იისფერი“

ეს არის წიგნი, რომელსაც ამერიკის ბიბლიოთეკართა ასოციაციამ ყველაზე ხშირად აკრძალული და გასაჩივრებული წიგნების 2000-2009 წლების ასეულში მე-17 ადგილი მიანიჭა. წიგნში მოქმედება ვითარდება ჯორჯიის შტატის ერთ-ერთ სოფელში და გადმოცემულია აფროამერიკელი ქალის მძიმე, წინააღმდეგობრივი ცხოვრება. ეს არის წიგნი, რომელიც მოგვითხრობს ადამიანის მძიმე ყოფის შესახებ, რომელსაც მიუხედავად არანაირი პერსპექტივისა, სჯეროდა უკეთესი ცხოვრების, უკეთესი მომავლის და ამ იმედით დააღწია კიდეც თავი მძიმე მარწუხებს.

ასე რომ თუ გჯერათ თქვენი თავის, თქვენი მიზნების, წაიკითხეთ ეს წიგნი და დარწმუნდით, რომ შეუძლებელი მართლაც არაფერია.

 

2.ხალიდ ჰუსეინის ,,ფრანით მორბენალი“

„ფრანით მორბენალი“ ავღანური წარმოშობის ამერიკელი მწერლის, ხალიდ ჰუსეინის, სადებიუტო რომანია, რომელმაც დიდი წარმატება მოიპოვა.

პირადად ჩემთვის ერთ-ერთი უსაყვარლესი წიგნია, სადაც აღწერილია ავღანური ცხოვრება ,იქ მაცხოვრებლების ერთმანეთისადმი დამოკიდებულება. წიგნში ასევე საუბარია ადამიანურ სისუსტეებზე, მარცხსა და დანაშაულის გრძნობის მძიმე ტვირთზე. როცა ამ წიგნს კითხულობთ თქვენც მისი ნაწილი ხდებით, თითქოს ფეხდაფეხ მიჰყვებით წიგნის გმირებს და თქვენც ამ ისტორიის ნაწილი ხდებით.

 

3.გოდერძი ჩოხელი ,,ადამიანთა სევდა“

გოდერძი ჩოხელის რომანი ,,ადამიანთა სევდა“ მოგვითხრობს საქართველოს ერთ-ერთი უმშვენიერესი და ულამაზესი კუთხის, გუდამაყრის შესახებ. წიგნი აღწერს გუდამაყრის, კერძოდ, სოფელი ჩოხის წეს-ჩვეულებებს, ტრადიციებს. წიგნის წაკითხვის შემდეგ აუცილებლად გაგიჩნდებათ სურვილი მეგობრებთან ერთად ესტუმროთ ამ ლამაზ მხარეს და თქვენი თვალით ნახოთ ის მშვენიერი ბუნება, რომლის შესახებაც საუბრობს ავტორი.

ვფიქრობ, გოდერძი ჩოხელის განსაკუთრებული წერის სტილს ყველა უნდა ვიცნობდეთ და ყველა უნდა გავეცნოთ ამ მწერლის გრძნობებით, ემოციებით სავსე სამყაროს.

 

4.ერიხ ემანუელ შმიტი ,,გამოჯანმრთელება“

გამოჯანმრთელება - ეს ნოველა ერთი ექთნისა და მისი პაციენტის უჩვეულო და უცნაური ამბავია.

წიგნში საინტერესოდ არის გადმოცემული პარიზული ყოველდღიურობა და ჩვეულებრივი ადამიანების ყოფა, რომლებსაც, რა თქმა უნდა, აქვთ უფლება იყონ ბედნიერები, დატკბნენ ცხოვრებით და გააკეთონ თავიანთი ცხოვრებისეული არჩევანი.

| გააზიარე
მოგწონთ?