დანიშნულების ადგილი - ვენეცია


იტალიის აღმოსავლეთი მხარის ტური ივლისის შუა რიცხვებში მიწევდა. როდესაც რეისი თბილისი-დუსელდორფია, პირველი შეხება იტალიასთან ბორდოლინოს ოლქიდან (შვეიცარიისა და იტალიის საზღვარზეა) იწყება.

ბორდო ღვინის წარმოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილია იტალია-შვეიცარიაში, უნიკალური წითელი ღვინის წარმოების ტერიტორია. თავად ბორდოლინოს დაგემოვნება ტბების მხარეში, გარდას ტბაზე არის შესაძლებელი, ერთი ბოკალის ფასი 6 ევროდან იწყება (გარდას ტბა აფხაზეთის რიწის ტბებს მოგაგონებთ, თუმცა ინფრასტრუქტურულად უნაკლოა, მაღაზიები,  როგორც  წესი  ძვირია). გარკვეულ ადგილებზე ცურვა ნებადართულია.

ტურისტული ჯგუფების მორიგი ჭყუმპალაობის შემდეგ ტბების ქალწულებრივად წმინდა წყლებში, მალევე გადაინაცვლებთ „ჯულიეტას“ ქალაქში, ცნობილ ვერონაში, ვიწრო, მოკირწყლულ ქუჩებში. ქალაქის მთავარი ჭიშკარი თავისი შუასაუკუნეების არქიტექტურით, თბილი ალიზისფერით მყისვე მშობლიური ხდება, როგორც კი მის ცენტრალურ სკვერში ან პიაცაზე წამოჭიმული ანტიკური სასახლის მარმარილოს კიბეებზე ჩამოჯდებით. სასიამოვნოდ გაიგრილებთ ორგანიზმს იტალიის მცხუნვარე და კაშკაშა მზის ქვეშ.

ვერონაში ყველა სახლი მაქსიმუმ ოთხსართულიანია, არაჩვეულებრივი შიდა ეზოებით, სიმყუდროვით და კოხტაპრუწობით გამოირჩევა. შედარებითი პერიფერიულობის მიუხედავად მილანთან, ვერონელები ჩაცმა-დახურვაში ტოლს არავის უდებენ (ალისფერი ნატისფეხსაცმლიანი მამაკაცები, მოხდენილი ვიწრო ლურჯი შარვლებით  და ბუნებრივი მასალის თეთრი პერანგებით, ეტრუსკული კულტურის ცოცხალი ნიმუშებია, ტანზეშემოტმასნილი ვისკოზის შავკაბიანი ქალბატონები ფართოფარფლებიანი შლაპებით, და ვინჩის და ბუონაროტის ნატურებს მოგაგონებენ).

 

უზარმაზარი რიგი ჯულიეტას სასახლესთან წელიწადის ნებისმიერ დროს, ჩვეულებრივი ამბავია, უჩვეულო ვერონის ვიწრო ქუჩების მიღმა, იტალიური ბაზრობაა ქალაქის შუაგულში, სადაც შინაური წესით დამზადებული გიგანტური ზომის ე.წ. პასტაც იყიდება, წითელი - ტომატის და მწვანე - ისპანახის. კოლიზეუმის ნარჩენების  და კათოლიკური ეკლესიის გალავნის ქვეშ მომნუსხველი გრძნობა იღვიძებს, წამით მაინც გეჩვენება, რომ ეს ყველაფერი შენიც ისევეა, როგორც ვერონელების; მარმარილოს უცვეთელი, ლაპლაპა ქვები, მშვენიერი საფეხურები, საშუალებას არ გაძლევენ უამინდობაშიც კი, დისკომფორტი იგრძნო. ყველაფერი სათუთად მოვლილი და ნაფერებია, შეგნებულად  გინდა დაიჯერო კაპულეტებისა და მონტეკების შუღლიც, სიყვარულის ძალაც. 

ბოლოს, ყველაზე საჭირო, კვლავ საპირფარეშო პიაცას მიწისქვეშეთში, ანტიკურ რომაულ სტილში შესრულებული, ლურჯი მოზაიკით, იმდენად მშვენიერია, რომ ადვილია გააცნობიერო, კულტურული შოკი მაღალი ჰიგიენური ნორმებიდანაც ხორციელდება (ფასი: 2 ევრო და ცენტები).

დამაგვირვინებელი ეტაპი: ვენეცია თითქოს მხოლოდ შენ გელოდება. ეს შორეული, მისტიური ქალაქი ახალ სიცოცხლეს გძენს მას შემდეგ, რაც ადრიატიკის ტალღების გადაკვეთით, მთავარი მოედნის, სან მარკოს მიდამოებში, მოგზაური პირველად ადგამს ფეხს ქვაფენილს ქალაქისას, რომლის მთავარი ღირსება შუასაუკუნეების არქიტექტურა ან არხები კი არაა მხოლოდ, ის იდუმალი სულია, რაც ნიღბების და მარიონეტების მიღმაა, მურანოს ოქროსსირმებიან, ფერადოვან მინაშია. ივლისის თვის მწვავე მზე, ვენეციის გამონაბოლქვისაგან აბსოლუტურად თავისუფალ ჰაერში, ზეაწეულობის განცდას გმატებს.

პირდაღებული ტურისტების რიგებს თუ გამოაკლდები და დროს მუზეუმებში სიარულზე არ დახარჯავ, ამ ქალაქის რეალური სახეც უფრო ადვილად გეხსნება. ზაფხულის თვეებში არხებსაც და ზღვასაც ზურმუხტის ფერი დაჰკრავს და ასონანსს ქმნის პიაცაზე გამოფენილი უნიკალური ოქროს კოლექციების თვლებთან, უნატიფეს მაქმანებთან, რომელსაც კვლავაც ხელით ქარგავენ იტალიელი ქალები თეთრ და რძისფერ ტილოზე, ნაქარგობები ძვირია, თუმცა მათი დათვალიერებაც ესთეტიკური ტკბობის ნაწილია, ვენეციური მარაოებისა და მზის ქოლგების ჯართან ერთად (ვენეციაში ბრენდული მაღაზიების გვერდით მათი აზიური პატენტების მარკეტებიცაა, ამიტომ ყურადღებით იყავით, არ მოტყუვდეთ. ასევე, მსუყე საკვების მოყვარულებს 50 ევრო არ ეყოფათ საკვებად, მსუბუქი სადილისთვის 25 ევრო საშუალო ფასია; არ არის რეკომენდებული პიცის დაგემოვნება ხალხმრავალ ვენეციაში).

პიაცა სან მარკოზე უკრავს ცოცხალი ორკესტრი, ყველგან სკამებია დაღლილი ტურისტებისათვის, კარგი მუსიკის მსმენელებისათვის. მშვენიერების აბსოლუტურ ტყვეობაში ექცევი (იტალიელი ოფიციანტები მოიკოჭლებენ სერვისში, განსხვავებით გერმანიისაგან, ჩაის აუცილებელი მომენტია, მაგრამ მშვენიერებით თავბრუდახვეულს ეს ნაკლი დიდად არ გადარდებს).

ბოლოს, აუცილებლად გელით ნეორომანტიკულ სტილში გადაწყვეტილი სასტუმრო სულის მოთქმის და შხაპის მისაღებად, შემდეგ კი დილის იტალიური სულითვე მონაბერი საუზმე, მრავალფერი ხილის დესერტით და ყავის სურნელით, ათასგვარი სასუსნავითა და თვითმომსახურებით.


ნატალია სვანიძე

| გააზიარე
მოგწონთ?