ბალანსი სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის?!


დაფიქრებულხართ, აღწევთ თუ არა ბალანსს კარიერასა და პირად ცხოვრებას შორის? ხშირად ბედნიერებას სწორედ ამ ჰარმონიას უწოდებენ, რადგან ყველა დანარჩენ შემთხვევაში ადამიანს ეუფლება სტრესი,  იმედგაცრუება, დაუკმაყოფილებლობა და  სინდისის ქენჯნა.  

მრავალწლიანი პრაქტიკა იუწყება, რომ კარიერასა და პირად ცხოვრებაში დისბალანსს იწვევს საკუთარ მიზნებსა და პრიორიტეტებში გაურკვევლობა, მიღწევების ან დაფასების  არქონა, მსხვერპლი კარიერისა თუ ოჯახისთვის...შეჩერდით და გარშემო გაიხედეთ: სად მიგიყვანათ ამ გზამ? ბედნიერად გრძნობთ თავს? რას შეცვლიდით იქ, სადაც ხართ? 

დროა:

•განსაზღვროთ, რა არის თქვენთვის წარმატება და ბედნიერება

არ აჰყვეთ  სხვების აზრს და ნუ მიიღებთ მას საკუთარი ცხოვრების  ერთადერთ შესაძლო ვარიანტად, არამედ გადადგით გაბედული ნაბიჯი, რათა შინაგანი კონფლიქტები გადაწყვიტოთ. აქ არ არსებობს სწორი თუ მცდარი პასუხები, საჭიროა მოუსმინოთ შინაგან ხმას და ადეკვატურად შეაფასოთ თქვენი შესაძლებლობები. და კიდევ: ნუ განსჯით სხვას, ერთისთვის წარმატებაა კარგი დიასახლისობა, სხვისთვის კი ბედნიერებაა კარიერული წინსვლა და არა პირიქით. 

 

•იხელმძღვანელოთ 20/80 პრინციპით 

პარეტოს კანონის თანახმად, ძალისხმევის 20%-ს მოაქვს შედეგების 80%, მაშასადამე მნიშვნელოვანია საკუთარი რესურსები გააზრებულად დააბანდოთ. გაუფრთხილდით თქვენს ძალებს, შეძლებისდაგვარად გადაანაწილეთ საქმეები, მოიხმარეთ საჭიროების შემთხვევაში საკითხის მცოდნე ადამიანები, იხელმძღვანელეთ დროის მენეჯმენტის ძირითადი წესებით და დაგეგმეთ საქმეები წინასწარ.

 

•დააწესოთ „ოჯახის დღეები“ 

ერთ–ერთი კვლევის შედეგების თანახმად, ცხოვრების მიწურულს ყველაზე მეტად ადამიანები ნანობენ იმას, რომ არასაკმარის დროს უთმობდნენ ოჯახსა და მეგობრებს. ეს ის მომენტებია, როდესაც არ გაქვთ დედლაინები, არ გეშინიათ უფროსის შენიშვნების თუ რთული სამუშაოსი... უნდა შეძლოთ სამსახურეობრივი პრობლემების გარეთ დატოვება და საყვარელი ადამიანების გარემოცვაში განტვირთვა. ოჯახის დღეების ჩანიშვნა ისევე შეგიძლიათ, როგორც სხვა მნიშვნელოვანი გეგმების, რაც დადებითად აისახება თქვენს შორის არსებულ პირად ურთიერთობებზე. 

 

•დარჩეთ საკუთარ თავთან მარტო

ყოველდღიური რუტინის პირობებში საკმაოდ რთულია გამონახო დრო ხატვისა თუ მედიტაციისთვის, მაგრამ უფრო ხშირად ყველაფერი ეს აზრს კარგავს, როდესაც ისმის კითხვა: “რისთვის?“  ჩვენ ორიენტირებულები ვართ შედეგზე, როგორც ფორმაზე, თუმცა უგულებელვყოფთ პროცესს ანუ შინაარსს, არადა სხვადასხვა სფეროში ბალანსის მისაღწევად, უპირველეს  ყოვლისა, უნდა შეძლოთ საკუთარ თავთან გაუცხოების დაძლევა. შესაძლოა საყვარელი კომედიის ყურებამ თქვენს პროფესიულ უნარ–ჩვევებზე არ მოახდინოს ზეგავლენა, თუმცა შეგეცვლებათ განწყობა, რაც აუცილებელი წინაპირობაა მიზნის მისაღწევად. სპორტი, მასაჟი, სიმღერა, სეირნობა.. ეს თქვენი ცხოვრება, არჩევანი, დრო და სივრცეა. 

 

| გააზიარე
მოგწონთ?