გაზარდე დასაქმების შანსი სამოტივაციო წერილის დახმარებით


მაშინ, როდესაც ადამიანი აღმოაჩენს, რომ დროა უკვე დასაქმდეს, ის იწყებს ვაკანსიების მოძიებას მისთვის სასურველ სფეროში. ამის შემდგომ კი, დგება მომდევნო ეტაპი, მან უნდა წარუდგინოს დამსაქმებელს ინფორმაცია საკუთარი თავის შესახებ.

გამოცხადებული ვაკანსიების გარკვეულ ნაწილში, დამსაქმებლები ითხოვენ მხოლოდ CV/რეზიუმეს, რომელთა განხილვის შემდგომ გადაწყდება, თუ ვის დაიბარებენ გასაუბრებაზე და ვის არა. ასევე, ზოგიერთ შემთხვევებში, ისინი ითხოვენ სამოტივაციო წერილსაც.

რა არის სამოტივაციო წერილი და როგორ უნდა მოვიქცეთ მაშინ, როდესაც დამსაქმებელი გამოცხადებულ ვაკანსიაზე არ ითხოვს მას?

სამოტივაციო წერილი, ეს არის დამატებითი ინფორმაცია საკუთარი თავის შესახებ. მე დაგისახელებთ რამდენიმე მიზეზს, თუ რატომ მიმაჩნია, რომ მისი გაგზავნა CV/რეზიუმესთან  ერთად მიზანშეწონილია.

  1. როგორც უკვე აღვნიშნე, სამოტივაციო წერილი იძლევა დამატებით ინფორმაციას ჩვენს შესახებ. გამომდინარე იქიდან, რომ მიუღებელია  CV/რეზიუმეს გადატვირთვა ზედმეტი ინფორმაციით, ამ შემთხვევაში გვეძლევა შესაძლებლობა, ფართოდ ვისაუბროთ საკუთარ მიღწევებზე. მოვყვეთ იმის შესახებ, თუ რა გაგვიკეთებია ისეთი, რამაც ხელი შეუწყო ჩვენს კარიერულ წინსვლას. ასევე, ვისაუბროთ ჩვენს ღირებულ თვისებებსა და უნარ-ჩვევებზე. მოკლედ რომ ვთქვათ, გავზარდოთ შანსი, ჩვენი დასაქმებისა.
  2. საკუთარი ნება-სურვილით გაგზავნილი სამოტივაციო წერილი, მიანიშნებს დასაქმების რეალურ სურვილზე. ესე იგი, დროის რესურსს მაქსიმალურად ჩვენდა სასარგებლოდ წარვმართავთ, რათა გავზარდოთ დასაქმების შანსი და ვცდილობთ, გამოჩენილი ინიციატივით თავი დავამახსოვრებინოთ დამსაქმებელს.
  3. მიზეზი, ასევე, თუ რატომაა სასურველი ამ ნაბიჯის გადადგმა, დამსაქმებლის იმაში დარწმუნებაა, რომ უშუალოდ, აღნიშნულ კომპანიაში მუშაობის დიდი სურვილი გაგვაჩნია. რაც გულისხმობს იმას, რომ სამოტივაციო წერილში შეგვიძლია ვისაუბროთ, თუ რატომ შევაჩერეთ არჩევანი კონკრეტულ კომპანიაზე და რა მნიშვნელობა ექნება მის არსებობას ჩვენს ცხოვრებაში. ასევე, ყურადღება გავამახვილოთ იმაზეც, თუ ჩვენ რა სარგებლის მოტანა შეგვიძლია მათთვის.

ბოლოს კი, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სამოტივაციო წერილის შედგენისას აუცილებელია სტრუქტურის დაცვა, რომელზე მსჯელობასაც შემდგომში შემოგთავაზებთ.

| გააზიარე
მოგწონთ?