ახდენილი ამერიკული ოცნება და რჩევები საზღვარგარეთ სწავლის მსურველებს


ნებისმიერი წარმატება პატარა ნაბიჯებით იწყება. სწორედ ასეთი ნაბიჯები გვაძლევს შანსს, მიღებული გამოწვევა ღირსეულად შევასრულოთ. ადამიანი, რომელსაც დღეს გაგაცნობთ ანი მამისაშვილია, 21 წლის სტუდენტი, რომელმაც საკუთარი შრომით და ნიჭით მიაღწია საკმაოდ დიდ წარმატებას. ანი ამერიკაში ცხოვრობს, სწავლობს და მუშაობს კიდეც. ვფიქრობთ, ეს გოგონა კარგი მაგალითია ახალგაზრდა თაობისთვის. საკუთარი წარმატების გზაზე ანი თავად მოგვიყვება.

ანი, დღეს თქვენ ამერიკაში სწავლობთ და ხართ ერთ-ერთი საკმაოდ წარმატებული სტუდენტი. რა გზის გავლა დაგჭირდათ საამისოდ?
ამერიკაში პირველად FLEX-ის პროგრამით ჩამოვედი. გავიარე სამი რთული ეტაპი და საბოლოოდ მოვხვდი აქ.  შემდეგ ამ პროექტის ვადა დასრულდა და საქართველოში დავბრუნდი. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ გადავწყვიტე, რომ ამერიკული უნივერსიტეტებისთვის აპლიკაციები გამეგზავნა. საბედნიეროდ, ერთ-ერთმა უნივერსიტეტმა მიმიღო და კვლავ დავბრუნდი აქ.

რას ურჩევთ სხვა სტუდენტებს? რა ნაბიჯები უნდა გადადგან, რომ საზღვარგარეთ გააგრძელონ სწავლა?
ვურჩევ, რომ გაუგზავნონ აპლიკაციები იმდენ უნივერსიტეტს, რამდენსაც შეუძლიათ. ასევე, არ იყვნენ მორიდებულები და დაურეკონ ყველას, ვისაც შეუძლია მათი დახმარება. ცდას ხომ წინ არაფერი უდგას?!

ცნობილი ფაქტია, რომ ბევრს ახალ გარემოსთან ადაპტირება უჭირს. გაგიჭირდათ თუ არა ამერიკასთან შეგუება თავიდან?
სიმართლე გითხრათ, არც ისე რთული აღმოჩნდა ჩემთვის ადაპტირების პროცესი. ეს იმიტომ , რომ ძალიან კარგი მასპინძელი ოჯახი შემხვდა და ამიტომ გამიადვილდა შეგუება. ახლაც იმავე ოჯახთან ვცხოვრობ და არანაირი დისკომფორტი არ მაწუხებს. თუმცა ჩემი ნამდვილი ოჯახი ძალიან მენატრება.

რა იყო თქვენი მოტივაცია იმ პერიოდში და რა არის თქვენი მოტივაცია ახლა? რა გიბიძგებდათ ადრე და  რა გიბიძგებთ იმისკენ, რომ განვითარება გააგრძელოთ?
ჩემი წარმატების ფორმულა, ალბათ, ბევრი სწავლა და შრომაა. ვფიქრობ, ნებისმიერი ადამიანისთვის მაინც ეს ფაქტორებია გადამწყვეტი. ჩემი ოჯახის მხარში დგომა რომ არა, ალბათ ამდენს ვერ შევძლებდი. ერთგვარად ესეც ჩემი მოტივატორი და დამხმარე ძალაა. ვფიქრობ, მოტივაცია ადრეც ის იყო, რაც ახლა მაქვს: ვიყოწარმატებული და ყოველთვის მქონდეს იმის მიზეზი (თუნდაც სულ პატარა), რომ ჩემი თავით ვიამაყო. ცხოვრება ამის გარეშე არაფერია. ვფიქრობ, ადამიანი მუდამ რაღაცას უნდა ცდილობდეს. რაც მეტი დრო გადის, მით მეტი მოტივაცია მიჩნდება და ყოველი ახალი წარმატება მიბიძგებს იმისკენ, რომ უფრო დიდ წარმატებას მივაღწიო.

რამდენად დაგეხმარებათ ამერიკული განათლება წარმატების მიღწევაში?
ვფიქრობ, ბევრ რამეში უკვე დამეხმარა, მაგრამ, რა თქმა უნდა, კიდევ დამეხმარება. აქ სასწავლს ძალიან ბევრს გვაძლევენ, რაც შეიძლება, გვტვირთავენ და გვასწავლიან, რომ შრომის გარეშე არაფერი მოდის. მომწონს ეს სისტემა და თვითონ აქ მიღებული განათლებაც, მგონი, საკმაოდ პრაქტიკულია.

რას ეტყოდით მათ, ვისაც გულით უნდა წარმატების მიღწევა? თქვენი ტოპ 5 რჩევა მათ:
1. იშრომონ ბევრი.
2. არასდროს დანებდნენ, თუნდაც უამრავი უარის შემთხვევაშიც კი.
3. შთააგონონ საკუთარ თავებს, რომ არაფერია შეუძლებელი და თითოეული დღე წინაზე ოდნავ უკეთესი გახადონ.
4. იფიქრონ ბევრი მათ მომავალზე, მაგრამ ფიქრზე მეტი დრო მუშაობას დაუთმონ.
5. ყოველთვის სჯეროდეთ, რომ ყველაფერი მაგრად იქნება, თუკი ამას მოინდომებენ. შრომა ყოველთვის ფასდება.


თინათინ უგრეხელიძ

| გააზიარე
მოგწონთ?