ჩემი თავი 4 წლის წინ და დღეს, ანუ პოზიტივის ძალა!


პოზიტივი - თითოეულ ადამიანს საკუთარი შეხედულება აქვს ამ სიტყვის მიმართ, ჩემთვის კი, მთელი განვლილი ცხოვრების თანამგზავრია. დამეთანხმებით, ალბათ ცხოვრება არ არის ყველასთვის ერთნაირად ლამაზი, სამართლიანი და ადვილი, მაგრამ რომ არა ცუდი ადამიანები ჩვენს რეალობაში, დაბრკოლება და გულისტკივილი, ვერასოდეს ვისწავლით კარგის ფასს. სწორედ ის არის პოზიტივი, რომ ყველაზე რთულ მომენტებში შევძლოთ ადამიანობის შენარჩუნება, არ დავყაროთ ფარ-ხმალი და არ დავივიწყოთ, რომ ყველა ცვლილება კარგისკენაა მიმართული.

მაგალითისთვის საკუთარ თავს გავიხსენებ 4 წლის წინ: ვცხოვრობდი ქირით, პატარა, საყვარელ ოჯახთან ერთად, ვმუშაობდი ისეთ სამსახურში, სადაც არასოდეს მიხაროდა წასვლა. სტრესულმა გარემომ უარყოფითად იმოქმედა ჩემს ჯანმრთელობაზე. შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება სამსახურიდან წასვლის თაობაზე. იმ მომენტისთვის ეს ერთადერთი შემოსავალი იყო ჩემი ოჯახისთვის. ეს ნაბიჯი გარშემომყოფთათვის ჩემი ცხოვრების დასასრულად აღიქმებოდა. მაგრამ პირიქით, ეს იყო ყველაფერი კარგის დასაწყისი.

ვიპოვე ისეთი სამსახური, სადაც მიხარია მისვლა, საქმე რომელიც მიყვარს და მესმის, შევიძინე საკუთარი ბინა და ავტომობილი, რასაც ვერასოდეს წარმოვიდგენდი 4 წლის წინ. ეს ყველაფერი კი ჩემი პოზიტიური დამოკიდებულების დამსახურებაა. ყველაზე რთულ მომენტებშიც კი კარგზე ვფიქრობდი, მჯეროდა რომ ეს იყო ერთგვარი ცხოვრებისეული გამოცდა, რაც დამეხმარებოდა გამოცდილების მიღებასა თუ ფსიქოლოგიური სიძლიერის შენარჩუნებაში.

თუ იგივეს ირწმუნებთ, ნამდვილად პოზიტიურად წარიმართება თქვენი ცხოვრება. იოცნებეთ, დაისახეთ მიზნები, ამ მიზნისკენ მიმავალი ყველა გზა მოსინჯეთ და საბოლოოდ თქვენ მიიღებთ შედეგს, რომელიც გაგაოცებთ!


ნანა გოგიტიძე
 

| გააზიარე
მოგწონთ?