სიყვარული, როგორც მთავარი მოტივაცია - ფილმი „Once“


არსებობს ფილმები, რომლებიც საოცარ ცხოვრებისეულ გაკვეთილს გვაძლევენ და ხშირად ვრწმუნდებით, რომ ასე უნდა იყოს ცხოვრებაშიც. სწორედ ასეთია ორ მონათესავე სულზე გადაღებული ფილმი ,,Once’’. ისინი ერთმანეთს მოულოდნელად ხვდებიან დუბლინის ქუჩებში. აღსანიშნავია ისიც, რომ ფილმში მთავარი გმირების სახელები ნახსენები არაა.

ბიჭი - ქუჩის მუსიკოსია, რომელსაც არ ყოფნის გამბედაობა იმისათვის, რომ შეასრულოს საკუთარი სიმღერები და მხოლოდ იმ მუსიკას უკრავს, რომელიც ყველასთვის ცნობილია. დღისით მამის მაღაზიაში მუშაობს და თავს მტვერსასრუტების შეკეთებით ირჩენს, ღამით კი დუბლინის ქუჩებში მღერის სიმღერებს. მისი გიტარა ძველია და შეკეთება სჭირდება, თუმცა ეს ხელს არ უშლის აკეთოს საყვარელი საქმე, დაწეროს და დაუკრას  სიმღერები პროფესიულ დონეზე.

ჩეხი გოგონა კი, რომელიც ძალიან კარგად უკრავს პიანინოზე, ახალგაზრდა დედაა. ის ცდილობს ადგილის პოვნას მისთვის უცხო ქალაქში. მას პიანინოც კი არა აქვს სახლში, რომ  საკუთარ ნაწარმოებებზე იმუშაოს, თუმცა  ცხოვრება ყოველთვის გვაძლევს თუნდაც ერთ შანსს, რომ საყვარელი საქმე ვაკეთოთ და  მის ცხოვრებაშიც გამოჩნდება მუსიკალური ინსტრუმენტების მაღაზიის მეპატრონე, რომელიც სიკეთეს გამოიჩენს და გოგონებს უფლებას აძლევს იმეცადინოს მასთან მაღაზიაში. რეპეტიციის შემდეგ გოგონა ყიდის ყვავილებს ქალაქში, ალაგებს სახლებს, შემდეგ კი დედას  და ქალიშვილის უვლის.

ეს ფილმი კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ჩვენ არასოდეს არ უნდა დავივიწყოთ ჩვენი ოცნებები და მაშინაც კი უნდა ვიბრძოლოთ მათთვის, როდესაც  შანსი პრაქტიკულად არ არსებობს. ფილმის გმირებს, პირველ რიგში, უწევთ მატერიალურად გაიტანონ თავი, ყოველდღიურად უხდებათ ბრძოლა არსებობისთვის, თუმცა მიუხედავად ამისა, ცდილობენ თუნდაც დღეში რამდენიმე საათი დაუთმონ საყვარელ საქმეს. მიზნისკენ მიმავალ გზაზე მათთვის ყველა დაბრკოლება უმნიშვნელოა. ცხოვრებისეული პრობლემები, ყოველდღიური წვრილმანები და გაჭირვებაც კი, არ წარმოადგენს მათთვის წინაღობას. ისინი ყოველდიურად ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევენ წარმატებისკენ და ეს აქცევს მათ გაბედულ და ძლიერ ადამიანებად. 

ფილმში მნიშვნელოვანია იმ მომენტიც, რომ ცხოვრებაში აუცილებლად გვჭირდება ვინმე, ვინც ჩვენში შესაძლებლობებს დაინახავს. როდესაც ფილმის მთავარი გმირები ერთმანეთს შეხვდებიან, ორივე მათგანი მოახერხებს ერთმანეთის ნიჭის დანახვას და დახმარებას იმის განხორციელებაში, რაზეც ადრე ასე ოცნებობდნენ გულის სიღრმეში. ეს ორი ადამიანის სიყვარულის ისტორიაა, რომლებსაც სჯერათ ერთმანეთის შესაძლებლობების. გრძნობენ რომ მუსიკა, რომელსაც ისინი ქმნიან, განსაკუთრებულია. მთავარია ის, რომ მათ სჯერათ მუსიკის, ბედისწერის და საქმის, რომელსაც აკეთებენ. 


უყურეთ ამ ფილმს და გახსოვდეთ, ნებისმიერი დაბრკოლების შემთხვევაშიც, არ უნდა დავივიწყოთ საყვარელი საქმე. სიყვარული ყოველთვის დაგვეხმარება ვიპოვოთ ერთმანეთში განსაკუთრებული თვისებები და დავეხმაროთ ერთმანეთს საკუთარი შესაძლებლობების რწმენაში. ეს ყველაფერი კი საბოლოოდ, ჩვენი მიზნების მიღწევაში დაგვეხმარება.
 

| გააზიარე
მოგწონთ?