როგორ ვიქცეთ ჩვენი შვილების მთავარ მოტივატორად?


ყველა მშობელს სურს, შვილს საუკეთესო განათლება მიაღებინოს, მაგრამ ეს დიდ ძალისხმევას და მოთმინებას მოითხოვს მშობლის მხრიდან. რაც მთავარია, თავად მშობელს უნდა ჰქონდეს იმის საჭირო რესურსი, რომ აღზარდოს შვილი მართებულად. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საწყისი კლასები, როდესაც ბავშვი გარკვეულ უნარ-ჩვევებს იძენს გარემოცვის შესაბამისად და როგორც წესი, სიცოცხლის ბოლომდე შეიძლება გაჰყვეს ეს თვისებები. ყველაფერთან ერთად, მშობელი დიდ როლს თამაშობს ამ თვისებების „შენებასა“ და განვითარებაში. სწორედ ამიტომ, იმისათვის, რომ შვილებს სწორი მიმართულება მისცენ არა მხოლოდ განათლების, არამედ გარკვეული უნარების შესაძენად, მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ ქვემოთ მოცემული რჩევები:

 

ჩართულობა - მშობელმა შვილის განათლება მხოლოდ სკოლას არ უნდა მიანდოს. იგი მაქსიმალურად უნდა ჩაერთოს ბავშვის სწავლის პროცესში, თანამონაწილეობდეს გაკვეთილების მომზადებაში და მზად იყოს სხვადასხვა კითხვებზე პასუხის გასაცემად.  

 

ადაპტაცია - სკოლაში მისვლისას ბავშვი ახალ გარემოში ხვდება, შესაბამისად, უწევს ურთიერთობა ახალ საზოგადოებასთან, შეგუება ახალ რეჟიმთან, ხოლო თუ როგორ გადალახავს ამას, გარკვეულწილად მშობელზეცაა დამოკიდებული. მშობლები უნდა დაეხმარონ შვილს, რომ სტრესის გარეშე გაიაროს ადაპტაციის პერიოდი, შეეგუოს ერთგვარ რუტინას, ახალ მეგობრებს, პედაგოგებს და თუნდაც ერთ ადგილზე ჯდომას გაკვეთილების მსვლელობისას.

 

ყურადღება - დაწყებითი კლასის მოსწავლისადმი გამოჩენილი ყურადღება, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ პერიოდში ის იძენს უნარ-ჩვევებს, ყალიბდება პიროვნულად და მშობლის გვერდში დგომა მის თავდაჯერებულობას ამაღლებს.

 

მოტივაცია - თავად მშობელი უნდა იყოს ბავშვის მოტივატორი. პირველ რიგში, ცარიელი სიტყვებით არ უნდა აუხსნას, რომ სწავლა კარგი და სასარგებლოა, არამედ ბავშვი უნდა ხედავდეს ოჯახის წევრებს წიგნით ხელში, ესმოდეს  ამა თუ იმ წიგნის განხილვა მშობლების მხრიდან. 

მშობელმა გულდასმით უნდა შეისწავლოს ბავშვის ინტერესები, რომელი საგანი მოსწონს მეტად და რომლის დაძლევა უჭირს. ის საგნები, რომლებიც ერთულება, აქციოს თამაშად და დააინტერესოს, ხოლო რომლებიც მოსწონს დაეხმაროს, რომ უფრო ღრმად შეისწავლოს ისინი.

თუ ბავშვს სიზარმაცე სძლევს, არ შეიძლება ამის გამო მშობელი დაემუქროს ან შიშის ნიადაგზე აიძულოს სწავლა, რადგან ეს კარგად არ  დასრულდება. პირიქით, თუნდაც დაპირდეს ჯილდოს გაკვეთილის მომზადების შემდეგ, მაგრამ ამან მუდმივი სახე არ უნდა მიიღოს. მოტივაციის მისაცემად უნდა დაიწყონ შექებით, მისცენ სტიმული კარგად შესრულებული დავალებისთვის, ამით ბავშვს აუმაღლებენ თვითშეფასებას და მიაჩვევენ პასუხისმგებლობას.

 

დამოუკიდებლობა - მშობლებმა უფლება უნდა მისცენ ბავშვს, რომ დამოუკიდებლად მოამზადოს დავალება, თუნდაც შეცდომებით. ამის შემდეგ ის ისწავლის დაკისრებული ვალდებულების თვითონვე შესრულებას და ნელ-ნელა შეცდომებსაც გამოასწორებს.

 

ნდობა - მშობლებმა უნდა გამოხატონ სიყვარული და ნდობა შვილის მიმართ, უსაფუძვლოდ არ უნდა უთხრან, რომ ცრუობს. თუ მის სიმართლეში ეჭვი ეპარებათ, ჯერ დარწმუნდნენ, შემდეგ სხვისი მაგალითი მოუყვანონ, თუ რა შედეგამდე მიჰყავს ტყუილს ადამიანი. თუ არასწორად იქცევა, უნდა უთხრან, რომ „ასეთი კარგი ბავშვისგან მსგავს საქციელს არ ელოდნენ და ამით გული ეტკინათ“, ეს უფრო გაჭრის. შემდეგშიც არ უნდა შეზღუდონ ბავშვი, რა თქმა უნდა, ნდობა აუცილებელია, თუმცა „ენდე, მაგრამ გადაამოწმეს“ პრინციპით მოქმედებაა საჭირო.

 

დაგეგმვა - აუცილებლად უნდა ასწავლონ მშობლებმა შვილებს დაგეგმვა, უნდა დააწერინონ დღის გეგმა, თუ რის მერე რას გააკეთებს, დღის ბოლოს კი ერთად გადახედონ მას, რამდენად შეასრულა ის ბავშვმა, რა ვერ მოასწრო, ან რა მიზეზით არ გააკეთა. ამით ის ისწავლის დროის ფასსა და  მის სწორად გადანაწილებას, რაც ზრდასრულობაშიც ძალიან გამოადგება.

 

გამომუშავება - ბავშვს უნდა ასწავლონ თავისი სასურველი ნივთის თუ ტკბილეულის თავად გამომუშავება, ამისათვის კი შეუძლიათ აჩუქონ ლამაზი ყულაბა, სადაც „შრომის“ საფასურად  ან ჯილდოს სახით მიღებულ მცირედ თანხას შეაგროვებს და განსაზღვრული ექნება წინასწარ, რა უნდა შეიძინოს ამ თანხით. ამით ბავშვი მიეჩვევა მიზნის დასახვას და დაფასებული შრომის მნიშვნელობას გაიგებს. 

 

გაითვალისწინეთ ეს რჩევები, რადგან სწორედ მშობლები ვართ პასუხისმგებლები ჩვენივე შვილის სწორ აღზრდასა და მის მოტივაციაზე. თუ ამ ყველაფრის შემდეგ ბავშვი გაგიზიარებთ აზრებს, ემოციებს, შიშისა თუ მორიდების გარეშე განდობთ საიდუმლოს ან თავის დაშვებულ შეცდომებზე გესაუბრებათ და განიცდის ამას, ასევე აქვს მორიდება და ხვდება, როდის ხართ „მშობელი“ და როდის „მეგობარი“, კარგად ასრულებს დავალებებს და აქტიურად ერთვება სწავლის პროცესში - ესე იგი, მიზანი მიღწეულია.

 

| გააზიარე
მოგწონთ?