ადამიანი - პოზიტივი


ბავშვობაში უფროსების საუბრის მოსმენისას, ტელევიზორის წინ მოთამაშეს რომელიმე წამყვანის რეპლიკიდან ნასროლი სიტყვებისა თუ უბრალოდ ჩემს თანატოლებთან ერთად გარეთ თამაშისას, როგორც კი ეს ორი სიტყვა

,,პოზიტიური ადამიანი" მესმოდა ჩემს წარმოსახვაში ყოველთვის გარკვეული ტიპის ადამიანის სილუეტი იხატებოდა. მაშინდელი წარმოსახვით ჩემთვის ასეთი ადამიანი იყო პიროვნება, რომელიც მუდამ ბედნიერია, მუდამ იღიმის კვირაში შვიდი დღე და წარუმატებლობა მას ვერაფერს ვერ აკლებს, რადგან ან იშვიათად ემთხვევა უბედურება, ან საერთოდ არასოდეს. ცხოვრობს ჯადოსნურ სამყაროში ცისარტყელებითა და ჯადოსნური პონებით გარშემორტყმული.

ცოტა გავიზარდე და ყოველთვის ვცდილობდი ასეთი ადამიანი ვყოფილიყავი, უმიზეზოდაც კი ბედნიერი და რაღაც პრობლემებს, რომლებსაც გაზრდასთან ერთად, ალბათ თითოეული ადამიანი განიცდის, მაგრად დავდგომოდი. ვცდილობდი საკუთარი შეცდომებისგან გაქცევას და უბრალოდ მხოლოდ ბედნიერი დღეებით ცხოვრებას. რა თქმა უნდა, არ გამომდიოდა დღეში 24 საათი ასეთი როლი მეთამაშა, ის იყო შევეგუე ამას და საკუთარ თავს ვუთხარი, ალბათ პოზიტიურობა ერთგვარი ნიჭია და სწორედ ამიტომ არიან ჩვენს გარშემო ასე ცოტა ასეთი პიროვნებები.
 

მხოლოდ თინეიჯერობის ასაკისას, 17-18 წლისამ, გავაცნობიერე ამ სიტყის მნიშვნელობა. ჩემთვის პოზიტიური ადამიანის წარმოსახვა რადიკალურად შეიცვალა. პოზიტიური ადამიანის მთავარი კოზირი, ჩემი აზრით არის თვისება არაფრით გამორჩეულ დღეს, არაფრით გამორჩეულ ადგილას თავი იგრძნო კომფორტულად, იყო ჰარმონიაში საკუთარ თავთან. მიიღო საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხარ და გარშემომყოფებს არ მისცე უფლება ეჭვი შეგეპაროს შენში.

 

შეუძლებელია სულ კარგ ხასიათზე ვიყოთ, ყოველთვის ზურგი ავარიდოთ ცხოვრებისეულ სირთულეებს ეს ილუზია და სიცრუეა. ნამდვილი პოზიტივია ის, როდესაც ზოგჯერ საშინლად აუტანელი რუტინისა და ზოგჯერ ტრაგედიების შემდეგაც კი არ კარგავ საკუთარი თავისა და გარშემომყოფთა რწმენას. აცნობიერებ იმ ფაქტს, რომ ღმერთმა მხოლოდ ერთი ცხოვრება გარგუნა, ერთი შანსი და ერთადერთი დაუვიწყარი მოგზაურობის ბილეთი, რომელსაც სიცოცხლე ეწოდება. პოზიტიური ადამიანი ოთახში შემოსვლისთანავე ასხივებს მთელს ოთახს. მისი თვალები ასხივებს სიკეთესა და თავდაჯერებულობას. სწორედ ასეთი ადამიანების გაცნობისას აღტაცებით ვუსვამთ საკუთარ თავს კითხვას ,,მეც ხომ შემიძლია ვიყო ასეთი", ამისათვის უბრალოდ ცოტა მეტი უნდა ვიმუშავოთ საკუთარ თავზე.

 

ბექა ჯანელიძე

| გააზიარე
მოგწონთ?