წარმატებული მოლაპარაკების შვიდი გასაღები


მოლაპარაკება ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელი ნაწილია, რაც დამახასიათებელია არა მარტო ბიზნესის ან პოლიტიკური სამყაროსთვის, არამედ ნებისმიერი ურთიერთობისთვის, მაგრამ აქ მთავარი ის კი არ არის, თუ რა სახისაა მოლაპარაკება, არამედ ის, თუ რამდენად წარმატებულია იგი. ამისათვის გთავაზობთ შვიდ გასაღებს, რომელიც დაგეხმარებათ თქვენი საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების გაძლიერებაში. 

✔ თვითდისციპლინა - ეს თქვენს დაინტერესებას გაუსვამს ხაზს. სწორად განსაზღვრეთ მოლაპარაკების ადგილი და დრო. შეხვედრაზე არ დააგვიანოთ. როგორ ფიქრობთ, ვის მოუნდება უპასუხისმგებლო ადამიანთან  მრავალწლიანი შეთანხმების გაფორმება?

✔ მოსმენა - მეორე მხარეს უნდა აგრძნობინოთ, რომ მას უსმენთ და მის აზრს ითვალისწინებთ. მოსმენისას დაუკარით თავი, დაამყარეთ თვალით კონტაქტი, გააკეთეთ კომენტარები და დაუსვით კითხვები. ეს თქვენი მოსმენის უნარს უფრო თვალსაჩინოს გახდის. ”თუ მოსმენასა და დაკვირვებას თქვენს საქმიანობას მიამატებთ, ბევრად მეტს მიიღებთ, ვიდრე - საუბრით’’ (რობერტ ბადენ პაუელი, ბრიტანელი მწერალი).

✔ პირდაპირობა - თქვენი სათქმელი არ უნდა იყოს ზედაპირული, ბუნდოვანი და აბსტრაქტული. იმისათვის, რომ გაიგონ, რისი თქმა გსურთ, სათქმელი ჩამოაყალიბეთ მკაფიოდ და კონკრეტულად. ,,კომუნიკაცია არ არის ის, რისი თქმაც გინდოდა, არამედ - ის, რაც გაიგო მეორე ადამიანმა’’.

✔ თავდაჯერებულობა - თქვენ ვერ დაარწმუნებთ მეორე მხარეს, თუ თქვენ თვითონ არ გჯერათ საკუთარი თავის. ამიტომაც იყავით თავდაჯერებული და ნუ შეგეშინდებათ იმის, თუ რას იფიქრებენ სხვები. გაითავისეთ, რომ თქვენი პიროვნება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვა ადამიანების მიერ თქვენი აღქმა. გაიხადეთ თქვენი ცხოვრების პრინციპად ჯონ ვუდენის სიტყვები: ,,მე უფრო მეტად მადარდებს ჩემი პიროვნება, ვიდრე ჩემი რეპუტაცია’’.

✔ სხეულის ენა - განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ თქვენს ხელებს, საუბრისას გამოაჩინეთ ხელის გულები. ეს ცხადყოფს, რომ თქვენ გულახდილად და ღიად საუბრობთ. თავი შეიკავეთ სხეულზე ან თმაზე  ხშირად შეხებისგან, რათა არ დატოვოთ დაძაბული ადამიანის შთაბეჭდილება. სხეულის ენის სწორად გამოყენებით თქვენ შეძლებთ ადამიანზე დადებითი ზეგავლენის მოხდენას.

✔ ღიმილი - არავის სურს ნეგატიურ ადამიანთან ურთიერთობა, მითუმეტეს თუ ეს სამომავლო, რამდენიმეწლიან შეთანხმებას ეხება. გაუღიმეთ მეორე მხარეს და ამით თქვენ მასზე კარგ შთაბეჭდილებას მოახდენთ, მაგრამ გახსოვდეთ, გაიღიმეთ სწორ დროს! პიტერ კარნევალი, სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის მარშალის ბიზნესის სკოლის მენეჯმენტისა და ორგანიზაციის პროფესორი, ამბობს: ”მოლაპარაკებაში მყოფი ბიზნესმენი ფრთხილად უნდა მოეკიდოს თავისი ემოციების მართვას, რადგან მაგიდის მიღმა ადამიანი აკეთებს დასკვნებს სახის გამომეტყველების საფუძველზე”.

და ბოლოს,  ემოციების კონტროლი - შესაძლებელია, მოლაპარაკების დროს მეორე მხარის პოზიციამ თქვენში იმედგაცრუება გამოიწვიოს, თუ  მასზე ნეგატიურ რეაგირებას მოახდენთ. ეს კი მდგომარეობას გაართულებს, ამიტომაც ეცადეთ, მშვიდად და აუღელვებლად დაამტკიცოთ თქვენი პოზიცია.

ზემოთ ჩამოთვლილი ძლიერი საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების გამომუშავება დაგეხმარებათ, თქვენი ნებისმიერი მოლაპარაკება იყოს წარმატებული.


 

წყარო: 

https://actualized.org/articles 

https://www.psychologicalscience.org/

| გააზიარე
მოგწონთ?