რონალდ რეიგანი - გზა ჰოლივუდიდან ამერიკის პრეზიდენტობამდე


ერთ საღამოს, რომელიც არაფრით გამორჩეული იყო სხვა საღამოებისგან, ამერიკის მე-40 პრეზიდენტი ჩვეულებრივ რუტინულ შეხვედრას მართავდა თავისი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. უეცრად ყოველდღიურობა ერთმა ტყვიამ შეცვალა, რომელმაც გულთან ახლოს ჩაუარა და ფილტვებში გაიყინა. დიახ, იმ წამებში ამერიკელებისთვის გულის ცემა და სუნთქვის სიჩქარე ქვემოთ დაეცა. რონალდ რეიგანი კი მიუხედავად იმისა, რომ სისხლად იცლებოდა დაცვის დახმარების გარეშე, საკუთარი ფეხით მიუყვებოდა საავადმყოფოს მისაღებამდე გასავლელ გზას. მას არ შეეძლო, თავის ხალხს ერთი წამით მაინც ეგრძნო მისი სისუსტე. ის ხომ ამერიკილებისთვის “სიძლიერის ხატი" გახლდათ. 

ალბათ ბევრისთვის დაუჯერებლად ჟღერდა მაშინაც კი, თუ როგორ შეეძლო სამსახიობო კარიერის მქონე კაცს პრეზიდენტობა. მაგრამ ამ კაცის ავტოპორტრეტი საუკეთესო მაგალითია იმისა, რომ ადამიანი მთელი ცხოვრების მანძილზე არ წყვეტს თვითგამორკვევას. იგი არც ერთი წამით ჩერდება და მუდამ ცდილობს საკუთარი თავის აღმოჩენას.

მის დაბადებას კურიოზნარევი შემთხვევა ახლდა თან: ბედნიერ მამას შვილის პირველად დანახვისას უთქვამს: „პატარა, მსუქან ჰოლანდიელს ჰგავს, მაგრამ ვინ იცის, იქნებ ოდესმე პრეზიდენტი გახდეს“. მაშინ არავინ იცოდა, რომ წლების შემდეგ ეს სიტყვები გამართლდებოდა.

მშობლებისგან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რამ ისწავლა. მამისგან შრომის ფასი და პატივმოყვარეობა. დედისგან კი ლოცვა და ოცნება.
 
20-იან წლებში სკოლადამთავრებულების 7% აგრძელებდა კოლეჯში სწავლას. რეიგანიც მათ შორის აღმოჩნდა. ადამიანს, რომელსაც მხოლოდ სურვილის სიძლიერე ამოძრავებდა და გააზრებული ჰქონდა, რომ მისი სწავლის დამფინანსებელი მხოლოდ თავად იყო. ოცნებებისაკენ მიმავალ გზაზე არც გოგონების საერთო საცხოვრებელში ჭურჭლის მრეცხაობაზე უთქვამს უარი.
 
1932 წელს კოლეჯი დაამთავრა და საკუთარ თავს ერთი მნიშვნელოვანი შეკითხვა დაუსვა: ,,ახლა რა უნდა ვქნა“? სწორედ აქედან იღებს მისი სამსახიობო კარიერა სათავეს. ასევე ამ პერიოდში იწყებს რადიოში მუშაობას, რომელიც მისი საყვარელი საქმიანობა იყო და ძალიან ბევრი რამ ასწავლა.
 
სამსახიობო კარიერიდან კალიფორნიის გუბერნატორი გახდა. მას ორჯერ ჰქონდა წარუმატებელი მცდელობა საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელთა ნომინაციის მოპოვების. მაგრამ მესამე ცდაზე გაუმართლა და 69 წლის ასაკში აშშ-ს პრეზიდენტი გახდა.

 

რონალდ რეიგანის ცნობილი გამონათქვამები:

●,,არ არსებობს ზრდის და განვითარების ბარიერები, რადგან ადამიანის ინტელექტი, წარმოსახვა და ოცნება უსაზღვროა."

●,,ჩემი ცხოვრების ფილოსოფია ასეთია: თუ ჩვენ გავიაზრებთ გონებაში, რა გვინდა ამ ცხოვრებისგან, შემდეგ ვიმუშავებთ დაუღალავად ამ მიზნის მისაღწევად, ამ შემთხვევაში ჩვენ არ დავმარცხდებით და როგორმე გავიმარჯვებთ."

●,,ამბობენ, რომ სამყარო ძალიან გართულდა იმისათვის, რომ მივიღოთ მარტივი პასუხები. ისინი ცდებიან."

 

რონალდ რეიგანის პიროვნების განხილვა მხოლოდ  ძლიერი და წარმატებული პრეზიდენტის ჭრილში ალბათ ძალიან დიდი შეცდომა იქნებოდა, რადგან ამ ადამიანის ყოველი ნაბიჯი აგებული იყო შემდეგ დოქტრინაზე - „დღეს უკეთესი ცხოვრება გაქვთ, ვიდრე 4 წლის წინ გქონდათ?“. მას მარტივად და მტკიცედ სწამდა, რომ ყველა პრობლემას თავისი ლოგიკური აზრი ჰქონდა - „მაშინ ის პრობლემა რომ არ მქონოდა, ახლა ასე ხომ არ გამიმართლებდა“.

მაშასადამე, ამ ადამიანის ისტორია გაძლევთ საშუალებას, დაისახოთ დიდი მიზნები და მიჰყვეთ მათ!

| გააზიარე
მოგწონთ?