როგორ ვმართოთ ემოციები და შევცვალოთ ცხოვრება უკეთესობისკენ


„თქვენი პიროვნების სიძლიერე განისაზღვრება იმ პრობლემის ხარისხით, რომელსაც შეუძლია მწყობრიდან გამოგიყვანოთ“  - ზიგმუნდ ფროიდი.

ხშირ შემთხვევებში ადამიანები მარტივად ბრაზდებიან და კარგავენ საკუთარი თავის კონტროლს. ეს შესაძლოა გამოწვეული იყოს სხვასთან საუბრით, არასასიამოვნო სიახლის გაგებით ან იმედგაცრუებით. ამ დროს საჭიროა მაქსიმალურად მართოთ ემოციები, რათა აფექტის მდგომარეობაში არ დააზიანოთ საკუთარი თავი ან გარშემომყოფი.

მე გაგიზიარებთ რამდენიმე მეთოდს, რომელიც ამ პრობლემის დაძლევაში დაგეხმარებათ. მაშ ასე:

1. გავიხსენოთ, როგორ იქცეოდა აბრაამ ლინკოლნი, როდესაც გაბრაზებულს მეგობრისათვის პასუხის დაბრუნება სურდა. ის ფურცელზე იმ ყველაფერს წერდა, რისი თქმაც რეალურად უნდოდა. ხოლო, მას შემდეგ, რაც ემოციებისაგან დაიცლებოდა, ფურცელს ხევდა და ნაგვის ურნაში აგდებდა. ამის შემდეგ, კვლავ იწყებდა ხელმეორედ წერას, თუმცა ამჟამად დაწყნარებული და მოაზროვნე გონებით.

2. ქართველი ფსიქოლოგი-ზურაბ მხეიძე გვირჩევს, რომ როდესაც ადამიანი გვეკამათება და ჩვენს მწყობრიდან გამოყვანას ცდილობს, ამის თავიდან არიდება შესაძლებელია შემდეგით: ფანტაზიით, წარმოსახვაში დახატეთ კომიკური სურათი. მაგალითად, წარმოიდგინეთ, რომ ამ ადამიანს თავზე ადუღებული ჩაიდანი ადგას, რომელიც უცნაურ ხმებს გამოსცემს. ეს ხერხი დაგეხმარებათ განმუხტოთ აღნიშნული სიტუაცია და ნაკლებად მგრძობიარე თვალით აღიქვათ იგი.

3. ემოციების მართვის მესამე ხერხს მცირეხნიანი პაუზა წარმოადგენს. ნაცვლად იმისა, რომ მოულოდნელი და გაუაზრებელი უკუკავშირი დაუბრუნოთ თანამოსაუბრეს, უმჯობესია, საშუალოდ 7 წამის განმავლობაში ხმა არ ამოიღოთ და მხოლოდ ამის შემდეგ დააფიქსიროთ აზრი. პრაქტიკულად ეს არცთუ ისე მარტივია, თუმცა მალევე მიხვდებით, რომ ეფექტიანი და შედეგის მომტანია.

ბოლოს კი, ნუ დაივიწყებთ, რომ ემოციების მართვა შესაძლებელია, მთავარი სურვილის ხარისხია, რადგან თქვენ, იმდენად ძლიერები ხართ, რამდენად დიდ დაბრკოლებასთან გამკლავების უნარიც შეგწევთ.

| გააზიარე
მოგწონთ?