როგორ დავიწყოთ ახალი ცხოვრება 40 წლის ასაკში


„40 წელი დაგვიანებულია ცვლილებებისთვის“, „ეს სიბერის ახალგაზრდობა და ახალგაზრდობის სიბერეა“... სწორედ ასეთი ფიქრების გამო ადამიანები ხელიდან უშვებენ დიდ შესაძლებლობებს, რაც უდიდეს შეცდომას წარმოადგენს, რადგან 40 წლის ასაკში შეიძლება ყველაფრის თავიდან დაწყება, გააზრებულად და ხარისხიანად. 

კრიზისი თუ შესაძლებლობა?

40 წელი რთულ და კრიზისულ ასაკად ითვლება, თითქოს ახლო მომავალში პენსიის მიღების გარდა არაფერია სასიხარულო. მართლაც, რამდენიმე საუკუნის წინ ამ ასაკს მიღწეული ადამიანი ხანში შესულად ითვლებოდა, თუმცა დღეს არავის გაუჩნდება იგივე განცდა, რადგან 40-ს გადაცილებულებს შორის უამრავია ისეთი, ვინც წარმატებული და  ბედნიერია, ასაკს კი მხოლოდ საბუთებში მითითებულ ციფრებად აღიქვამენ. ნიშანდობლივია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ასაკობრივ კლასიფიკაციაში კორექტივები შეიტანა და ახლა, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, 18-დან 44 წლამდე ადამიანები ახალგაზრდებად ითვლებიან, საშუალო ასაკის ზღვარი კი 59 წლამდეა გაზრდილი. ეს სწორედ ის დროა, როდესაც დღემდე მიღებული ცოდნითა და გამოცდილებით მზად ხართ გადადგათ თამამი ნაბიჯები, მისცეთ შანსი მივიწყებულ ოცნებებს, განაახლოთ ურთიერთობები, წახვიდეთ მოსაწყენი სამსახურიდან - ამ ყველაფრის უფლება თქვენ მოიპოვეთ სწორედ იმის ძალით, რომ 40 წლის ხართ. და მაინც, როგორ უნდა დაიწყოთ ახალი ცხოვრება?

 

შეაფასეთ საკუთარი სუსტი და ძლიერი მხარეები

რა გაღელვებთ? რისი გეშინიათ? რა გიშლით ხელს იყოთ ბედნიერები?

დაეუფლეთ შრომის ბაზარზე მოთხოვნად სპეციალობას, გამოიმუშავეთ საჭირო უნარ–ჩვევები, იკითხეთ, დაესწარით ტრენინგებს, რათა არ ჩამორჩეთ დროს და შეძლოთ თვითგანვითარება.

 

ნუ იქნებით სხვის აზრზე დამოკიდებულები

ეს თქვენი ცხოვრებაა და თავად წყვეტთ, თუ როგორ მოიქცეთ. იმოქმედეთ პასუხისმგებლობით და გააზრებულად.

 

                           მსგავსი სიახლე: 40 წლის ასაკში გაჩენილი მილიონიანი იდეები

 

განსაზღვრეთ თქვენი მოლოდინები 

არ გამორიცხოთ თამამი ვარიანტები და რთული ამოცანები, არ შეუშინდეთ დაბრკოლებებს. საჭიროა დიდი მონდომება, რისკებისა და შესაძლებლობების შეფასება, მოთმინება და რესურსების დაბანდება, რათა გუშინდელი ოცნება რეალობად აქციოთ. 

 

მიიღეთ საკუთარი თავი 

დროა შეიყვაროთ საკუთარი თავი, აპატიოთ შეცდომები და გააკეთოთ დასკვნები.  ჯანსაღი ცხოვრების წესი ჩვევად აქციეთ, ასევე მიაქციეთ ყურადღება გარეგნობას. 

 

ცნობილი მაგალითები:

•ჰენრი ფორდმა სწორედ 40 წლის ასაკში დააარსა ცნობილი Ford Motor Company.

•რეი კროკი, McDonald’s-ის დამფუძნებელი 52 წლამდე ქაღალდის ჭიქებს ყიდდა.

•მსახიობი ჟან რენო 46 წლის ასაკში გახდა ცნობილი.

•კრისტიან დიორმა თავისი მოდის სახლი 42 წლის ასაკში გახსნა.

•სწორედ 40 წლის ასაკს მიაღწია მწერალმა პაულო კოელიომ, როდესაც მისი წიგნები მრავალმილიონიანი ტირაჟით გამოიცა.  

 

თქვენ გრძელი და საინტერესო გზა განვლეთ დღევანდელობამდე, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია და იცით რატომ? ალბათ გსმენიათ გამონათქვამი: ,,ნეტავ ახალგაზრდობას სცოდნოდა, ნეტავ სიბერეს შეძლებოდა“. სწორედ ახლა თქვენ იმ ასაკში ხართ, როდესაც იცით და შეგიძლიათ! დაიწყეთ!

 


lifehacker.ru

| გააზიარე
მოგწონთ?