„ეს გამოცდები ჩავაბარო და შემდეგი კურსიდან კარგად ვისწავლი“ - პირობიდან რეალობამდე


ხშირად გვსმენია სიტყვები ამ „წელს კარგად ვისწავლი“, „ამ სემესტრში მოვინდომებ“, „წელს სტიპენდიას ავიღებ“. როგორც წესი, უკან პირველივე დაბრკოლებაზე ვიხევთ  და იწყება ახალი სემესტრის ლოდინი, რომ ისევ წარმოვთქვათ ეს სიტყვები, თუმცა უშედეგოდ, სანამ განსაკუთრებულ ჯადოსნურ ძალას არ მივანიჭებთ ჩვენს ნათქვამს.

თუ გსურთ ამ საკითხს სხვანაირად მიუდგეთ, მხოლოდ სიტყვები საკმარისი არ არის, მთავარია პირველი ნაბიჯი გადადგათ, მერე მეორე და დაბრკოლებებს არ შეუშინდეთ, რადგან თქვენ ხართ ის, ვინც არ დაიხევს უკან მაშინ, როდესაც სხვები ნებდებიან.

ამ სტატიაში იქნება რჩევები, თუ რა ეტაპების გავლა მოგვიწევს ჩვენი სიტყვების ასასრულებლად.

 

1.დაგეგმეთ

დიახ, ჩვენ ნამდვილად გვინდა რაღაც, მაგრამ როცა არ გვაქვს გეგმა, რომელსაც უნდა მივყვეთ, ვერ მივხვდებით ჩვენი ოცნებიდან რამდენად შორს ვართ ან სად არის ჩვენი მიზანი საწყისი წერტილიდან.

პირველ რიგში, აუცილებელია ჩამოყალიბდეთ და გაიაზროთ რა გინდათ და რატომ. შემდეგ კი რა გჭირდებათ იმისთვის, რომ იქამდე მიაღწიოთ. სიტყვებს აუცილებლად უნდა ჰქონდეს კონკრეტული საფუძველი, ეს საფუძველი კი კარგად გააზრებული და წარმოდგენილი უნდა გქონდეთ. შესაძლოა თქვენი მიზანი იყოს უნივერსიტეტის წარმატებით დასრულება, სტიპენდიის აღება ან ნებისმიერი სხვა, მთავარია მყარი საფუძველი გქონდეთ.

 

2. გადადგით პირველი ნაბიჯი

არ გაატაროთ ერთი დღე ყველაფრის სწავლაში და მეორე დღე არაფრის კეთებაში. ჯობია გადაანაწილოთ, ვიდრე ერთდროულად მოინდომოთ და ამოწუროთ თქვენი სურვილის სამოქმედო ძალა ერთ დღეში. მას შემდეგ, რაც გადადგამთ რამდენიმე ნაბიჯს, არ დაყაროთ ფარ-ხმალი, იპოვეთ ახალი ძალა რომ გადახვიდეთ თქვენი მიზნის ახალ ეტაპზე.

 

3. არ შეუშინდეთ ჩავარდნებს

ყველაზე რთული პროცესია, როდესაც საწადელ მიზანს რაღაც ხელს უშლის, მაგალითად გამოცდაში იღებთ იმაზე დაბალ ქულას, ვიდრე ელოდით და ფიქრობთ, რომ ის, რაც ჩაიფიქრეთ აღარ გამოვა. არ დანებდეთ! მოიფიქრეთ ახალი გზა. ტექნოლოგიები ხელს გვიწყობს მოვაგროვოთ ინფორმაცია სწრაფად და მარტივად, თუნდაც ჩავიწეროთ საუბრები ხმოვან რეჟიმში ან მოვინიშნოთ სიტყვები.

ადამიანების უმეტესობა ჩაბეჭდილ ინფორმაციას გადმოსცემს თითქმის ყოველ ჯერზე იგივენაირად. დააკვირდით სიხშირეს, დაიმახსოვრეთ ფრაზები, ესაუბრეთ და წერეთ იმავე სიტყვებით, რა სიტყვებსაც იყენებს ახსნის დროს ადამიანი, რომელზეც დამოკიდებულია თქვენი წარმატება. მის ყურადღებას ეს ნამდვილად მიიქცევს და გაახარებს. ამრიგად, ეს განწყობას შეგმატებთ და ჩავარდნების გადალახვაში დაგეხმარებათ.  

 

4. წარმოიდგინეთ და გქონდეთ იმედი

სამყარო მიზიდულობის ძალით მოქმედებს, იფიქრეთ კარგზე და მიიღებთ კარგს. წარმოიდგინეთ რას მიაღწევთ, როცა თქვენს მიზანს გაამართლებთ, როგორ გაგიხარდებათ, როგორ გაახარებთ და მისცემთ სტიმულს ადამიანებს, რომლებიც უსმენდნენ თქვენს წარმოთქმულ სიტყვებს მაშინ, როდესაც იწყებდით სუფთა ფურცლიდან და არ სჯეროდათ თქვენი.

 

5. დატკბით

საოცარი მომენტია, როცა მიზნამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯი გვაშორებს, გამოვლილი გვაქვს ბევრი ჩავარდნა და წარმოდგენილი გვაქვს საწადელის მიღწევის სცენა, ეს ერთი ნაბიჯი ყველაზე მამოტივირებელია და ყველაზე დიდი სიხარული მოაქვს, თუ მიზნამდე ერთი ნაბიჯი დაგრჩათ უბრალოდ გადადგით წინ, რათა მიიღოთ ის შედეგი, რის გამოც ამდენი იშრომეთ.  

| გააზიარე
მოგწონთ?