„მოშორდი ნაპირს“ - ანუ აღმოაჩინე საკუთარი შესაძლებლობები და ბოლომდე გამოიყენე ისინი


„ვერ გადაცურავ ოკეანეს მანამ, სანამ არ იპოვი შენში გამბედაობას, რომ მოშორდე ნაპირს.“

საუკეთესო მომენტი ოცნებების ასასრულებლად არ არსებობს, ვერც იარსებებს. თითოეული მომენტი შენ უნდა გამოიყენო და შექმნა საუკეთესო. შორიდან ყველაფერი შეუძლებელი ჩანს მანამ, სანამ ნაბიჯს არ გადადგამ და უბრალოდ არ ცდი. ოცნებები თავისით არ ხდება, ამას მონდომება, შრომა და ბრძოლა სჭირდება, რომელიც არ გამორიცხავს თავდაპირველად დაცემას, წარუმატებლობას. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფარხმალი უნდა დაყარო, მეტიც. შეცდომებს უშვებ? რამე არ გამოგივიდა? ანუ სწორ გზას ადგახარ, რადგან თუ შეცდომებს არ უშვებ, არც ცხოვრობ.

მარცხის შემდეგ რთულია შთაგონების პოვნა, მითუმეტეს მაშინ, როცა ხედავ სხვებს ყველაფერი როგორ გამოუვიდათ, შენ კი ვერა და ვერ ახერხებ შენი მიზნების მიღწევას. მოტივაციის ცეცხლი შენში აღარ გიზგიზებს და ის ნაპერწკალიც სადღაც გაქრა? სწორედ ამ ნაპერწკლის პოვნაში დაგეხმარებით.

იყავი პოზიტიური - ეს ნომერ პირველი წესია. უნაკლო ცხოვრება არ არსებობს, ამიტომ ნეგატიური განწყობით ყოველთვის იმაზე გაამახვილებ ყურადღებას, რაც არ გაქვს, ასეთი რაიმე კი ყოველთვის იარსებებს.

„ჩვენ ვჩივით, რომ ვარდის ბუჩქებს ეკლები აქვთ, ან გვიხარია, რომ ეკლიან ბუჩქებს აქვთ ვარდები“ - აბრაამ ლინკოლნი.

იპოვე შთაგონება:

●გარემოში

●შენს შესაძლებლობებში

●საყვარელ ადამიანებში

●შენში

მოტივაციის პოვნასთან დაკავშირებით ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ ადამიანები მას ელოდებიან, დროს ხარჯავენ, პროდუქტიულს არაფერს არ აკეთებენ. რეალობა კი სულ სხვაგვარია. ხშირად ხარ სახლში და დარდობ, თუ როგორ არ გამოგივა რაღაც, რაც ჯერ არც კი გიცდია. დასახული მიზანი ერთ და ორ დღეში ვერ ასრულდება, თუმცა პატარ-პატარა ნაბიჯები საბოლოოდ, წარმატების მომტანი აუცილებლად იქნება.

ყველაფერი ძალიან მარტივი, პატარა ნაბიჯებით უნდა დაიწყო.

აიღე პაუზა სოციალური ქსელების ცხოვრებიდან და გადი გარეთ - შესაძლოა გგონია, რომ ყველაფერი იცი, ყველაფერი გინახავს, მაგრამ ხშირად სამყაროში იმაზე ბევრად მეტი იმალება, ვიდრე წარმოგიდგენია. დააკვირდი ადამიანებს, ბავშვებს, ეცადე მათი თვალით დაინახო ცხოვრება. მათთვის ხომ ყველაფერი ადვილია, ცხოვრება ყველანაირი ზედმეტი ფიქრის გარეშე, უბრალოდ აკეთებ იმას, რაც გინდა, ალბათ ზრდასრული ადამიანის ცხოვრებაშიც არის ეს გარკვეული დოზით საჭირო.

ფსიქოლოგების თქმით, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ წრეს, რომელშიც ტრიალებ, მათ ძალიან დიდი გავლენა შეიძლება იქონიონ შენს განწყობაზე, ქცევებზე. იყავი იმ ხალხთან, ვინც გაბედნიერებს, ისაუბრეთ ბევრი შენ შესახებ, მათ შესახებ, გაიხსენეთ ძველი, პოზიტიური მოგონებები, იცინეთ რაც შეიძლება მეტი, იხალისეთ, იქნებ იქ იპოვო ბიძგი, რაც მოგცემს მოტივაციას, რაღაც ახალი გააკეთო, ან ძველი გააუმჯობესო.

იზრუნე საკუთარ თავზე -  მოექეცი შენს თავს სათანადოთ, კარგია სხვებზე ზრუნვა, მაგრამ საკუთარი თავი არ უნდა დაგავიწყდეს. მეცნიერების თქმით, სწორი კვება, ვარჯიში, ნაკლები კოფეინი და მეტი ძილი, ადამიანის პოზიტიურ განწყობაზე დადებითად მოქმედებს, რაც შემდგომში მოტივაციის საპოვნელი გზაც შეიძლება გახდეს. 

დაიწყე დღიურის წერა - ჩამოწერე ყველაფერი რაც გიყვარს, რაც გაბედნიერებს, რისი მიღწევაც გინდა, როგორ ცხოვრებას ისურვებდი. მაგალითად, წერილი შენს თავს: "წერილი საკუთარ თავს 30 წლის ასაკში" - სურვილები და მიზნები რაც გინდა, რომ აასრულო იქამდე, სანამ 30 წლის გახდები, რეალური მიზნები და ოცნებები. გამოიყენე შენი შესაძლებლობები. არასოდეს თქვა არასოდეს! შენ თავი არ ამოგიწურავს იქამდე, სანამ ცოცხალი ხარ, ყოველთვის შეგიძლია რაღაც ახალი გამოცადო, გამოდი შენი "კომფორტის ზონიდან". გააკეთე ის, რაც ადრე არასოდეს გაგიკეთებია და შეიძლება, სწორედ იქ იპოვო ბედნიერება.

ნელ-ნელა, პატარ-პატარა ნაბიჯებით ყველაფრის მიღწევა არის შესაძლებელი. მთავარია, საკუთარი თავის გჯეროდეს.

„არასდროს მისცე უფლება დამარცხების შიშს, ხელი შეგიშალოს გზის გაგრძელებაში.“

 

| გააზიარე
მოგწონთ?