დაიჭირე წამი


გიგრძვნიათ ოდესმე, რომ დრო იმდენად სწრაფად გადის, ხშირად თითქოს ვერ ვასწრებთ გავჩერდეთ და პატარ-პატარა დეტალებს მივაქციოთ ყურადღება? დიახ? და  მაინც რატომ ხდება ასე?

ცხოვრება ხომ სწორედ იმ განუმეორებელი მომენტებისგან შედგება, რომლებიც საბოლოოდ ერთიან სურათს ქმნიან. საქმე ისაა, რომ ჩვენ ყოველდღიურად იმდენად ვართ გართული მომავალზე ფიქრით, გეგმების დაწყობით, ან წარსულის გადახვევით, რომ უბრალოდ გვავიწყდება - ახლაა სწორედ ის მომენტი, რომელიც აღარასდროს განმეორდება და სწორედ დღეს უნდა დავტკბეთ ამ წამით.

რა თქმა უნდა, მიზნების დასახვა აუცილებელია ცხოვრებაში. ჩვენ მუდმივად უნდა ვშრომობდეთ იმისთვის, რისი მიღწევაც გვსურს და ეს ყველაფერი დღესვე უნდა დავიწყოთ, თუმცა ზოგჯერ მომავალზე ზედმეტად ფიქრი ნეგატიურ ეფექტს იწვევს, გვავიწყდება დღევანდელი დღით ცხოვრება და აღარ ვაკვირდებით ისეთ მნიშვნელოვან დეტალებს, რაც ახლა ჩვენს ირგვლივ ხდება.

მინდა გითხრათ ისიც, რომ რამდენადაც ბევრი არ უნდა ვგეგმოთ, 100%-ით მაინც არასდროს ვიცით საით წავა ცხოვრება. ჩვენ არ შეგვიძლია მომავლის გაკონტროლება, ერთადერთი რამ, რაც შეგვიძლია ვმართოთ ის სიტუაციაა, სადაც ახლა ვიმყოფებით. ამიტომ, თუ ჩვენ არ ვიქნებით ფრთხილად ჩვენს გადაწყვეტილებებთან, თუ ავირჩევთ მუდამ მომავალში ვიყუროთ და არ დავუთმოთ ყურადღება ამ მომენტს, ამ ყველაფრით სერიოზულად გავრისკავთ. შესაძლოა ჩვენდაუნებურად გადავდოთ ჩვენი ბედნიერება და დავკარგოთ კარგი მოგონებები, რომელიც შეიძლება ახლა გვქონოდა, ხელიდან რომ არ გაგვეშვა ეს წამი.  საჭიროა თითოეულ წვრილმანს  მივაქციოთ ყურადღება, გავითავისოთ, რომ ყოველი დღე საჩუქარია და აუცილებლად უნდა მივიღოთ მისგან სიამოვნება.

რამდენად დაკავებული ხართ ყოველდღიურობით? გაიხსენეთ ბავშვობა და ყველაზე სასაიმოვნო შეგრძნებები. თუნდაც ბაბუაწვერას გაფანტული ბუმბულების და ლამაზი პეპლების დევნა. აი ეს იყო სწორედ ის ლამაზი წამები, რაც თქვენ ნამდვილად დაიჭირეთ ბავშვობისას, თუმცა დღეს თოთქოს გვავიწყდება, რომ შევჩერდეთ და დავყნოსოთ ვარდი, დილით გასული დავტკბეთ მზის ლამაზი სხივებით, დავაკვირდეთ ადამიანების ღიმილს და უბრალოდ ჩვენს თავს შევახსენოთ, რომ ცხოვრება მშვენიერია!

იცხოვრეთ ისე, როგორც სწორად მიგაჩნიათ. დაგეგმეთ ყველაფერი, თუ ნამდვილად თვლით, რომ ეს საჭიროა, ჩადეთ ინვესტიცია საკუთარ თავში, დაისახეთ მიზნები და აუცილებლად ეცადეთ მათ მიღწევას, თუმცა არც ის დაგავიწყდეთ, სად ხართ ახლა. რთულია ზუსტი ბალანსის პოვნა მომავალზე ფიქრსა და თითოეული წამის დაჭერას შორის, თუმცა ეცადეთ ეს შეძლოთ, რადგან არ არსებობს ცხოვრებაში გარანტიები, არსებობს მხოლოდ ის, რაც ახლა, ამ მომენტში არის თქვენს ირგვლივ, ამიტომ მოიცალეთ ბედნიერებისთვის და ეცადეთ ეს ყველაფერი სასიამოვნოდ აღბეჭდოთ თქვენს მეხსიერებაში. ამის შემდეგ კი თქვენ ნამდვილად იქნებით ის, ვინც წამის დაჭერა შეძლო თავის ცხოვრებაში.


მარიამ ბეთხოშვილი

| გააზიარე
მოგწონთ?