რჩევები შვებულების სასიამოვნოდ და სასარგებლოდ გასატარებლად


ზაფხულში ყველა ვცდილობთ წავიდეთ დასასვენებლად, განვიტვირთოთ და ავივსოთ ენერგიით, რათა ახალი ძალებით მივაღწიოთ უფრო მეტ წარმატებას. როგორც ვიცით წარმატება ეს არის მუდმივი პროცესი, მუდმივი შრომა მიზნის მიღწევისათვის, ამიტომ შვებულების პერიოდშიც უნდა ვეცადოთ ვიყოთ აქტიური, ვიმუშაოთ საკუთარ თავზე და ვისწავლოთ ისეთი რამ, რაც ხელს შეუწყობს ჩვენს განვითარებას და ამავდროულად, დასვენებაშიც დაგვეხმარება.

 

1. ცურვა

ვფიქრობ, ზაფხულის პერიოდი საუკეთესოა ცურვის შესასწავლად. ცურვა კი თავისთავად კარგია ჩვენი ჯანმრთელობისთვის. იგი გვეხმარება შევინარჩუნოთ  სხეულის ფორმა, ვიყოთ უფრო თავდაჯერებულები და ენერგიულები.

 

2. ველოსიპედი

ველოსიპედის ტარების შესწავლა ხელს უწყობს როგორც ჩვენი ჯანმრთელობის გაუმჯობესებას, ასევე გუნება-განწყობის გამოკეთებას. იგი დადებითად მოქმედებს ჩვენს ფსიქიკაზე და საუკეთესოა ჩვენი იმუნური სისტემის გაძლიერებისთვის, ამიტომ შეისწავლეთ ველოსიპედის ტარება და შვებულება გაატარეთ მეგობრებთან ერთად ველოსიპედით სეირნობაში.

 

3. სალაშქრო კურსი

შვებულების პერიოდში შეგიძლიათ გაიაროთ მოკლე სალაშქრო კურსი, რომლის დროსაც თქვენ შეისწავლით ლაშქრობის პრინციპებს, კარვის გაშლის წესებს. ასევე, მიიღებთ ინფორმაციას თუ რა დაგჭირდებათ ლაშქრობაში წასვლის დროს. ეს კურსი დაგეხმარებათ დრო გაატაროთ ბუნებაში სუფთა ჰაერზე, აღივსოთ ბუნების ენერგიით, გაიჩინოთ ახალი მეგობრები და მიიღოთ თქვენთვის სასარგებლო ინფორმაცია.

 

4. გონების სავარჯიშო

ფიზიკურ აქტივობასთან ერთად არ უნდა დაგვავიწყდეს გონებაც, ამიტომ სასარგებლო იქნება თუ შუადღეს, აქტიური მზის დროს, როცა რეკომენდებული არ არის ცურვა და გარეთ სიარული, დარჩებით სახლში და გააკეთებთ გონების სავარჯიშოებს. ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ინტერნეტი და ეწვიოთ შემდეგ საიტებს: www.lumosity.com, www.memorado.com, www.fitbrains.com. ამ საიტებზე განთავსებული სავარჯიშოები დაგეხმარებათ მეგობრებთან ერთად მოაწყოთ პატარა შეჯიბრი და გამოარკვიოთ თუ ვინ უფრო კარგ შედეგს აჩვენებს. ყოველივე ეს დაგეხმარებათ დრო გაატაროთ საინტერესოდ, გაერთოთ და გაავარჯიშოთ გონება.

გახსოვდეთ, რომ აქტიური დასვენება ახალი თავგადასავლების, შთაბეჭდილებების და წარმატების საწინდარია, ამიტომ ეცადეთ გაატაროთ შვებულება ისე, რომ ეს პერიოდი თქვენთვის სასარგებლოც იყოს და სასიამოვნოც.

| გააზიარე
მოგწონთ?