როგორ განვავითაროთ შვილის შემოქმედებითი უნარები - 6 რჩევა


ბავშვის სამყაროში თვითნაბადი, ხელუხლებელი ფანტაზიის უნარი, შემოქმედებითობა და აღმოჩენების მთელი კასკადია. თუ გსურთ, რომ თქვენი შვილი იყოს კრეატიული  და ნოვატორი, ამაში თქვენივე ხელშეწყობა უმთავრესია.

გთავაზობთ 6 რჩევას, ბავშვის შემოქმედებითობის განვითარებისთვის.

 

1. მმართველობა

ითამაშეთ ბავშვთან ერთად, მიეცით უფლება, თავად აირჩიოს თამაშის ტიპი და თქვენ უბრალოდ აჰყევით, არ აქვს მნიშვნელობა  რა შედეგით დამთავრდება. ამით ბავშვს უყალიბდება ლიდერობის და მართვის უნარი, იღრმავებს ფანტაზიას და ხდება უფრო თავდაჯერებული.

 

2. საგნები სხვა დანიშნულებით

ბავშვს მშობელმა უნდა დაანახოს, რომ ნივთს მხოლოდ ერთი დანიშნულება არ აქვს, ჩართეთ შვილი თამაშში, მაგალითად: ლობიოს მარცვლებისგან გააკეთეთ სამაჯური. შემდეგ შვილს სთხოვეთ, ნებისმიერ საგანს მოუნახოს სხვა დანიშნულება. ამით ბავშვს გაუხსნით ფანტაზიის უნარს და მისცემთ ბიძგს, იაზროვნოს ახლებურად.

 

3. გარემო

ნუ აიკვიატებთ ერთსა და იმავე სკვერს ბავშვის გასასეირნებლად. ყოველთვის ცვალეთ ადგილი, ბავშვს ამით გაუფართოვებთ თვალსაწიერს, მიაჩვევთ სიახლის ადვილად მიღებას და ადაპტაციას.

 

4. მოსმენა და წახალისება

ბავშვებს ხანდახან ისეთი კითხვები ებადებათ, რასაც უფროსები სისულელეს უწოდებენ. ეს არასწორია, ამით ბავშვის ცნობისმოყვარეობას და ფანტაზიის უნარს ახშობთ, ის იკეტება საკუთარ თავში და აღარ ცდილობს გაგიზიაროთ თავის აზრები. პირიქით, გულდასმით მოუსმინეთ,  მიეცით ნება სცადოს თავად და რა შედეგამდეც არ უნდა მივიდეს შეაქეთ, თუნდაც მცდელობისთვის.

 

5. შეცდომიდან აღმოჩენამდე

თუ ბავშვი შეცდომას დაუშვებს თავის მცდელობაში, ანუგეშეთ და უთხარით, რომ მოიფიქროს სხვა გზა და კიდევ სცადოს. ამით ბავშვი სწავლობს თავის შეცდომაზე და ცდილობს იპოვოს სხვა გზა მიზნისთვის, მიდის ახალ აღმოჩენამდე და გონებაც უფრო მოქნილი ხდება.

 

6. კრეატივის წახალისება

პატარა ასაკიდანვე ბავშვი ავლენს ინტერესის სფეროს, ეს იქნება ხატვა, მუსიკა, ძერწვა  და ა .შ.

შეუწყვეთ ხელი, სთხოვეთ, მაგალითად ხატვაში თავის ფანტაზიით დახატოს ესა თუ ის სიტუაცია, შეაგროვეთ მისი ნახატები, (ამით დაანახებთ, რომ აფასებთ მის შრომას)  მოუწყვეთ თუნდაც მინი-გამოფენა. შვილი ამ პატარა ზეიმის მერე უფრო მეტად მოინდომებს, შექმნას განსხვავებული რამ.

 

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები და მალევე დაინახავთ, როგორ გაიზრდება თქვენი შვილის შემოქმედებითობა, რაც საბოლოოდ, მის საინტერესო პიროვნებად ჩამოყალიბებას უზრუნველყოფს.

 

| გააზიარე
მოგწონთ?