თუ შესაძლებლობა არ დააკაკუნებს, კარები ააგეთ


“ჩვენ არაფერ შუაში ვართ ჩვენი ცხოვრების წარმართვის საქმეში, ყველაფერი წინასწარ გაწერილი გეგმის მიხედვით, ჩვენგან დამოუკიდებლად ხდება” - დარწმუნებული ვარ, ამგვარი შინაარსის ფრაზებს უამრავჯერ მოისმენდით თქვენს გარშემო მყოფი ადამიანებისგან. გიფიქრიათ რა აძლევთ მათ ამის თქმის საშუალებას და რატომ ფიქრობენ, რომ ჩვენ არ გვიჭირავს ჩვენივე ცხოვრების მართვის სადავეები ხელში და რატომ ჰგონიათ, რომ ჩვენი გადასაწყვეტი არაა მომავალი, ის თუ ვინ გავხდებით, რა შედეგებს დავდებთ და რატომ მიაჩნიათ, ეს ყველაფერი ბედის და არაამქვეყნიურ გაწერილ საქმედ?

მე ამაზე ასეთი პასუხი მაქვს: საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც ამგვარ მოსაზრებას ავითარებს და ცდილობს საქმის კეთების სურვილი დაასამარონ ჩვენში, სურს, რომ მოტივაცია მოგვიკლან, ვფიქრობ, უბრალოდ წარუმატებელი ადამიანები არიან, რომლებმაც თავის დროზე, პირობითად, ერთხელ სცადეს რაიმე საქმის გაკეთება, არ გამოუვიდათ და ამ მაგალითზე უნდათ, მთელი ცხოვრების სურათი დახატონ, თუმცა ეს ფუნდამენტურად არასწორი მიდგომაა, ამიტომ, სასარგებლოა ვაცნობიერებდეთ, რომ შესაძლებლობების უკან უამრავი შეცდომა და მარცხი იმალება. სწორედ ეს გვზრდის და გვავითარებს.

ცხოვრებაში, ბუნებრივია, ვიგემებთ მწარე მარცხსაც და წინსვლის სიტკბოებასაც. როგორც ბილი გრემი იტყოდა: "თითოეული ცხოვრება შედგება შეცდომებისა და სწავლისგან”. დიახ, ეს ნამდვილად ასეა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ შეცდომები არათუ ჩვენი დემოტივატორი და ხელის ჩაქნევის მიზეზი უნდა გახდეს, არამედ ხელახლა მოქმედების მძლავრ ინსტრუმენტად და მამოძრავებელ ძალად უნდა ვაქციოთ. შესაძლებლობებზე ვსაუბრობ და არ შეიძლება არ გავიხსენო ამერიკელი გამომგონებელი თომას ედისონი, რომელმაც თქვა: ”ადამიანების უმეტესობა ხელიდან უშვებს შესაძლებლობას, რადგან ის სპეცტანსაცმელშია გამოწყობილი და სამუშაოს ჰგავს.” მე კი გეტყვით, რომ ნუ დაგაფრთხობთ მისი გარეგნობა, ის თქვენთან მოვიდა, რადგან დაგეხმაროთ წინ წაწევასა და მწვერვალების დაპყრობაში. მხოლოდ დანახვა და სწორად გამოყენება სჭირდება. ჩვენ არათუ უნდა ვხედავდეთ ცხოვრებისგან მონიჭებულ შესაძლებლობებს, არამედ უნდა დავიწყოთ მუშაობა, რომ ჩვენითვე შევქმნათ ისინი. ამასთან, ყოველთვის გახსოვდეთ, რომ თუ ამის გაკეთება შეძლო სხვა ადამიანმა, ესე იგი, შეგიძლიათ თქვენც!

ჩემი მოკრძალებული რჩევა იქნება, რომ არ უგდოთ ყური დემოტივატორებს, არ მოექცეთ წარუმატებელი ადამიანების გავლენის ქვეშ, არ მისცეთ საშუალება არაკომპეტენტურ და საკითხში გაუცნობიერებელ ადამიანებს გონება აგირიონ, არამედ პირიქით, იყავით ღია შესაძლებლობებისთვის, იყავით გახსნილი იმ სიკეთეებისათვის, რომლებსაც გვთავაზობს ცხოვრება. და რაც ყველაზე მთავარია, ვისწავლოთ ამ შანსების, ამ უნიკალური შესაძლებლობების დანახვა, ისინი ხომ სულ ასე ახლოსაა ჩვენთან, მაგრამ როგორც ზევით აღვნიშნე, დანახვა სჭირდება. ერთი წამით დამელოდეთ, კარზე კაკუნია… “ფორტუნა ოდესღაც ყველა ადამიანს დაუკაკუნებს კარზე, მაგრამ ამ მომენტში ადამიანი ლუდის ბარში ზის და არ ესმის არაფრის ხმა”.

| გააზიარე
მოგწონთ?