პოზიტიური აზროვნების ბუმერანგის ძალა


პოზიტიური აზროვნება  არის ადამიანის მიერ სამყაროს აღქმისადმი დადებითი მიდგომა, რომელიც ვლინდება ფაქტის, მოვლენის, საკუთარი თავის, მთლიანად ცხოვრების  მიმართ პირად მოსაზრებასა  და დამოკიდებულებაში. ამგვარი აზროვნება გამოიხატება სიხარულის, ბედნიერების, ჯანმრთელობის, შექმნილი სიტუაციისა თუ მიღებული გადაწყვეტილების წარმატებულად დასრულების მოლოდინში.

,,ადამიანი საკუთარი აზრების შედეგია. რასაც ფიქრობს, ის აუხდება.” - ამბობდა მე-20 საუკუნის უდიდესი მოაზროვნე მაჰათმა განდი. იგი უაღრესად მოწესრიგებული და თავდაჯერებული ადამიანი იყო. ერთადერთი  გზა  მისი  წარმატებისა  იყო  ქვეცნობიერი და პოზიტიური აზროვნება.

შემთხვევითი არ არის, რომ თითქმის უმრავლეს შემთხვევაში ჩვენი განწყობა და დამოკიდებულება განსაზღვრავს წარმატებული იქნება თუ არა ჩვენი საქმიანობა, იქნება ეს ყოველდღიური რუტინა თუ ზოგადი ქმედებები. ასევე ჩვენი დამოკიდებულების და განწყობების დამსახურებაა რამდენად კარგად ჩაივლის დღე, როგორი ურთიერთობები გვექნება გარშემომყოფებთან ან თუნდაც უცხო ადამიანებთან. რამდენად მარტივად გავუმკლავდებით წინააღმდეგობებს, პრობლემებს. რამდენად შევძლებთ აღქმას და შეხვედრას ამა თუ იმ დადებით მოვლენასთან და მისით განცდილი სიამოვნებით ტკბობას.

საქმე იმაშია, რომ ადამიანის ტვინი ჰიპერ შესაძლებლობების კომპიუტერია და მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული როგორ დავაპროგრამებთ მას.

მართლაც რომ ნებისმიერი ადამიანი საკუთარი  აზრების შედეგია, ამიტომ პოზიტიური ფიქრები და მოლოდინები ყოველთვის  აუცილებელია წარმატების მისაღწევად. ნაბიჯ-ნაბიჯ ქმედებები და თვითგანვითარება  კი ყოველდღიურად გვაახლოებს მიზანთან. ამის გაცნობიერება კი ხელს უწყობს ადამიანს სიმშვიდის შენარჩუნებაში. გახსოვდეთ! ყველა გასაღები თქვენს გონებაშია და ბედისწერასაც მხოლოდ თქვენი ფიქრები წერენ. პოზიტიური აზროვნება ნიშნავს  როგორ „შევიგრძნოთ ცხოვრება და არა როგორ ვებრძოლოთ სტრესით სავსე მსოფლიოს“.

მეცნიერები დღეს უკვე აღარ დაობენ იმაზე, რომ სტრესი და უარყოფითი ემოციები ცუდ გავლენას ახდენს სხეულზე, იწვევს სხვადასხვა დაავადებას, ფიზიკურ თუ სულიერ ტრამვებს. პოზიტიური ემოციები კი ეხმარება ადამიანს  გონებრივ და ფიზიკურ რელაქსაციაში და ფსიქოლოგიური ბალანსის შენარჩუნებაში. დადებით განწყობას შეუძლია დროთა განმავლობაში  ხელი შეუწყოს შემოქმედებითი მხარის განვითარებასა და გამრავალფეროვნებას, რაც ეხმარება ადამიანს თვითრეალიზებაში, თავისი შინაგანი ენერგიის გამოთავისუფლებაში. ასეთი ადამიანი ნაკლებად მიდრეკილია სტრესისაკენ და რაც უფრო მეტი თვითრეალიზებული ადამიანი იქნება, გაიზრდება ბედნიერი და ღიმილიანი სახეების რაოდენობა. ბედნიერი ადამიანი შემოქმედია, პროდუქტიული, დადებითი ენერგეტიკის მატარებელი. ასეთი ადამიანები კი ქმნიან ჯანსაღ საზოგადოებას.

ადეგით დილით, სარკეში გაუღიმეთ საკუთარ თავს, უთხარით მას კონკრეტული კომპლიმენტები (მაგალითად, როგორც გინდათ, რომ გამოიყურებოდეთ, რაც გინდათ, რომ გქონდეთ). გაუგზავნეთ სამყაროს პოზიტიური გზავნილები.

გაზარდეთ აზროვნების მასშტაბები, ნუ შეზღუდავთ ოცნებას, იფიქრეთ რეალურად, თუნდაც ამ ეტაპზე მიუწვდომელი ჩანდეს თქვენთვის სასურველი, განიცადეთ ოცნების ახდენით გამოწვეული სიხარული, გამოხატეთ ემოცია, მოახდინეთ თქვენი ფიქრების ვიზუალიზაცია, დახატეთ სურათი წარმოსახვაში, წარმოიდგინეთ საკუთარი თავი იქ, სადაც ძალიან გინდათ ყოფნა, დაინახეთ ის, რაც ძლიერ გსურთ.

და ბოლოს, არ დაგავიწყდეთ სამყაროში მოქმედი ბუმერანგის პრინციპი. გაუგზავნეთ ყოველდღე თქვენი დადებითი ემოციები, ღიმილი, ფერადი ოცნებები, მადლიერება სამყაროს და უკან მიიღებთ მიღწეულ მიზნებს, ახდენილ ოცნებებს, ბევრ სიხარულს და ბედნიერებას.

| გააზიარე
მოგწონთ?